ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ადამიანების ცხოვრებისთვის, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ დადებითთან ერთად, ის უარყოფით გავლენასაც ახდენს და განსაკუთრებით მათზე, ვისაც არ შეუძლია საკუთარი თავის კონტროლი და დამოკიდებული ხდება ციფრულ მოწყობილობებზე.

სმარტფონის გამუდმებით შემოწმება, გამუდმებით ტელეფონისკენ მიმართული ყურადღება 21-ე საუკუნის ადამიანთა დიდი ნწაილის სენია. უმეტეს შეთხვევაში, აბსოლუტურად გაუაზრებლად, თვალები ტელეფონისკენ გვაქვს მიმართული და სოციალურ ქსელებს ვამოწმებთ.

პროფესორი, ფსიქოლოგი შერი თარკლი, წლებია მუშაობს თემაზე - ციფრული სამყაროს გავლენა ადამიანის გონებაზე და მის ცხოვრებაზე. ის განმარტავს, თუ რა ხდება მაშინ, როცა გამუდმებით სმარტფონს ვამოწმებთ, გამუდმებით „ფეისბუქს“ „ვსქროლავთ“ და მზერა მუდამ ტელეფონისკენ გვაქვს მიმართული.

„როდესაც გამუდმებით ტელეფონისკენ გვაქვს ყურადღება და მუდამ ვამოწმებთ მას, რამდენიმე რამ ნამდვილად იცვლება ჩვენს გონებაში, რაც თავის მხრივ ჩვენი ჩვევებისა და სამყაროსადმი დამოკიდებულებას, სამყაროს აღქმის უნარს გვიცვლის.

ჩვენ ვხდებით არატოლერანტულები, ვიჩენთ ნაკლებ შემწყნარებლობას და ნაკლებ ინტერესს იმ მოვლენებისადმი, რომლებიც არა ვირტუალურ, არამედ რეალურ სივრცეში ხდება. ჩვენს ტვინს გამუდმებით სჭირდება სტიმულაცია. გამუდმებით ტელეფონის შემოწმებით, კი გონებრივი შესაძლებლობები ქვეითდება“, - განმარტავს ფსიქოლოგი.

მისივე თქმით, მუდამ რაღაცის მოლოდინში ვართ და არც ვიცით რის მოლოდინში, ეს აბსოლუტურად გაუცნობიერებლად ხდება. ყოველივე კი, შფოთვას იწვევს.

„შესაძლოა, ზოგჯერ გაქვთ განცდა, რომ ძალიან აღგზნებული ხართ, შფოთავთ, ნერვიულობთ. ეს არ არის სასარგებლო ჩვევა ჩვენი ცხოვრებისთვის. პირიქით, იმისთვის, რომ ბედნიერად ვიცხოვროთ აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება, მაგრამ თუ მუდამ ტელეფონისკენ გაქვთ ყურადღება მიმართული, ამას ვერ შეძლებთ.

იმისთვის, რომ მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, აუცილებელია ვიყოთ მშვიდები. ტელეფონის გამუდმებით შემოწმება კი, გვირღვევს სიმშვიდეს, გვმატებს შფოთვას და შედეგად, ვეღარ ვართ გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით პროდუქტიულები და შესაძლოა, ამ კუთხით სრულიად უუნარონიც კი გავხდეთ“, - ამბობს შერი თარკლი.

ფსიქოლოგის განმარტებით, ვხდებით უფრო დეპრესიულები და გვიქვეითდება რეაქციების გამოხატვის უნარი. გარესამყაროში მიმდინარე პროცესებისადმი ვკარგავთ რეაქციებს, უბრალოდ არ გვესმის და ვერ ვხედავთ ვერაფერს ჩვენ გარშემო.

ამ ქმედების გამო ვკარგავთ კომუნიკაციის წარმართვის ჩვეულ უნარს, აღარ ვართ კონტაქტურები, თითქოს სხვა სამყაროში ვცხოვრობთ. გვესაუბრებიან, მაგრამ არ გვესმის მათი, რადგანაც ჩვენი ყურადღება მთლიანად ტელეფონისკენაა მიმართული.

„ყოველივე ხელს გვიშლის ურთიერთობებში. ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც სასიყვარულო ურთიერთობაზე, ასევე სხვა ადამიანებთან ურთიერთობებზეც“, - ამბობს ფსიქოლოგი.