ქალი ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოს გავლენიანი. წარმატებული და ბედნიერი. არ შეგაშინოთ ასაკმა და ნუ იფიქრებთ, რომ გამოუსადეგარი ხართ. თანამედროვე მსოფლიოში ცხოვრობენ ხანში შესული ქალები, რომელთა ძალაც და გავლენაც საზოგადოებაზე უდიდესია. ისინი ამტკიცებენ, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოთ აქტიურები და წარმატებულები.

მაგალითად, 78 წლის ნენსი პელოსი პრეზიდენტ ტრამპის დიდი მოწინააღმდეგეა და ის აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 80 წლის მაქსინ ვეითერსი კი, პირველი ქალია, რომელიც ფინანსური მომსახურების კომიტეტს ხელმძღვანელობს, 71 წლის გლენ გლოსმა 6 იანვარს ოქროს გლობუსი მიიღო საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში. ეს ქალები სხვებისთვის შთამაგონებელი ადამიანები არიან და ამტკიცებენ, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება წარმატებას მიაღწიოთ და როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფებს, საზოგადოებას სარგებელი მოუტანოთ.

„მე (ასაკოვანი) ქალი ვარ, გესმოდეს ჩემი ხმა“ - ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატია the Times-ში, მისი ავტორი ფსიქოლოგი, მერი პიფერია. ფსიქოლოგი საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ისიამოვნოს ცხოვრებით 70 წელს გადაცილებულმა ქალმა და როგორ მოიქცეს იმისთვის, რომ ამ ასაკში წარმატებული იყოს.

„ასაკოვანი ქალების მიმართ ჩვენს საზოგადოებას საშინელი დამოკიდებულება აქვს და როგორც წესი, ასაკის გამო, მათი დიდი ნაწილის ცხოვრება გაუფერულებულია, ისინი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნაკლებად არიან ჩართულები და თითქოს ხელოვნურად ვუქმნით ბარიერებს, ჩვენი დამოკიდებულებით ვუზღუდავთ ასპარეზს“, - წერს ფსიქოლოგი.

პიფერი აღნიშნავს, რომ 70 წელს გადაცილებული ქალი შეიძლება შთაგონების წყარო გახდეს სხვებისთვის. მას აქვს გამოცდილება, ცოდნა, სიბრძნე, ამიტომაც შეუძლია ჰქონდეს სწორი და სასარგებლო ხედვები.

„სოციუმი კი ყველაფერს საპირისპიროდ უყურებს. ასაკში შესული ქალი გამოუსადეგარ ადამიანად მიიჩნევა. მას უსარგებლოდ თვლიან და ზოგიერთ საზოგადოებაში აზრსაც არ ეკითხებიან, არადა მათგან უამრავი სარგებლის მიღება შეიძლება. ასევე, მიიჩნევა, რომ რაც უფრო ასაკშია ქალი, მით უფრო უბედურია ის, თუმცა ეს მხოლოდ სტერეოტიპული შეხედულებაა და რეალობა სხვაგვარია. სინამდვილეში, ასაკოვანი ქალები ძალიან ბედნიერები არიან“, - წერს სტატიაში ფსიქოლოგი.

აღნიშნულის დასადასტურებლად კი, სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა მოჰყავს, რომლის თანახმადაც, რაც უფრო ემატება ასაკი ქალს, მით უფრო ბედნიერი ხდება ის და ყველაზე ბედნიერი კი 65-79 წლის ასაკშია. მთავარია, იყოთ უფრო თამამები, არ დაუწესოთ საკუთარ თავს ხელოვნურად ბარიერები, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ასაკში იყოთ წარმატებულები, გავლენიანები და ბედნიერები. ასაკი მხოლოდ ციფრებია. ეცადეთ, თავი დააღწიოთ სტერეოტიპებს.