ლელა წურწუმიას გამოჩენა ქართულ სცენაზე 90-იანების შოუ-ბიზნესში ახალი სიტყვა იყო. ახალგაზრდა მუსიკოსმა მსმენელის ყურადღება სინთეზური ხელოვნებისადმი სიყვარულით გამოჩენისთანავე მიიპყრო — გამორჩეული და ყველასგან განსხვავებული ბოხი ხმის, უნიკალური იმიჯის და დინამიკური მუსიკალური კლიპების ნაზავმა მაშინდელ რეალობას სრულიად ახალი სასცენო სტანდარტი შესთავაზა.

ფოტო: ლელა წურწუმიას პირადი არქივი

როგორც აღნიშნავს, მუშაობისას არასოდეს განაცალკევებდა ვოკალს, იმიჯს და სცენის დეკორაციას, მისი კოსტიუმები კი მოდის ტენდენციების მიხედვით არ იქმნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ დიზაინერებსაც ირგებდა და მათი ლეიბლების ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნავდა, ლელას სტილი უმეტესად საავტორო კოსტიუმებისგან იყო შემდგარი, რაც შოუ-ბიზნესში საკმაოდ იშვიათია. ლელას სურდა, საკუთარ შემოქმედებაზე „სრული კონტროლი“ ჰქონოდა: თავად ხატავდა სასცენო კოსტიუმებს, თავად იკეთებდა სასცენო მაკიაჟს, მონაწილეობდა მუსიკალური კლიპების მხატვრული კადრების შექმნაში და ამასთან ერთად, სცენაზე მუშაობის ყველა ეტაპზე იმდროინდელი მოდის ტენდენციების საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობდა.

მოღვაწეობის 30 წლის მანძილზე მაყურებელს ყოველთვის ახალ, აქტუალურ ჟღერადობას და იმიჯს სთავაზობდა: დისკო, აღმოსავლური ეთნო მოტივების და პოპის ნაზავი ნელ-ნელა სოულმა ჩაანაცვლა, რასაც შემდეგ ცოცხალი ბენდი და ჯაზის სტილში შესრულებული კომპოზიციები მოჰყვა. მუსიკალურ სტილთან ერთად, იცვლებოდა კოსტიუმებიც.

კადრი კლიპიდან „წამიყვანე სიყვარულთან“

წელს, 50 წლის იუბილე ლელამ სასიამოვნო სიახლეებით აღნიშნა: მსმენელს ახალი კომპოზიცია და არტ-ჰაუსის სტილში გადაღებული მუსიკალური კლიპი — „წამიყვანე სიყვარულთან“ შესთავაზა, 4 ოქტომბერს კი სპორტის სასახლეში კიდევ ერთი, სრულიად განსხვავებული ფორმატის სოლო-კონცერტი გამართა დიჯეების და ცოცხალი ბენდის გაფორმებით, რომელიც განახლებულ ჰიტებს, სპეციალურ სტუმრებს და თეა დარჩიას სტუდიის მოცეკვავეების დადგმებს აერთიანებდა.

ლელა წურწუმიას სოლო-კონცერტი სპორტის სასახლეში. 2019 წლის 4 ოქტომბერი.

თვალი გადავავლოთ ლელას საკულტო კოსტიუმებს

პერანგი-კაბა

მუსიკალური კლიპი „სიზმარი“

90-იანების ჰიტი „სიზმარი“ მხატვრულად ძალიან საინტერესო მუსიკალური კლიპითაც გამოირჩევა, ლელას კოსტიუმმა — წითელმა პერანგმა-კაბამ კი განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა გამოიწვია. 2015 წლიდან „პერანგი-კაბები“ Vogue-ის ფოკუსში მოექცა, როგორც წამყვანი მოდის სახლების ერთ-ერთი გამორჩეული ტენდენცია.

სიენა მილერი, ალექსა ჩუნგი, კარლი კლოსი. ფოტო: Danny Martindale / GC Images; Getty Images; KCS Presse / Splash News

პიჯაკი შიშველ ტანზე

ლელას სოლო-კონცერტი 2000. კრისტინ სტიუარტი კრისტინ სტიუარტი Thome Browne-ის პიჯაკით 2019. ლედი გაგა Marc Jacobs-ის პიჯაკით 2019 წლის საგაზაფხულო კოლექციიდან.

ლელას პირველი სოლო-კონცერტი ფილარმონიაში 2000 წლის სექტემბერში შედგა და მსმენელზე როგორც მუსიკალური, ასევე ვიზუალური კუთხით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მაშინ ლელა იმ დროისათვის საკმაოდ თამამი კოსტიუმით — შიშველ ტანზე მორგებული პიჯაკით ვიხილეთ. ეს ტენდენცია დღემდე ძალიან აქტუალურია მოდის ინდუსტრიაში.

ლელას სხვადასხვა დროის საკულტო კოსტიუმებს შორის 30-იანების ამერიკული რეტრო და ჰიპ-ჰოპის სტილის სამოსიცაა.

ლელა წურწუმიას პირადი არქივიდან


TREND: რა არის საჭირო იმისათვის, რომ ხელოვანი ყოველთვის აქტუალური იყოს და გარკვეულწილად დროსაც უსწრებდეს?
ლელა წურწუმია: ძალიან დიდი ინტუიცია. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ადამიანს სჭირდება გემოვნება, ის ან გაქვს, ან — არა. ასევე, საჭიროა ძალიან დიდი მუშაობა. ჩემთვის აქსიომასავითაა: ადამიანი, რომელიც ბევრს შრომობს, აუცილებლად დაფასდება. არის კიდევ ერთი ფაქტორი: სიახლის მიმღებლობა, თანაც ისე, რომ არ იყოს გამაღიზიანებელი ან ზოგჯერ სასაცილოც. უნდა აჰყვე მოდის ფეხის ხმას, მაგრამ შეინარჩუნო ზომიერება. ალბათ, ამ შემთხვევაში წარმატებაც არ აყოვნებს. როდესაც ბევრ ფაქტორს ითვალისწინებ და შენს საქმეს ძალიან დაკვირვებით აკეთებ, შედეგი საბოლოო ჯამში ყველასთვის საინტერესოა: საზოგადოებისთვის, შენი მაყურებლისთვის, მისთვის, ვინც მოგყვება, ვისაც შენი შემოქმედება აინტერესებს, ან არ აინტერესებს, მაგრამ მაინც აინტერესებს :)

ძალიან მეხმარება წინაპრებისგან გადმოცემული ხატვის ნიჭი — ფერის, სტილის და პროპორციის აღქმა. ამავე დროს, მუდმივად ვიღებ ინფორმაციას — მაინტერესებს გარე ფაქტორები და ამავდროულად ვითვალისწინებ, რა მდგომარეობაშია მოცემულ მომენტში ჩემი სხეული, რომ ყველა დეტალი — კაბის თუ შარვლის სიგრძე და ა.შ. გონივრულად მოვირგო. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არიან მუსიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ, სცენაზე უბრალო ჯვალოს კოსტიუმი ჩამოიცვან და ძალიან მიმზიდველები იყვნენ…

ალბათ როდესაც ხელოვანს მუსიკალურ მონაცემებთან ერთად გამორჩეული გარეგნობაც აქვს, საზოგადოება მისგან მეტად ელის ვიზუალურ სიახლეებსაც… როგორ ხდება თქვენი ჩაცმის სტილის, მაკიაჟის თუ ვარცხნილობის შერჩევა?
არასოდეს მაინტერესებდა, „რა იყო მოდაში“. უფრო მეტად, ვითვალისწინებდი იმ ტენდენციას, რაც მომწონდა და მოდაც ემთხვეოდა ჩემს ესთეტიკას. მნიშვნელოვანია, გეცვას პირველ რიგში ის, რაც გიხდება. გარდა ამისა, სცენა კიდევ ცალკე ჩაცმის კულტურაა, რომელიც ბევრი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს: ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა იყოს ლოკაცია, მუსიკალური სტილი და შემდეგ უკვე კოსტიუმები. ერთი და იგივე სიმღერა შეიძლება ას ადგილას ვიმღერო, თუმცა ვფიქრობ, აუცილებელია, ვიზუალურად განსხვავებული ვიყო — როგორც კოსტიუმით, ასევე იმიჯით — მაკიაჟით თუ ვარცხნილობით. ამ დეტალების გათვალისწინებით ყოველთვის ვანებივრებდი მაყურებელს.

მაკიაჟსაც ძირითადად თავად ვიკეთებ ხოლმე, რადგან ზუსტად ვიცი, იმ მომენტში რა მინდა. ეს კი ხანდახან ძალიან ცუდია, მუსიკოსისთვის ცოტა დამღლელია, როდესაც ყველაფერზე ზრუნვა თავად უწევს.

თქვენი მუსიკალური კლიპები ყოველთვის ყველასგან განსხვავებული იყო ვიზუალურად. „წამიყვანე სიყვარულთან“ თქვენს შემოქმედებაში სრულიად ახალი სტილია — 70-იანების შავ-თეთრი ფრანგული კინოს ესთეტიკა. რომელიმე კონკრეტული ფილმი ხომ არ იყო შთაგონება მასზე მუშაობისას?
50 წლის გავხდი და ცოტა დრო ნამდვილად არაა იმისათვის, რომ ვთქვა, ჩემი ცხოვრებაა თავად კინოსავით. შესაბამისად, კლიპიც მშვიდია და ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია, რადგან სადა და ზომიერია. კოსტიუმებზეც და ვიდეოს კადრებზეც თავად ვიმუშავე, ყველა სარეჟისორო პროცესში ჩართული ვიყავი.

არაერთ ფილმში ითამაშეთ. განსხვავდხება თქვენი კინოს პერსონაჟი და მუსიკალური კლიპის პერსონაჟი?
არა, ის ერთი და იგივე ადამიანია, სხვადასხვა სივრცეში. თანაც, განსხვავებულია ჩემი სიმღერის „მოყოლის“ სტილიც: არტიკულაციის ნაცვლად ყოველთვის სახის მიმიკებს ვიყენებ.

რა არის დღეს თქვენთვის ხელოვნებაში ტრენდული?
ახალი და უფრო ძველი: კლასიკა, რომელიც რთულად ხელშესახებია. მისი კეთებისას ბევრს ფეხიც კი დაუცდა. განსაკუთრებულად რთულია მისი ახლებურად და გემოვნებით გადმოცემა… ამიტომაც ხშირად ვამბობ, რომ გემოვნება ნებისმიერ სფეროშია საჭირო, ადამიანი ისე ანათებს, როგორიცაა თავად. თუ არ გაივლი გარკვეულ გზას და შექმნი საფუძველს, ახალს ვერ გააკეთებ.

„წამიყვანე სიყვარულთან“.
კომპოზიტორი: ლილიკო ნემსაძე
ტექსტის ავტორი: ირინა სანიკიძე
კლიპის რეჟისორი: ნესტან სინჯიკაშვილი
არანჟირება: პაპუნა შარიქაძე