„ჩვენ ყველანი ამბის მთხრობელები ვართ და ყველანი მოთხრობების ქსელში ვცხოვრობთ. არ არსებობს ადამიანებს შორის უფრო ძლიერი კავშირი, ვიდრე ამბის თხრობა“ - ჯიმი ნილ სმიტი.

ამბის თხრობა ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. თუ გსურთ იყოთ ეფექტური მომხსენებელი, ან უბრალოდ კარგი კომუნიკატორი, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ მოყვეთ ამბავი სათანადო გზით. ეს დაგეხმარებათ როგორც პროფესიაში, ასევე პირად ცხოვრებაშიც. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი საუბრების უმეტესობა და ზოგადად ცხოვრება გულისხმობს ერთმანეთისთვის ისტორიების მოყოლას, იქნება ეს ჭორი თუ სასარგებლო ინფორმაცია.

1. არ იჩქაროთ

პირველი, რაც უნდა გახსოვდეთ არის თქვენი დრო. ზოგჯერ, მღელვარებამ ან ემოციებმა შესაძლოა, თქვენი თხრობის მანერა დააჩქაროს, მაგრამ ეს ხელს უშლის ამბის გაზიარების პროცესს. მიეცით მსმენელებს დრო თქვენი სიტყვების გასაანალიზებლად. გაიხსენეთ, ნებისმიერი ზღაპრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი თქვენს მიერ გაკეთებული პაუზები.

2. ისიამოვნეთ თხრობით

თუ ამბავს ყვებით, ალბათ ამას გარკვეული მიზეზებიც აქვს. ეს შეიძლება იყოს საინტერესო, საგანმანათლებლო ან სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელიც თქვენ უნდა გადასცეთ აუდიტორიას. ნუ იჩქარებთ სიუჟეტის განვითარებას და ისიამოვნეთ მისი დინამიკით. თუ თქვენ აღფრთოვანებული ხართ, მაშინ თქვენი აუდიტორიაც აღფრთოვანებულია. ხოლო თუ მოგწყინდათ საკუთარი ამბავი, მაშინ სხვამ რატომ უნდა მოუსმინოს მას ყურადღებით?

3. გამოკვეთეთ ემოციები და შეგრძნებები

ნებისმიერი ამბავი კარგია მაშინ, როდესაც შეუძლია მაყურებელს რაღაც აგრძნობინოს. იქნება ეს მათი შიში, მოწყენილობა თუ სიხარული, ემოციები სიუჟეტის წარმატების მთავარი ელემენტია. გამოავლინეთ თქვენი ძირითადი ემოციები და თამამად გაუზიარეთ აუდიტორიას.

ასევე, ერთ-ერთი, რაც სიუჟეტის განვითარებას ეხმარება, არის სენსორული დეტალები. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული შეგრძნების მიტანა შეგიძლიათ თქვენს მსმენელამდე. ხმა, ასევე სუნი, ტექსტურა, შინაგანი შეგრძნებები - ეს ყველაფერი ამბავს უფრო დასამახსოვრებელსა და მიმზიდველს ხდის.

4. დაისვენეთ

როცა ნერვიულობთ, ამბავიც არეულია. დაწყებამდე ცოტა ხნით დაისვენეთ და სუნთქვა აკონტროლეთ. რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვამ შეიძლება დიდი განსხვავება მოგიტანოთ. დაიმახსოვრეთ, რომ მშვიდი საუბრით უფრო მიიზიდავთ მსმენელებს.

5. გამოიყენეთ ხმა და სხეული

არაფერია ერთფეროვან თხრობაზე მოსაწყენი. მაშინაც კი, თუ ამბავი ამაღელვებელია, საჭიროა თქვენი ხმის ტემბრის თამაში, თორემ აუდიტორიას დიდი ალბათობით, უბრალოდ ჩაეძინება. ასწიეთ და დასწიეთ ხმის ტონი, შესძინეთ მეტი დინამიკა ამბავს. ასევე, გამოიყენეთ თქვენი სხეული და ჟესტები. ითამაშეთ მიმიკით, გამოიყენეთ ხელები, იმოძრავეთ - ეს ყველაფერი დაგეხმარებათ უფრო ეფექტური ამბის თხრობასა და აუდიტორიის შენარჩუნებაში.