კვლევამ აჩვენა, რომ მკაცრი აღზრდის პრაქტიკას ხანგრძლივი გავლენა აქვს ბავშვის ტვინის განვითარებაზე. ახალი კვლევის თანახმად, რომელიც Development and Psychology-ში გამოქვეყნდა, ბავშვებზე განმეორებითი გაბრაზება, ყვირილი ან თუნდაც ფიზიკური შეხება, უკავშირდება თავის ტვინის მცირე სტრუქტურებს თინეიჯერულ ასაკში.

აღზრდის მკაცრი პრაქტიკა, საკმაოდ გავრცელებულია და მთელს მსოფლიოში, სოციალურად მისაღებ ნორმად მიიჩნევა. თუმცა მისი შედეგები გავლენას ახდენს თავის ტვინში არსებულ პროცესებზე. კვლევის ავტორების მიხედვით, აუცილებელია მშობლებმა და საზოგადოებამ გაიგონ, რომ მკაცრი აღზრდის პრაქტიკის ხშირად გამოყენებამ, შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვის განვითარებას. საუბარია როგორც სოციალურ და ემოციურ, ასევე ტვინის ფიზიკურ განვითარებაზე.

ემოციები და ტვინის ანატომია

ბავშვებზე სერიოზული ძალადობა, (როგორიცაა სექსუალური, ფიზიკური და ემოციური ძალადობა), უგულებელყოფა და გარიყვა, პირდაპირ უკავშირდება შფოთვასა და დეპრესიას ცხოვრების შემდგომ პერიოდში.

წინა კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებმაც განიცადეს მწვავე ძალადობა, აქვთ მცირე ზომის პრეფრონტალური ტვინის ქერქი და ამიგდალა (იგივე ნუშისებრი სხეული ლიმბური სისტემის ქერქქვეშა სტრუქტურა, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინში საფეთქლის წილის სიღრმეში.) - სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ემოციურ რეგულირებას, შფოთვასა და დეპრესიის განვითარებაში.

თუმცა ახალ კვლევაში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ტვინის იგივე რეგიონები მცირე ზომისაა იმ მოზარდებში, რომელთაც ბავშვობაში აღზრდის მკაცრ პრაქტიკა აქვთ გამოვლილი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს არ განუცდიათ უფრო სერიოზული ძალადობის ფაქტები.

ეს დასკვნები მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ხდება მკაცრი აღზრდის პრაქტიკის (რომელიც სერიოზულ შეურაცხყოფას მოკლებულია) გადაფასება. ამჯერად, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მას შეუძლია სერიოზული ზიანის მოტანა.

მართალია 2019 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აღზრდის მკაცრმა პრაქტიკამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის ფუნქციის ცვლილება ბავშვებში, მაგრამ ახლა ვიცით, რომ ის გავლენას ახდენს ბავშვის ტვინის სტრუქტურაზეც.

როგორ მიმდინარეობდა კვლევა?

ამ კვლევის ერთ-ერთი ძლიერი მხარე ისა, რომ მასში გამოყენებულია იმ ბავშვების მონაცემები, რომლებსაც 2000-იანი წლების დასაწყისში აკვირდებოდნენ Université de Montréal- ის ბავშვთა ფსიქოსოციალური მოწყობის კვლევის განყოფილებისა (GRIP) და კვებეკის სტატისტიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები. მათი ასაკი 2-დან 9 წლამდე მერყეობს.

მონიტორინგის ფარგლებში, ყოველწლიურად ფასდებოდა აღზრდის პრაქტიკა და ბავშვთა შფოთვის დონე. მოგვიანებით, ეს მონაცემები ბავშვების ჯგუფებად დაიყო. შეფასების კრიტერიუმი კი მკაცრი აღზრდის პრაქტიკის მათზე ზემოქმედება გახდა. ხოლო ანატომიური MRI, ტვინის სტრუქტურის შესწავლა და მათი შფოთვის დონის გამოვლევა 12 – დან 16 წლამდე ასაკში მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი კვლევა, რომელიც ცდილობს დაადგინოს კავშირები აღზრდის მკაცრ პრაქტიკას, ბავშვების შფოთვასა და მათი ტვინის ანატომიას შორის.