მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობას უყვარს მზის სითბო და სინათლე, მისმა ზედმეტმა ზემოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს ადამიანის კანი. მზის სითბო აშრობს დაუცველი კანს და ხელს უშლის კანის ბუნებრივი ცხიმით გამოკვებას. გარდა ამისა, მზის ულტრაიისფერმა (UV) გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის სტრუქტურის დაზიანება, დამწვრობა და გრძელვადიანი ცვლილებები.

რომელია მზისგან მიღებული დაზიანების ყველაზე გავრცელებული სახეები?

გამომშრალი კანი

მზის ზემოქმედების შედეგად კანი კარგავს ბუნებრივ ტენიანობასა და სხვადასხვა ბუნებრივ ზეთებს. შედეგად კანი შრება, იქერცლება და კარგავს ელასტიურობას. ახალგაზრდა ადამიანებში, ნაადრევი სიბერის ნიშნების მთავარი მიზეზი, სწორედ მზის გამოსხივებაა.

მზის დამწვრობა

დამწვრობა კანის დაზიანების საერთო სახელია, რომელიც კანის UV- სხივების ზემოქმედების შედეგებს აღნიშნავს. მსუბუქი მზის დამწვრობა იწვევს კანის მხოლოდ მტკივნეულ გაწითლებას, მაგრამ უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება წარმოიშვას სითხეებით სავსე ბუშტუკები.

აქტინიკური კერატოზი

ეს არის პატარა, ქერქოვანი ფაქტურის მუწუკი, რომელსაც აქვს ვარდისფერი, წითელი, ყვითელი ან მოყავისფრო ელფერი. მზისგან გამომშრალი კანის ან დამწვრობისგან განსხვავებით, აქტინიკური კერატოზი ჩვეულებრივ არ ქრება და მას ექიმის მიერ მოყინვა, ქიმიურად დამუშავება ან სხვა ფორმით მოშორება ესაჭიროება.

აქტინიკური კერატოზი ვითარდება კანის იმ ადგილებში, რომლებმაც განიცადეს მზის ულტრაიისფერი შუქის განმეორებითი ან ხანგრძლივი ზემოქმედება. სწორედ ეს უჩვეულო გამონაყარია კანის კიბოს გამაფრთხილებელი ნიშანი. აქტინიკურიკერატოზების დაახლოებით 10% -დან 15% -მდე, საბოლოოდ იცვლება კანის ბრტყელუჯრედული კიბოთი.

კოლაგენის გრძელვადიანი ცვლილებები

ამ ცვლილებებში შედის ფოტოსეზირება - კანის ნაადრევი დაბერება მზის ზემოქმედების გამო და აქტინიკური პურპურა - სისხლდენა კანის მყიფე სისხლძარღვებიდან კანის ზედაპირის ქვეშ. კანის ღრმა ფენის კოლაგენში ცვლილებების გამო, ფოტოსეზირების დროს კანზე ვითარდება ნაოჭები და წვრილი ხაზები. აქტინიკური პურპურის დროს, UV გამოსხივება აზიანებს სტრუქტურულ კოლაგენს, რომელიც ამაგრებს კანის პატარა სისხლძარღვების კედლებს. განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში, კოლაგენის ეს დაზიანება სისხლძარღვებს ასუსტებს, შედეგად კი მცირედი ზემოქმედებისთანავე ისინი სკდება.

მთელი ცხოვრების განმავლობაში, მზის დამწვრობის განმეორებითმა ეპიზოდებმა და მზეზე დაუცველმა ზემოქმედებამ შეიძლება გაზარდოს ადამიანის ავთვისებიანი მელანომის და კანის კიბოს სხვა ფორმების რისკი. როგორც წესი, თუ თქვენ გაქვთ ღია კანი და თვალები, უფრო დიდი საფრთხე გემუქრებათ. ეს იმიტომ, რომ თქვენი კანი შეიცავს ნაკლებად მუქ პიგმენტს, მელანინს, რომელიც იცავს კანს UV გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან.

როგორ ავირიდოთ თავიდან მზისგან მიღებული ზიანი?

  • გარეთ გასვლამდე გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი. შეარჩიეთ წყალგაუმტარი მზისგან დამცავი კრემი, რომელსაც აქვს მზისგან დამცავი ფაქტორი (SPF) 30 ან მეტი, ფართო სპექტრის დაცვით, როგორც UV-A, ასევე UV-B სხივებისგან.
  • გამოიყენეთ მზისგან დამცავი ბალმი ტუჩებზე. შეარჩიეთ პროდუქტი, მზისგან დამცავი ფაქტორით 20 ან მეტი, რომელიც სპეციალურად ტუჩებისთვისაა შექმნილი.
  • აკონტროლეთ მზეზე ყოფნის დრო. მოერიდეთ მზის სხივებზე გასვლას 11:00-17:00 საათების შუალედში
  • ატარეთ სათვალე UV ულტრაიისფერი დამცავი საშუალებით.
  • ატარეთ გრძელი შარვალი, პერანგი გრძელი ხელებით და ქუდი განიერი ფარფლებით.
  • გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მედიკამენტი და კანის მოვლის საშუალება ზრდის კანის ულტრაიისფერი სხივებით დაზიანების რისკს. ეს მოიცავს გარკვეულ ანტიბიოტიკებს, აგრეთვე ზოგიერთ დანიშნულ მედიკამენტს, რომლებიც გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებების, არტერიული წნევის, გულის უკმარისობის, აკნეს და ალერგიის სამკურნალოდ. ამიტომ აუცილებლად გადაამოწმედ თქვენს ექიმთან, ხომ არ უნდა მიიღოთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები მზის ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად.

ფოტოისტორიები

· სატვირთო მანქანის მძღოლის ეს შოკისმომგვრელი პიქტოგრამა გვიჩვენებს, თუ რა დონეზე აზიანებენ მზის სხივები კანს გრძელვადიან პერიოდში. 69 წლის მამაკაცის სახის მარცხენა მხარე დაზიანებულია მზის სხივების სისტემატიური, 28 წლიანი ზემოქმედების შედეგად.

· მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, კანის ზედაპირზე მუქი ლაქები ჩნდება.

· 61 წლის იდენტური ტყუპები, რომლიდანაც ერთ-ერთის კანი, მზის სხივების მიერაა დაზიანებული.