LIFE

აპლიკაცია SAFE YOU - ჩვენი იმედი ძალადობისგან დაცვაში

აპლიკაცია SAFE YOU - ჩვენი იმედი ძალადობისგან დაცვაში

შარშან ზაფხულში, როდესაც პანდემიის პირველი ტალღა ახალი გადავლილი იყო, ორგანიზაცია „საფარმა“ ,,ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით მობილური აპლიკაცია SAFE YOU ჩაუშვა.

BO-8 Facebook Video

პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის შემთხვევების პროცენტული ზრდა გლობალური მასშტაბით, საქართველოში არსებულ მდგომარეობაზეც აისახა. პანდემიის დროს საფარში მომართვიანობა იმდენად გაიზარდა, რომ ორგანიზაციის საკადრო რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდა მასთან გასამკლავებლად.

BO-1 Facebook Post

გარდა იურიდიული დახმარების საჭიროებისა, პანდემიამ ქალები მძიმე რეალობის წინაშე დააყენა სხვადასხვა კუთხით: შინ შრომისა და სამსახურის გადანაწილება, საბავშვო ბაღების/სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების მოვლაზე/განათლებაზე ზრუნვა, ოჯახში ერთობლივად აღმოჩენილ ადამიანებს შორის კონფლიქტური სიტუაციები, ფინანსური პრობლემები... ამ ყველაფერმა თავისი კვალი დაატყო ქალების ისედაც რთულ ყოველდღიურობას და ისინი კიდევ უფრო მეტად დაუცველნი გახადა არსებული რეალობის წინაშე.

აპლიკაცია SAFE YOU-ს გაშვება სწორედ ამ რთული მდგომარეობის ფონზე მიმდინარეობდა.

დღეს, აპლიკაციის ცნობადობა ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ მაღალია. როდესაც ქალზე ძალადობის შემთხვევის შესახებ საჯაროდ გახდება ცნობილი, ქალები ერთმანეთს SAFE YOU-ს ინსტალაციას და მისით სარგებლობას ურჩევენ.

BO-2 Facebook Post

თუმცა, იცოდე აპლიკაციის არსებობის შესახებ ერთია და სწორად შეგეძლოს მისი გამოყენება - მეორე. ხშირად, ძალადობის ფაქტების წინაშე აღმოჩენილი ქალები დაბნეულები არიან, არ იციან აპლიკაციის გამოყენების ინსტრუქცია და ამის გამო, ისინი ვერ იყენებენ მას საჭირო სიტუაციაში.

ამიტომ, როგორც აპლიკაციის ავტორები, ასევე მისი ქართველი პროვაიდერები საფარიდან, ყველა ქალს ურჩევენ, SAFE YOU დაინსტალირებული ჰქონდეთ ტელეფონებზე, მისი გამოყენების ინსტრუქცია კი წინასწარ იცოდნენ, რათა მათ თავს გადამხდარი ინციდენტები დროულად იქნას აღმოფხვრილი.

SAFE YOU-ს ავტორებმა მაქსიმალურად გაითვალისწინეს აპლიკაციის გამოყენების საჭიროებისას გაჩენილი ყველა შესაძლო გარემოება და იგი გამოსაყენებლად მარტივი და მოსახერხებელი ფუნქციებით აღჭურვეს.

როგორ უნდა ვისარგებლოთ აპლიკაციით SAFE YOU?

  • უნდა გამოვიყენოთ iOS ან Android პლატფორმის სმარტფონი;
  • დავუკავშირდეთ ინტერნეტს;
  • გავიაროთ რეგისტრაცია ნებისმიერი ქართული ქსელის ნომრით (Geocell, Magti, Beeline)
  • აპლიკაციას მივცეთ წვდომა ლოკაციაზე.

SAFE YOU-ს ინსტალაციის და რეგისტრაციის დაწყებისთანავე, აპლიკაცია გვთავაზობს, შევქმნათ პირადი მხარდაჭერის ქსელი. ამ ქსელში შედის: 1. ჩვენთვის სანდო პირები - ჩვენ მიერ არჩეული 1-3 ადამიანი, რომელთა საკონტაქტო ნომრებზეც დაიგზავნება განგაშის შეტყობინება; 2. ორგანიზაციები - აპლიკაციაში არსებული ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, რომლებიც დაუყონებლივ დაგვეხმარებიან; 3. პოლიცია - შეგვიძლია, მოვნიშნოთ, გვსურს თუ არა ვაცნობოთ სამრთალდამცავ ორგანოებს პრობლემის შესახებ.

BO-3 Facebook Post

ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია პირველი და მთავარი ფუნქციით, რასაც აპლიკაციის გახსნისთანავე ვხედავთ - აპლიკაციის SOS ღილაკით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღილაკზე დაჭერა განგაშის სიგნალს გზავნის ჩვენ მიერ შერჩეულ ახლობელ ადამიანებთან, ქალთა პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებთან და/ან პოლიციასთან (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივუთითებთ პოლიციის გამოძახებასაც). ზოგჯერ ქალს დაუყოვნებლივ სჭირდება დახმარება, თუმცა არ სურს, ძალადობის ფაქტის შესახებ შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოებს. SAFE YOU-ს ავტორებმა ეს ფაქტორიც გაითვალისწინეს და აპლიკაციაში ფუნქციის “შეატყობინე პოლიციას” ჩართვა-გამორთვა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ SOS ღილაკზე ერთი თითის დაჭერით, ჩვენი ადგილმდებარეობა შეტყობინების სახით დაიგზავნება უკვე ჩვენ მიერ არჩეულ ახლობლებთან და ორგანიზაციებთან. ისინი ამით ადვილად დაადგენენ ჩვენს ადგილმდებარეობას, რომ რაც შეიძლება, სწრაფად გვიშველონ.

ასე რომ, თუ საფრთხეში აღმოვჩნდებით და სასწრაფოდ შველა გვჭირდება, გვერდით კი არავინ გვყავს, აპლიკაციის SOS ღილაკი მართლაც რომ შეუცვლელი მხსნელი იქნება ჩვენთვის.

ღილაკზე SOS ხელის დაჭერის შემდეგ, აპლიკაცია SAFE YOU ავტომატურად იწყებს აუდიოს ჩაწერას. ღილაკი ავტომატურად იწერს ათწუთიან აუდიოს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე ხშირად, მსხვერპლი მოძალადის პირისპირ მარტოა და სასამართლოში წარსადგენი ფაქტის დამადასტურებელი სამხილები არ გააჩნია. ჩანაწერი ასევე საჭიროა ფსიქოლოგიური კონსულტაციისთვისაც. მოგვიანებით, ჩანაწერი შეგვიძლია შევინახოთ, ვინმეს გავუგზავნოთ ან წავშალოთ. აღსანიშნავია, რომ ყველა აუდიოჩანაწერი ინახება მხოლოდ ჩვენს ტელეფონში და მასზე წვდომა ჩვენ გარდა არავის აქვს.

BO-4 Facebook Post

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელს: აპლიკაციის ქსელი აერთიანებს იმ არასამთვარობო ორგანიზაციებს, ვინც ქალთა უფლებებზე და ზოგადად ადამიანის უფლებებზე მუშაობენ სხვადასხვა კუთხით. აპლიკაციაში მითითებულია ქსელში ჩართული ორგანიზაციების ყველა სახის საკონტაქტო მონაცემი.

ყველა მომხმარებლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მონაცემთა კონფიდენციალობას. ჩვენი პირადი ინფორმაციის დაცულობა - SAFE YOU-ს მთავარი პრიორიტეტია. მობილური აპლიკაცია SAFE YOU სამ მთავარ პრინციპზეა დაფუძნებული: კონფიდენციალობა: 1. საკონტაქტო ინფორმაცია - ჩვენი და ჩვენ მიერ არჩეული სანდო პირების ტელეფონის ნომრები, გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ აპლიკაციის ფუნქციონირებისთვის; 2. ანონიმურობა: ფორუმის გამოყენების დროს, ჩვენ შეგვიძლია, ვისარგებლოთ ზედმეტსახელით, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ვისაუბროთ ღიად და თავისუფლად გამოვთქვათ ჩვენი აზრი; 3. უსაფრთხოება: მონაცემები ინახება დახურულ ბაზაში, რომელიც მესამე პირისთვის სრულიად ხელმიუწვდომელია. ამ მონაცემების გამოყენება მომავალში მხოლოდ და მხოლოდ რეგიონის ზოგადი სტატისტიკისთვის იქნება შესაძლებელი.

ასევე, საგანგებოდ SAFE YOU-ს მომხმარებლებისთვის, აპლიკაციას ფორუმის ანონიმური სივრცე აქვს, სადაც მომხმარებელი ნებისმიერ კითხვაზე პასუხს თუ რჩევას პროფესიონალი ადამიანებისგან (იურისტი, ფსიქოლოგი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, სოციალური მუშაკი) მიიღებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ანონიმურად ხდება, რადგან ძალადობის მსხვერპლებს საჯარო სივრცეში გამოჩენა, ხშირ შემთხვევაში, არ სურთ ხოლმე. აპლიკაცია ყველას საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ფსიქოლოგიური პრობლემის, შიშების, და მძიმე მდგომარეობის შესახებ შელამაზების გარეშე ვისაუბროთ.

BO-5 Facebook Post

საერთო ჯამში, SAFE YOU-ს ფორუმი შედგება 4 ნაწილისაგან: „ფსიქოლოგია“, „სოციალური საკითხები“, „იურიდიული საკითხები“ და „რეპროდუქცია“. აუდიტორიას ყველა შეკითხვაზე პასუხობენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან წარმოდგენილი შესაბამისი პროფესიონალები. გარდა იმისა, რომ შეკითხვები შეიძლება დაისვას ანონიმურად, ასევე, მომხმარებლებს შეუძლიათ, ერთმანეთსაც გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება, მოსაზრებები.

ფსიქოლოგიური ძალადობა ოჯახში ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა მძიმედ აისახება ადამიანის ფსიქიკაზე. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის მსხვერპლებისთვის, ვისაც თითქმის ყოველდღიურად საშინელი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ უწევს ცხოვრება, ერთჯერადი დახმარების პარალელურად, აუცილებელია, არსებობდეს ისეთი სივრცეები, სადაც ისინი კვალიფიციური ფსიქოლოგებისგან პასუხს მიიღებენ მათი მდგომარეობის გაანალიზების, მხარდაჭერის, ძალადობასთან გამკლავების, მსგავს სიტუაციებში აღმოჩენილ სხვა ქალებთან კონტაქტისა და მათი მხარდაჭერის საკითხებში.

BO-6 Facebook Post

გამოცდილების გაზიარება და თავის დაცვის ხერხების ცოდნა მსხვერპლს აძლიერებს და მის შემგუებლობას ძალადობისადმი თანდათან აქრობს. ამგვარი მხარდაჭერა განსაკუთებით მნიშნველოვანია იმ ფონზე, რომ ძალადობის მსხვერპლთა დიდ ნაწილს არ აქვს ისეთი გარემოცვა, სადაც ისინი თავიანთ პრობლემებზე ისაუბრებენ და მიიღებენ თანადგომასა და რჩევებს გაკიცხვის გარეშე. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია სქესობრივი ძალადობის მსხვერპლთა მაგალითზე. როგორც წესი, ეს თემა საზოგადოებაში უკიდურესად დახურულია და მსხვერპლთა დუმილის გამო, დამნაშავეები ყოველთვის დაუსჯელნი რჩებიან. ფსიქოლოგებთან ანონიმური კონსულტაცია მსხვერპლს გააძლიერებს და იმაში დაარწმუნებს, რომ სქესობრივ ძალადობას მხოლოდ ერთი დამნაშავე ჰყავს - მოძალადე.

ასევე, SAFE YOU-ს ფორუმს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია გააჩნია - უფასო და ასევე ანონიმური კონსულტაციები იურიდიულ საკითხებზე.

ფორუმში მონაწილეობით შეგვიძლია, ისეთ საკითხებზე მივიღოთ კვალიფიციური იურისტების პასუხი, როგორებიცაა: ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, სქესობრივი ძალადობა, განქორწინება, ქონებრივი საკითხები ბავშვზე მეურვეობა და სხვ. ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვათაგან (როგორ ხდება განქორწინება? ვის ეკუთვნის ბავშვებზე მეურვეობა? როგორ ხდება მეუღლეთა შორის ქონების გაყოფა? რა შემთხვევაში გაქვთ უფლება, გამოაწერინოთ შემაკავებელი ორდერი? რა ითვლება მუქარად ან ფსიქოლოგიურ ძალადობად? როგორ უნდა შევიტანოთ სარჩელი ალიმენტის მოთხოვნაზე? და სხვ), SAFE YOU-ს მომხმარებელს კვალიფიციურ იურისტთა გუნდი უპასუხებს. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა წინაშე მდგარ პრობლემას - განქორწინებას - ხშირ შემთხვევაში, მეუღლის მხრიდან დიდი წნეხი მოჰყვება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ვფლობდეთ ყველანაირ ინფორმაციას საკუთარი უფლებების შესახებ.

BO-7 Facebook Post

ასევე, უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება აპლიკაციის ფორუმზე ექიმ-რეპროდუქტოლოგთან უფასო ონლაინ კონსულტაციების გავლის შესაძლებლობას; დღევანდელი რეალობის მიხედვით, ქვეყანაში მცხოვრები ქალების დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება ექიმი გინეკოლოგის საკმაოდ ძვირადღირებულ მომსახურებაზე. ნიშანდობლივია, რომ SAFE YOU-ს სივრცემ ქალებზე ამ კუთხითაც იზრუნა.

გარდა ყველაფერი ზემოთჩამოთვლილისა, როგორც ზემოთ აღინიშნა, აპლიკაციის მომხმარებელს შეიძლია, ფორუმზე სოციალურ მუშაკს დაუკავშირდეს და ნებისმიერი კითხვა დაუსვას.

საფარის იურისტი ცირა ჯგერენაია ორგანიზაციაში უშუალოდ SAFE YOU-ზე მუშაობს. იგი აპლიკაციის მუშაობის 9-თვიან პერიოდს ნაყოფიერად აფასებს.

„ამ დროისთვის, აპლიკაცია 5325 ადამიანს აქვს გადმოწერილი, 2872 განგაშის სიგნალია დაგზავნილი. მთლიანობაში, SAFE YOU-მ ინფორმაციის მოპოვება გახადა მარტივი; ფაქტობრივად, ტელეფონში გყავს იურისტი, ექიმი, ფსიქოლოგი, სოცმუშაკი, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეგიძლია, ანონიმურად დაუსვა კითხვა, პლუს შექმნა დამატებითი თავდაცვის მექანიზმი -არამხოლოდ პოლიციის გამოძახება შეგიძლია, არამედ - სამხილების მოპოვებაც. აპლიკაციასთან ერთად უფრო დაცული და ინფორმირებული ხარ და მსგავსი გამოცდილების მქონე ბევრ ადამიანთან შეგიძლია კომუნიკაცია, ანუ ხვდები, რომ არც ერთი კუთხით არ ხარ მარტო. როგორც ერთ-ერთი ჩვენი მომხმარებლის ცხოვრება შეცვალა აპლიკაციამ რადიკალურად, ვისურვებდი, ასე გაძლიერებულიყოს ძალადობის მსხვერპლი ყველა ქალი!“, - ამბობს ცირა.