დიზაინერმა ტომ ფორდმა დღეს სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. მისი პარტნიორი, მეუღლე, ადამიანი, რომლის გვერდითაც 35 წელი გაატარა, რიჩარდ ბაქლი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რიჩარდი ჟურნალისტი იყო, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა გავლენიან და წარმატებულ გამოცემებში, ისეთებში, როგორებიცაა Vanity Fair, Mirabella და Vogue.

რიჩარდს მოდის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, აღიარებულ ჟურნალისტს უწოდებენ.

ტომ ფორდისა და რიჩარდ ბაქლის სიყვარულმა დროს გაუძლო. ისინი 2014 წელს ოფიციალურადაც დაქორწინდნენ. ერთმანეთი კი 1986 წელს გაიცნეს და მას შემდეგ არც არასდროს დაშორებიან.

წყვილს ჰყავს ვაჟი, ჯონ ბაქლი-ფორდი. 1990 წლიდან იტალიაში ცხოვრობდნენ, შემდეგ 17 წელი ლონდონში გაატარეს, ბოლოს კი ნიუ იორკში დასახლდნენ.

როდესაც ტომ ფორდს სთხოვეს სიყვარულის ისტორია ეამბა, მან თქვა - „ეს კლასიკური ამბავია, ერთი ნახვით სიყვარული.“

ტომ ფორდის თქმით, რიჩარდის თვალებმა პირველივე შეხვედრისას მონუსხა და მიახვედრა, რომ დარჩენილ ცხოვრებას მის გვერდით გაატარებდა.

“მახსოვს მისი თვალები რომ დავინახე და ამით ძალიან მოვიხიბლე. ისეთი თვალები ჰქონდა, რომ რთული იყო დიდხანს გეცქირა. იყო რაღაც მის თვალებში, რაც მეუბნებოდა - აქ არის შენი დარჩენილი ცხოვრება. ეს იყო შესანიშნავი, მაგრამ ამავდროულად სახიფათო განცდა“, - ჰყვებოდა ტომ ფორდი გამოცემა People-თან.

პირველი შეხვედრა მართლაც ჯადოსნური აღმოჩნდა და ამის განცდას კიდევ უფრო ის ამძაფრებდა, რომ ყველაფერი ახალი წლის ღამეს მოხდა. ორივე მათგანი საერთო მეგობრის Fashion Show-ს ესწრებოდა. შოუდან წამოსვლის შემდეგ კი ლიფტში ერთად აღმოჩდნენ. სანამ ლიფტი გაჩერდებოდა, ეს გზა საკმარისი იყო მიხვედრილიყვნენ, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობები ჰქონდათ. მას შემდეგ მალევე ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად.

„მე საოცარი ინტუიცია მაქვს და ამავდროულად, რაციონალური ადამიანი ვარ. ჩვენ ლიფტში ვიყავით და დაახლოებით ათი სართული ჩავიარეთ. რიჩარდი თვალებში მიყურებდა და ძალიან ბევრს საუბრობდა. მახსოვს, როდესაც ლიფტიდან გამოვედით, მე მას შევხედე და გავიფიქრე - „შენ ერთადერთი ხარ“, - იხსენებდა ტომ ფორდი.

დიზაინერის თქმით, მათ იპოვეს ხანგრძლივი ურთიერთობის საიდუმლო:

„პირველ რიგში, ეს ერთმანეთის პატივისცემაა. თუ ადამიანი, ვისაც ცხოვრებას უკავშირებ, არის ის, ვისაც პატივს სცემ, ვისაც გჯერა, რომ აქვს შესანიშნავი გული, რომ საოცარი სულის პატრონია, შენ არასდროს მოგინდება მისგან წასვლა, იმიტომ, რომ მასზე უკეთესს ვერასდროს იპოვი. რა თქმა უნდა, არის მომენტები, როცა ერთმანეთს ვერ უგებთ, განსხვავებული შეხედულებები გაქვთ, მაგრამ თუკი ურთიერთპატივისცემა არსებობს, ეს პრობლემები მარტივად დაიძლევა“, - ამბობს დიზაინერი.

წლების წინ, როდესაც რიჩარდ ბაქლი ტომ ფორდთან პირველ შეხვედრას იხსენებდა, ამბობდა, რომ ტომის შესახებ პირველი დანახვისთანავე ასე გაიფიქრა - „ღმერთო, ის ძალიან საყვარელია.“

„როდესაც დავინახე, რომ მიდიოდა, მაშინვე ავდექი, გავყევი, რომ მასთან ერთად წავსულიყავი. დროდადრო ერთმანეთს ვუღიმოდით, თავიდან მეგონა, რომ ჩემგან გაქცევა სურდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა“, - იხსენებდა ჟურნალისტი.