ეს დიდებული, ამაღელვებელი შთამბეჭდავი, ვნებებით სავსე სიყვარულის ისტორიაა, ისეთი, ჰოლივუდს, რომ უხდება და ისეთი, რომელიც სიყვარულის ჭეშმარიტებაში დაგარწმუნებთ და გაფიქრებინებთ, რომ როცა ნამდვილად გიყვარს, მრავალწლიანი განშორებაც კი უძლურია - ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ბობოქარ ამბავზე გიამბობთ.

„ბენიფერზე“, როგორც მათ ხშირად უწოდებენ, მართლაც შეიძლება ამაღელვებელი ჰოლივუდური ფილმის გადაღება.

ისინი 17-წლიანი განშორების შემდეგ შერიგდნენ, შერიგებამდე კი ორივეს ცხოვრებაში იყო ქორწინება, გააჩინეს შვილები, თუმცა ბოლოს ერთმანეთთან მისასვლელი გზა მაინც იპოვეს.

თავდაპირველად მათ რომანი 2002-2004 წლებში ჰქონდათ და ტაბლოიდების განხილვის მთავარი ობიექტები იყვნენ. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, ერთმანეთს დაშორდნენ, უფრო მეტიც, ჯენიმ ქორწილი წინა დღეს ჩაშალა.

დაშორებიდან ერთ წელიწადში ლოპესი მარკ ენტონიზე დაქორწინდა, ხოლო ბენმა ცოლად ჯენიფერ გარნერი შეირთო.

ისტორიის დასაწყისი

2002 წლის დასაწყისში, როცა ბენ აფლეკს ჰოლივუდის „ოქროს ბიჭს“ უწოდებდნენ, ხოლო ჯეი ლოს თავბრუდამხვევი კარიერა ჰქონდა, ერთმანეთს Gigli-ს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. იმ დროისთვის ლოპესი კრის ჯუდზე იყო დაქორწინებული, ხოლო ბენს გერლფრენდი ჰყავდა. იმავე წლის აპრილში ბენმა ერთ-ერთ გამოცემასთან ჯენი უამრავი კომპლიმენტით შეამკო და მაშინ უკვე ყველა დაეჭვდა, რომ წყვილს შორის მხოლოდ მეგობრული კავშირი არ იყო - „მასთან ერთად მუშაობა უდიდესი ბედნიერებაა, მინდა, მეც მივიღო მონაწილეობა ყველა იმ ფილმში, სადაც თამაშობს“, - ამბობდა ბენი.

მალევე „მხოლოდ მეგობრები“ და „კოლეგები” პაპარაცებმა კოცნისა და ჩახუტების დროს „გამოიჭირეს.“ ამ პერიოდიდან უკვე ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდს ახალი ვარსკვლავური წყვილი ჰყავდა.

შემდეგ იყო ცნობილი ფოტოსესია გამოცემა People-სთვის, რომელმაც ბენიფერს 9 ფოტოს სანაცვლოდ 75 000 დოლარი გადაუხადა. ბენმა მონაწილეობა მიიღო ჯენიფერის მუსიკალურ ვიდეორგოლში, სადაც მას უკანალზე ჰკოცნის. მოგვიანებით, ბენმა აღიარა, რომ ამ ვიდეორგოლმა მათ ურთიერთობაზე ცუდი გავლენა მოახდინა.

2002 წლის ნოემბერში ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაინიშნენ, მანამდე ერთი თვე დაშორებულები იყვნენ, ბენმა ჯენის ხელი ბოსტონში, დედის სახლში სთხოვა. ნიშნობის ცერემონია ნამდვილი დღესასწაული იყო, ყვავილები, სასიამოვნო მუსიკა და რომანტიკული გარემო, ყველაფერი ისე იყო, როგორც რომანტიკულ ფილმებშია. „მე ამას არ მოველოდი, ვამბობდი, ღმერთო ჩემო, რა ხდება?!“, - ჰყვებოდა მომღერალი. ბენმა საყვარელ ქალს ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი აჩუქა.

2003 წელს პრესა წერდა, რომ ბენი ჯენიფერს ღალატობდა, რომ ის ვანკუვერში სტრიპტიზ კლუბში დადიოდა გასართობად. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ჯენიფერმა ნიშნობის ბეჭედი მოიხსნა, თუმცა მედიასთან ინფორმაციას დაშორების შესახებ უარყოფდა. 2003 წლის 13 სექტემბერს ბენიფერმა პრესას შეატყობინა, რომ მათ ქორწილი გადადეს. 400-კაციანი გრანდიოზული ქორწილი, რომელიც 14 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი და რომელიც სანტა ბარბარაში უნდა გამართულიყო, არ შედგა, საბოლოოდ კი, 2004 წლის იანვარში, ლოპესმა დაადასტურა, რომ ბენისა და მისი სასიყვარულო ურთიერთობა დასრულდა.

მალევე, 2004 წლის 5 ივნისს ჯენიმ მარკ ენტონიზე იქორწინა. ჯენიფერის ქორწინებიდან რამდენიმე თვეში კი ბენ აფლეკმა მედიას დაუდასტურა, რომ ჯენიფერ გარნერთან იყო რომანტიკულ ურთიერთობაში.

2004 წლიდან ბევრი რამ შეიცვალა. 2005 წელს ბენმა და ჯენიფერ გარნერმა იქორწინეს და სამი შვილი შეეძინათ, ჯეი ლოს და მარკ ენტონს კი ტყუპი.

ჯეილო მარკს სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. 2019 წელს კი ის ალექს როდრიგესზე დაინიშნა, რომელთანაც თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო. ერთმანეთს უძღვნიდნენ სასიყვარულო პოსტებს „ინსტაგრამზე“.

ალექსი საყვარელ ქალს მუდმივად ანებივრებდა სიურპრიზებით, მაგრამ მიმდინარე წლის დასაწყისში მედიაში დაიწერა, რომ წყვილს შორის პრობლემები იყო და უფრო მეტიც, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მალევე ჯენიფერმა და ალექსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს - „ჩვენ მივხვდით, რომ უფრო კარგი მეგობრები ვართ, ვიდრე შეყვარებულები, ამიტომაც გადავწყვიტეთ დავშორდეთ“, - წერდნენ ისინი. ამდროისთვის ბენ აფლეკის უკევ დაშორებული იყო გარნერს.

2021 წლის წლის აპრილში საზოგადოებამ 17 წლის შემდეგ კვლავ იხილა შერიგებული, სიყვარულით სავსე ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი, რომლებმაც ერთმანეთი თავიდან იპოვეს.

მათი იახტით გასეირნების კადრებმა სოციალური ქსელები დაიპყრო, ჯენიფერმა „ინსტაგრამზე“ საყვარელ მამაკაცთან კოცნის ფოტოც გამოაქვეყნა, ფანებს კი ხშირად ანებივრებენ საჯაროდ გამოჩენით და ხალხმრავალ ადგილას არ ერიდებიან გრძნობების გამოხატვას.

ფანები კი ამბობენ, რომ ნამდვილ სიყვარულს ხელს ვერაფერი შეუშლის.