LIFE

გვანცა ოსიყმაშვილი - X ფაქტორის მერლინ მონრო

გვანცა ოსიყმაშვილი - X ფაქტორის მერლინ მონრო

როგორც თავად ამბობს, კლასიკა მისი სულის ნაწილია და ალბათ, ეს ფაქტი არც არავის აკვირვებს, რადგან, გვანცა ოსიყმაშვილი სწორედ კლასიკური ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებით წარსდგა X ფაქტორის მაყურებლის წინაშე. რომანტიკული ბუნების, ზღვის შრიალს მოყოლილი სიმშვიდის მოყვარული, ზღვის ქალაქიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯებიც გადადგა. 

უნდა აღინიშნოს, რომ გვანცამ 22 წლის ასაკში დამოუკიდებელი ცხოვრება საკმაოდ წარმატებული ნაბიჯებით დაიწყო, რადგან შოუში გამოჩენისთანავე, ვიზუალური და ვოკალური შესაძლებლობებით მაყურებელს თავი დაამახსოვრა. მეტიც, იგი ქართველ მერლინ მონროდაც კი შერაცხეს. თუმცა, თავად ვიზუალურ მსგავსებას მილა იოვოვიჩთან უფრო ხედავს. 

გვანცა ოსიყმაშვილი - X ფაქტორის მერლინ მონრო

მარტოობას, წერას, კითხვასა და ახალი გამოცდილებების მიღებას ანიჭებს უპირატესობას. კლასიკურთან ერთად, როკ მუსიკასაც უსმენს და აპირებს თავი პოპ მუსიკის ჟანრშიც სცადოს. მიიჩნევს, რომ ადამიანი ძალიან თავისუფალია თავისი არსით და უნდა გააკეთოს ყველაფერი, რისი სურვილიც აქვს. 

TREND. გვანცა ოსიყმაშვილს ესაუბრა:

მაყურებელმა უკვე იხილა შენი შესაძლებლობები და ჟიურის აღფრთოვანებაც დაიმსახურე. რატომ აქამდე არ გამოჩნდი X ფაქტორში და რატომ გადაწყვიტე კონკურსში მონაწილეობა ახლა?

ალბათ, არ ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად და არც ემოციურად. ახლა კი მხოლოდ მშობლების თხოვნით გადავწყვიტე პროექტში მიმეღო მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, არც მქონდა გადაწყვეტილი წავიდოდი ქასთინგზე თუ არა და ამიტომ, სახლიდან ზუსტად ათი წუთით ადრე გავედი. 

ელოდი საზოგადოების და ჟიურის ასეთ რეაქციას?

ძალიან თვითკრიტიკული ვარ და თითქმის არასოდეს ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით. ამიტომ, ვფიქრობდი, რომ ნაწარმოები, რომლის შესრულებასაც ვაპირებდი, X ფაქტორისთვის არ იყო განკუთვნილი. ზოგადად, ამ პროექტში საერთოდ ვერ ვხედავდი საკუთარ თავს და გაოცებული დავრჩი, თუმცა, ძალიან ბედნიერი ვიყავი.

გვანცა ოსიყმაშვილი - X ფაქტორის მერლინ მონრო

რა რეაქცია გქონდა, როცა შენი და მერლინ მონროს მსგავსებაზე ალაპარაკდნენ?

პრინციპში, როცა ძალიან პატარა ვიყავი და თმაც ბუნებრივი მქონდა, მერლინ მონროსავით ვატარბდი და სკოლაში, მუსიკალურ სასწავლებელში, ძალიან ბევრი მერლინს მეძახდა. ზოგადად, მონრო ჩემი ტოპ სამეულის პირველ ადგილს იკავებს. ძალიან მომწონს და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია. ალბათ თმის ან სიმაღლის გამო მამსგავსებენ, სხვა მსგავსებას, გარეგნულს, მე პირადად ვერ ვხედავ. თუმცა, ბუნებრივია, სასიამოვნო ფაქტია.

თბილისს როგორ მოერგე, როგორ გრძნობ თავს დიდ ქალაქში?

ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. რაც ყველაზე მთავარია, უკვე აღარ ვიკარგები ქალაქში. შევეჩვიე აქაურობას და შევიყვარე იგი, ვფიქრობ, რომ აქ დავრჩები.

როგორი იყო შენი პირველი რეაქცია ან ემოცია თბილისში ჩამოსვლისას ანუ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებისას?

პირველი, რაც მახსენდება არის დიდი ინტერესი იმის მიმართ, რა მოხდებოდა, როგორ გაგრძელდებოდა ჩემი ცხოვრება. ემოციურად ძალიან აფორიქებული ვიყავი, რადგან მარტო აღმოვჩნდი უცხო ქალაქში. ბედნიერიც ვიყავი და ის, რომ რაღაც ახალი უნდა დამეწყო, ბუნებრივია ამაღელვებელიც იყო. ყველაზე სასაცილო რაც მახსენდება, ის იყო, რომ ვიკარგებოდი ყველგან, ქუჩაზე ვერ გადავდიოდი და ერთადერთი დისკომფორტი ეს იყო ქალაქში. და ასევე, სამსახურის ძებნის მომენტიც, გარკვეულწილად. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ვიპოვე სამსახური, პროექტის გამო წამოვედი.

ბათუმიდან წამოხვედი და როგორც აღნიშნე, დიდი ქალაქის დაპყრობას აპირებ. გენატრება თუ არა ბათუმი და რა გიყვარს მშობლიურ ქალაქში?

ბათუმი ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქია და ასე იქნება ყოველთვის. როცა ჩავდივარ, ყოველთვის გული მიჩქარდება და უკვე მენატრება კიდეც. მიყვარს ზღვა, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ბათუმი მიყვარს ზამთარში. ამას რომ ვამბობ, უკვირთ ხოლმე. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ არ მიყვარს ხალხმრავლობა, არ მიყვარს ხმაური, უფრო სიჩუმე და რომანტიკული გარემო მირჩევნია, ბათუმიც, ზამთარში უფრო მომწონს.

გვანცა ოსიყმაშვილი - X ფაქტორის მერლინ მონრო

გაგვიმხელ თუ არა გადაწყვეტილებებს, რის გამოც, როგორც გადაცემაში აღნიშნე, მეგობრები და ახლო ადამიანები დაკარგე?

კონკრეტულად მიზეზების და გადაწყვეტილებების ჩამოთვლა, ბუნებრივია არ გამოვა, თუმცა, რაც შეეხება მთავარ, გადამწყვეტ მიზეზებს, ალბათ ის არის, რომ ზედმეტად პირდაპირი ვარ. განსაკუთრებით ვერ ვიტან უსამართლობას და რასაც ვფიქრობ, ყოველგვარი შეფერადების გარეშე ნებისმიერ ადამიანს პირდაპირ ვეუბნები.

როგორი იყო საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი გვანცა?

სიმართლე გითხრათ, იმ კონკრეტულმა პერიოდმა ძალიან შემცვალა. უპირველესად, ადამიანების ცნობა ვისწავლე, დამოუკიდებლობა ვისწავლე და საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ, როცა მარტო რჩები, ეს ხშირად ბევრი სიკეთის მომტანია. 



Trend.ge