ლიკა გოგლიძის LIYA Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დებიუტანტია
- 02.05.2017
დედაქალაქისა და ქართული მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კვირეული, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 4 მაისს იხსნება და 8 მაისამდე გასტანს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოდის ტენდენციებით, ამ სამყაროში არსებული დინამიკით არის დაინტერესებული განსაკუთრებული სანახაობისთვის ემზადება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოდის კვირეულს თან ახლავს ახალი სახეების, მოდის სფეროში მოღვაწე დიზაინერების, მოდელების და სხვა ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენაა. უმრავლესობის ინტერესის სფეროსაც სწორედ დებიუტანტები წარმოადგენენ.
TREND. მოხარულია ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი დიზაინერის შემოქმედებაზე გიამბოთ, რომელიც 2017 წლის Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დებიუტანტია.
ლიკა გოგლიძე ახალგაზრდა დიზაინერია, თუმცა, მოდის და დიზაინის სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ლიკამ, როგორც დიზაინერმა, განათლება იტალიაში მიიღო და მოდის კვირეულის ამ სეზონზე იგი თავისი ბრენდის - Liya კოლექციას პირველად წარუდგენს მოწვეულ და საერთაშორისო სტუმრებს. ლიკა გოგლიძის, როგორც დიზაინერის საქმიანობა ამით არ შემოიფარგლება.
Liya დიზაინერის ის ხმაა, რომელსაც, როგორც წესი ადამიანების ცხოვრებაში განსხვავებული ხმაური შეაქვს. როგორც თავად დიზაინერი TREND.-თან საუბარში განმარტავს, Liya პირველი მცდელობაა, რომელსაც, შინაგანი ხმის, სამყაროს აღქმის, გამოცდილებებისა და ემოციების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად ქმნის.
Liya-ს კოლექციები გამორჩეულია ფერთა მრავალფეროვნებით, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათი შეხამება ყოველთვის ჰარმონიულია. თამამი, მკვეთრი, თუმცა დახვეწილი და სწორად შერჩეული ფერთა გამა სძენს დიზაინერის სილუეტებს განსაკუთრებულ, ზოგჯერ ხისტ ხასიათსაც. შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში მოდის კვირეულის სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ ისეთი ქსოვილები, როგორიც არის შალი და ტყავი. კოლექცია სრულფასოვნად პასუხობს 2017/2018 წლის ტენდენციებს, რის გამოც, ბუნებრივია, 80-იანი წლების სულიც, მეტ-ნაკლებად იკითხება.
Liya-ს დებიუტის განსაკუთრებულობას ისიც უსვამს ხაზს, რომ კოლექცია მოიცავს აბსოლუტურად ყველა დეტალს, რაც ჩაცმის სტილისთვის არის საჭირო: ფეხსაცმელს, სამკაულსა და აქსესუარებსაც კი.
Liya-ს კოლექციების ძირითად შთაგონების წყარო, ისტორიები, სხვადასხვა ეპოქების ადამიანები და მათი პიროვნებები ხდებიან. რაც შეეხება F/W 2017/2018 კოლექციას, არც ეს კოლექცია ყოფილა გამონაკლისი და მისი ინსპირაციის წყაროდ დიზაინერი ისეთ ქალებს ასახელებს, რომელთაგანაც ბევრი რამ შეიძლება ისწავლო, რომლებიც ძალიან აქტიური, საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობენ.
სწორედ ასეთივეა ქალი, რომელიც Liya-ს კოლექციას მოირგებს. ცხოვრობს ყოველდღიურობით, აქვს მკაცრი იმიჯი, საინტერესო, აქტიური ცხოვრება, ჰყავს ოჯახი და აქვს სოციალური გარემო, რომელშიც არსებობს. ეს არის ქალი, რომლის გარეგნობის მიღმა, ხანდახან, საჭიროა ხასიათისა და ემოციების ამოხსნა.
როგორც უკვე ავღნიშნეთ მოდის სფეროში ლიკა გოგლიძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რომელზეც ასევე გვსურს გიამბოთ. Liya-ს შექმნამდე დაახლოებით 3-4 წლით ადრე დიზაინერმა შექმნა Inkygold - ახალგაზრდული ბრენდი, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ საბავშვო ტანისამოსს ქმნიდა. ლიკა გოგლიძემ, როგორც დიზაინერმა საკუთარი ხელწერის შექმნა, სწორედ აღნიშნულ ბრენდზე მუშაობით დაიწყო. Inkygold არსებობის დღიდან დღემდე, ქმნის არა სტანდარტულ საბავშვო ან ახალგაზრდულ ტანისამოსს, არამედ განსხვავებულს, რაშიც, ბუნებრივია დიდ როლს დიზაინერის ორიგინალური ხედვა თამაშობს.
ბრენდის მომხმარებლის თხოვნით Inkygold-ს დაემატა თინეიჯერებისა და ზრდასრულთა კოლექციებიც. ყველაზე პოპულარული ტენდენცია, რომლითაც ბრენდი გამოირჩევა, მაისურებსა და ტელეფონის ქეისებზე ხატვაა. აღსანიშნავია ის, რომ ლიკა გოგლიძე თავად ხატავს ყველაფერს, რაც მოგვიანებით ბრენდის ქეისებსა და მაისურებზე იბეჭდება. გარდა კოლექციებისა, გამონაკლის შემთხვევებში Inkygold მომხმარებელთა შეკვეთებზეც მუშაობს.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ Inkygold 2 წლის განმავლობაში ისეთ შოურუმებში იღებდა მონაწილეობას, როგორიც არის CIFF KIDS (მოდისა და ცხოვრების სტილის თვალსაზრისით ჩრდილოეთ ევროპის ყველაზე პროგრესულ და გემოვნებიან საბავშვო შოურუმად ითვლება დღემდე). ბრენდმა სწორედ CIFF KIDS-ში მონაწილეობისას მიიქცია საერთაშორისო პრესის ყურადღებაც. Inkygold-ის პროდუქციის ფოტოები იბეჭდებოდა იტალიური მოდის გამოცემებში. შესაბამისად, ბრენდის მომხმარებელი გაიზარდა საერთაშორისო დონეზეც და მათი რაოდენობა დღემდე არ მცირდება.
Inkygold-ისგან განსხვავებით Liya არტისტის ხასიათს გაცილებით მკაფიოდ გადმოსცემს. დიზაინერის, ლიკა გოგლიძის Liya-ს კოლექციის ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის გახსნის დღეს, 4 მაისს 5 საათზე მოეწყობა.
TREND. წარმატებებს უსურვებს ორიგინალურ, საინტერესო და განსხვავებული საავტორო ხედვის მქონე დებიუტანტს.
თემები: სტილი, მოდა, ტრენდი, 2017 წლის ტენდენციები, ქართველი დიზაინერები, Georgian Designers, ლიკა გოგლიძე, Liya, Inkygold, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi
Trend,ge
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია