DALOOD-ის შემოქმედებითი დირექტორი მაკა კვიციანია, რომელმაც აღნიშნული ბრენდის შექმნამდე საკმაოდ დიდი გამოცდილება სხვადასხვა დამწყებ ბრენდთან და არტისთან თანამშრომლობით დააგროვა. მაკამ განათლება ლონდონში, ცენტრალური სენტ მარტინის კოლეჯში დიზაინის მიმართულებით მიიღო. სწორედ სწავლის დასრულების შემდეგ მან გადაწყვიტა საკუთარი ბუტიკის გახსნა მოსკოვში, სადაც დღეს მხოლოდ დიზაინერის ბრენდი, DALOOD იყიდება. მაკა გარდა საკუთარ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისა, ორი შვილის დედაა და აღსანიშნავია, რომ ბრწყინვალედ ართმევს თავს ამ რთულ პასუხისმგებლობებს.
მაკა კვიციანს, როგორც ბრენდის შემოქმედებით დირექტორს, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის კვირეულზე საკუთარი შემოქმედება უკვე მე-4 სეზონია გააქვს. DALOOD-ის შემოქმედებით ჯგუფში 18-მდე ადამიანია. ბრენდი გამოირჩევა მუშაობის მაღალი ხარისხით, ოსტატობითა და ხელნაკეთი ნაქარგებით.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს DALOOD-მა უცხოელ და ქართველ სტუმრებს 5 მაისს წარუდგინა თავისი კოლექცია, რომელიც ყველა სხვა კოლექციისგან გამორჩეული იყო თავისი საოცნებო, მისტიური განწყობით. 2017/2017 წლის კოლექციაში გამოყენებულია ჩრდილები, რაც რეალობისა და ფანტაზიების მიჯნას ასახავს. დიზაინერმა მაკა კვიციანმა კოლექცია როგორც აქსესუარების, ასევე სქოვისლების გამოყენებით შექმნა. რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ლუქი ქალის, როგორც ნაზ, ასევე, ძლიერ ხასიათის თავისებურებებზე აკეთებს აქცენტს.
"ამ სეზონზე ვეცადე ჩემი განწყობა ძალიან გულწრფელად გადმომეცა და მხოლოდ საკუთარი თავის გავლენის ქვეშ ვყოფილიყავი, რის შედეგადაც ეს კოლექცია რეალობასა და ფანტაზიას შორის მოექცა. ამის გადმოცემა, როგორც ნაჭრებითა და ფორმებით, ასევე ნაქარგებით ვცადე. მინდოდა მეჩვენებინა თანამედროვე, თამამი, ამავდროულად ქალური და ნაზი პრინცესები, რომლებიც რთულია წარმოიდგინო როგორ, თუმცა მაინც ჰარმონიულად ახერხებენ მამამაკაცური და ქალური თვისებების ერთმანეთთან შეთავსებას." - განმარტავს TREND.-თან საუბარში DALOOD-ის შემოქმედებითი დირექტორი, მაკა კვიციანი.
კოლექცია ერთიან თემას კრავდა ძვირფასი ნაქარგებისა და გრძელი, კაპიშონიანი პალტოების მეშვეობით. დიზაინერი შემოდგომა ზამთრის სეზონზე აქტუალურს ხდის ისეთ ქსოვილებს, როგორიც არის აბრეშუმი, რომელსაც ხშირად უხამებს შავ ხავერდს. ამ ქსოვილების ერთიანობა DALOOD-ის კოლექციას არაჩვეულებრივად ქალურს, კლასიკურს და რომანტიკულს ხდის.
DALOOD-ის მიხედვით, 2017/2018 წლის შემოდგომა/ზამთარში აქტუალური ფერებია იასამნისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ლურჯი. ამ ფერების სხვადასხვა ტონალობას კოელექცია იმ ჯადოსნურობას, მისტიკას, პარადოქსულობას და ძალას სძენს, რაც თითქმის ყველა ქალის ხასიათის დამახასიათებელია.
მაკა კვიციანის კოლექციამ ამ სეზონზე კარგად აჩვენა შერეული სტილის და ერთი შეხედვით შეუთავსებელი ქსოვილების ბალანსისა და ჰარმონიის შესაძლებლობა. დიზაინერმა მათი შერწყმით უსაზღვრო ქალურობა, ორიგინალურობა, ექსტრავაგანტულობა და უცნაური, თავისებური, დახვეწილი ქალის სილუეტები შექმნა. მაკა კვიციანის მცდელობა რომ რომანტიზმი, მისტიკურობა და სინაზე გაეერთიანებინა ქალის ძლიერ თვისებებთან და სითამამესთან, წარმატებით განხორციელდა.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 4 მაისს გაიხსნა და დღს, 8 მაისს დაიხურება.
TREND. გთავაზობთ DALOOD-ის სრული ჩვენების ფოტოებს:
ფოტო: გიორგი ახალკაციშვილი
თემები: სტილი, მოდა, ტრენდი, Georgian Designers, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi, F/W, 2017/2018, DALOOD, Maka Kvitsiani
Trend.ge
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია