X ფაქტორის ყველაზე მხიარული კონკურსანტი, რომელიც მაყურებლის გულებს იპყრობს
- 11.05.2017
გარდა შესანიშვნავი ვოკალური მონაცემებისა, ალბათ, კონკურსანტის ლამაზ თვალებსა და ღიმილს უნდა დავაბრალოთ ის დიდი პოპულარობა და სიყვარული, რომელიც ყველაზე გამორჩეული სატელევიზიო შოუს, X ფაქტორის მონაწილემ, ხვიჩა კვარაცხელიამ პირველივე ეთერიდან მაყურებლისგან დაიმსახურა და მოიპოვა.
სავარაუდოდ, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, მეტი სურთ გაიგონ თავიანთი ფავორიტი კონკურსანტის შესახებ. ხვიჩა კვარაცხელიას უკეთ გასაცნობად, იმის გასაგებად როგორ ცხოვრობდა პროექტამდე იგი, როგორ ცხოვრობს დღეს და როგორია მისი სამომავლო გეგმები, TREND. კონკურსანტს ესაუბრა.
მათ, ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის X ფაქტორი პირველი მუსიკალური პროექტი არ არის. იგი The Voice of Geogria-შიც მონაწილეობდა და მომღერალ ქეთა თოფურიას გუნდის წევრი გახლდათ. პროექტის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ქეთა თოფურიას შემოთავაზებას დათანხმდა და მასთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. სწორედ მოსკოვში დაიწყო კონკურსანტმა საკუთარ თავზე, მუსიკალური მიმართულებით აქტიური მუშაობა, ეცნობოდა რუსულ შოუბიზნესს და მისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს.
იმ პერიოდში, როცა ქართული სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მუსიკალური შოუს, X ფაქტორის ქასთინგი იწყებოდა, ხვიჩა კვარაცხელია ვიზით გათვალისწინებული დროის ამოწურვის გამო 1 თვით სამშობლოში დაბრუნდა. გადაწყვეტილებაც, მიეღო X ფაქტორში მონაწილეობა, ამ მდგომარეობის საფუძველზე მიიღო.
როგორც მაყურებელმა იხილა, ჟიურისა და ქალბატონების გულთამპყრობელი კონკურსანტი სწორადაც მოიქცა, რადგან 8 მაისს ეთერში გასული გადაცემით, ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ქართველ მაყურებელსა და ჟიურის წევრებს, რომ იგი პროექტში ღირსეული ადგილის ღირსეული მფლობელია.
"ხვიჩა არ რჩება; ხვიჩა რჩება, რჩება და რჩება!" - ამ სიტყვებით შეაფასა ხვიჩას ბოლო გამოსვლა კონკურსანტის მენტორმა სოფო ნიჟარაძემ. ხვიჩას ვთხოვეთ გაემხილა, როგორი იყო მისი ემოცია პირველი ფრაზის გაგონებისას. როგორც თავად ამბობს, იმდენად კმაყოფილი და გახარებული იყო ჟიურის შეფასებებით, იმ მომენტში გამორჩა კიდეც სოფოს მიერ ნათქვამი პირველი ფრაზა "არ რჩება" - თუმცა, იმასაც ამბობს, რომ მისი უმნიშვნელო ნერვიულობა გადაცემის ნახვის შემდეგ, უკეთ დააფიქსირა.
ხვიჩა მაყურებელს კარგ და დასამახსოვრებელ გამოსვლებს ჰპირდება, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ისეთ პროექტში, როგორიც X ფაქტორია, ძალიან ბევრი რამ კონკურსანტებზე არ არის დამოკიდებული.
"ეს, რომ ჩემი პირველი პროექტი იყოს, შესაძლოა, ძალიან დიდი იმედები დამემყარებინა, თუმცა, იმის გამო, რომ ვიცი, ხშირად მაყურებელი წყვეტს კონკურსანტის ბედს, ძალიან დიდ იმედებს ბუნებრივია არ ვამყარებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაყურებლის მხარდაჭერის იმედი არ მაქვს" - ამბობს TREND.-თან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელია.
მან თავისი მოსკოვური ცხოვრების შესახებაც გვიამბო და აღნიშნა, რომ პირველი, რაშიც ძალიან დიდი განსხვავება იგრძნო იყო დრო. სწორედ ამის გამო, თავდაპირველად, აღიარებს კიდეც, რომ ტეპს ჩამორჩა. ამის მიუხედავად მან მოახერხა და აჰყვა ქალაქის აჩქარებულ მაჯისცემას, რის შემდეგაც აქტიურად შეუდგა საკუთარ თავზე მუშაობას: ვარჯიშობდა, მონაწილეობდა სხვადასხვა ფოტოსესიებში, ძალიან ბევრს მუშაობდა ვოკალზე და ა.შ.
კონკურსანტი ყოველთვის ფიქრობდა, რომ მოსკოვი იყო ქალაქი სადაც ცხოვრებასა და საქმიანობას მოისურვებდა, თუმცა ამბობს, რომ ასე არ აღმოჩნდა. ამიტომ, ფიქრობს, რომ საკუთარი ქალაქის პოვნა აუცილებლად უნდა განაგრძოს. თვალი ევროპისა და ამერიკისკენ უჭირავს და სჯერა რომ დასავლეთში მაინც იპოვის ადგილს, სადაც დარჩენასა და კარიერის გაკეთებას დიდი სიამოვნებით შეუდგება.
ხვიჩა დაინტერესებული იყო მხატვრობითა და არქიტექტურით, თუმცა, საბოლოოდ მუსიკის სფეროში გადაწყვიტა ბოლომდე დაეხვეწა საკუთარი შესაძლებლობები და პროფესიული გზით სწორედ მუსიკის თანხლებით ევლო. იგი თავისუფალ დროსაც მუსიკას უთმობს, ჰყავს ბენდი, რომელთან ერთადაც, ამჟმად ახალ სიმღერებზე მუშაობს და მათ მსმენელს ძალიან მალე წარუდგენს.
TREND. წარმატებას უსურვებს კონკურსანტს პროექტსა და კარიერაში. ჩვენს მკითხველებს კი გაგიმხელთ, რომ ლამაზი თვალებისა და ღიმილის მფლობელი ხვიჩა კვარაცხელიას გული თავისუფალია.
თემები: მუსიკა, კონკურსი, სატელევიზიო შოუ, X ფაქტორი, ჟიური, ქართული შოუბიზნესი, კონკურსანტი, ხვიჩა კვარაცხელია
Trend.ge
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია