LIFE

სოფო საჟინიანის მეორე შანსი X ფაქტორში

სოფო საჟინიანის მეორე შანსი X ფაქტორში

გლამურული და ნიჭიერი სოფო საჟინიანი ყველაზე საინტერესო და წარმატებული სატელევიზიო პროექტის, X ფაქტორის მაყურებელმა 2017 წლის სეზონზე მეორედ იხილა. მან 2015 წლის X ფაქტორი ოთხი სკამის ტურში დატოვა. 

წელს სოფო ლელა წურწუმიას გუნდშია და მას კიდევ ერთხელ მოუწევს სკამების ტურის ვნებათაღელვას გაუძლოს. იქნება ეს სეზონი სოფოსთვის მეორე შანსი X ფაქტორში თუ არა, მაყურებლისთვის, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა, ფაქტია, 2015 წელს მის წასვლას პროექტიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, როგორც აღმოჩნდა, იგი მაყურებელმა ჯერ კიდევ იმედის ეთერში გასული გადაცემით, ნუცას სკოლით შეიყვარა და X ფაქტორში, როგორც პროფესიონალი ვოკალისტი აღიარა და აღმოაჩინა. 

სოფო საჟინიანის მეორე შანსი X ფაქტორში

TREND. კონკურსანტს, სოფო საჟინიანს ესაუბრა, რომელმაც საკუთარი მოლოდინების, ცხოვრების სტილისა და პროექტის შესახებ გვიამბო. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოფო 17 წლიდან აქტიურად უკავშირებს მუსიკას თავის ცხოვრებას და პირველი მუსიკალური კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც, ნუცას სკოლა გახლდათ. ალბათ, მიზანშეწონილი იქნება აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად მისი ვოკალური შესაძლებლობისა, სოფოს არასოდეს უვლია პედაგოგთან. იგი თვითნასწავლი ვოკალისტია და როგორც თავად ამბობს, იმ საფეხურს, რომელზეც ახლა იმყოფება, მხოლოდ საკუთარ თავზე აქტიური მუშაობის შედეგად მიაღწია. 

სოფო საჟინიანის მეორე შანსი X ფაქტორში

სოფო მიიჩნევს, რომ ადამიანი არასდროს უნდა დანებდეს. ამ შეხედულებამ, ცხოვრებისა და საქმის მიმართ აღნიშნულმა დამოკიდებულებამ განაპირობა X ფაქტორში მისი მეორედ გამოჩენაც. მიიჩნევს, რომ პროექტში კვლავ მონაწილეობა სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რომელიც საკუთარი შინაგანი ხმის კარნახით მიიღო. იგი კარგად იცნობს პროექტის წესებს და ბუნებრივია, უშვებს იმ ფაქტსაც, რომ შესაძლოა, იგი პროექტს გარეთ კვლავ დარჩეს. 

სოფოს თქმით, ეს ორი წელი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ფსიქოლოგიურად მომზადებულიყო, გაზრდილიყო და გაეძლო პროექტისთვის დამახასიათებელი თავისებურებებისთვის, როგორიც არის ოთხი სკამისა და ორი სკამის ტური. თუმცა, იმასაც ხაზს უსვამს, რომ ამ სეზონზე კონკურსანტებს შორის განსაკუთრებული დამოკიდებულებაა, რაც თავისთავად, გაცილებით სასიამოვნოს ხდის პროექტში ყოფნას. ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც წარმატებისთვის ბრძოლას ხელს უშლის, დაძაბული გარემოა და ბედნიერია, რომ ამ სეზონზე, პროექტი და მისი კონკურსანტები, ამ თვალსაზრისით, აბსოლუტურად თავისუფლები არიან. 

სოფო საჟინიანის მეორე შანსი X ფაქტორში

ვინც არ იცით, გეტყვით, რომ სოფო საჟინიანი პროფესიით იურისტია და ამჟამად, იურიდიული მიმართულებით სტაჟირებას გადის. როგორც ლექტორები წინასწარმეტყველებენ, მას აქვს ყველა თვისება იმისთვის, რომ მომავალში ძალიან წარმატებული იურისტის ამპლუაში ვიხილოთ, თუმცა, როგორც თავად სოფო ამბობს, მიუხედავად მისი იურიდიული სფეროს მიმართ დიდი სიყვარულისა, საკუთარ თავს დიდ სცენაზე ხედავს.

სოფო წლებია ცეკვავს და 2015 წლიდან იმის პარალელურად, რომ საკუთარ თავზე ვოკალის კუთხით ძალიან ბევრს მუშაობს, აქტიურადაც ვარჯიშობს. რაც შეეხება კონკურსანტის სამომავლო გეგმებს, იგი ამჯერად მხოლოდ მაყურებელზეა ორიენტირებული და დაუვიწყარ შოუსაც ჰპირდება მათ. ხოლო, როცა სოფოს ოცნებებზე ვკითხეთ, გაგვიმხილა, რომ საქართველოს სახელით ევროვიზიაზე მუსიკალური ნომრის გატანა, მისი ერთ-ერთი, ალბათ განხორციელებადი და პრიორიტეტული ოცნებაა.

სოფო საჟინიანის მეორე შანსი X ფაქტორში

X ფაქტორის ერთ-ერთი ფავორიტი კონკურსანტი, როგორც მაყურებელმა უკვე გაიგო ბიონსეს აქტიური მსმენელია, თუმცა TREND.-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ ჯოს სტოუნი არის მომღერალი, რომელიც სოფოს ყველა ნაბიჯსა თუ სიტუაციას მუსიკალურად აფორმებს.

დაიკავებს თუ არა სოფო საჟინიანი ოთხი სკამიდან ერთ-ერთს ამას მაყურებელი დღეს გაიგებს, ხოლო TREND. წარმატებას უსურვებს ნიჭიერ კონკურსანტს.



Trend.ge