LIFE

კატიანის ნამდვილი ამბავი - ყველაზე ფუმფულა ინტერვიუ

კატიანის ნამდვილი ამბავი - ყველაზე ფუმფულა ინტერვიუ

თუ გსურთ, მიიღოთ ფასდაკლება katiani/კატიანის პროდუქციაზე, ისარგებლეთ TREND.-ის პრომო კოდით (KATIANITREND.01.31). აღნიშნული პრომო კოდით 1 ივნისიდან მთელი ზაფხულის განმავლობაში, 31 აგვისტოს ჩათვლით თქვენ მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას ბრენდის მიერ შექმნილ ნებისმიერ ნივთზე. 

ჩემი კატების მიმართ განსაკუთრებული (ეს სიტყვა ბოლომდე ვერ აღწერს რეალურ დამოკიდებულებას) სიყვარული, ვერ გააქრო ქუჩაში ათასჯერ დაკაწრულმა ხელმა და ანტიბაქტერიული ვაქცინაციის უსასრულოდ რიგებში დგომამ. ყველაფერს, მაინც ერთი მსუყე, ფაფუკი, ნაცრისფერი გოგო მივსებს - სახელად ფიბი, რომელთანაც უკვე წელიწადზე მეტია, ჰარმონიულად ვთანაცხოვრობ. ალბათ, ხვდებით, რომ ყველგან გამირბის თვალი და გული, სადაც კატის მსგავსს სადმე დავინახავ. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, მარტის თვეში, როცა დაუნის სინდრომის საერთაშორისო კვირეული გაიხსნა, მის ფარგლებში გამართული ერთ-ერთი კონფერენციის გაშუქებისას, ჩემი აბსოლუტური ყურადღება ერთმა, ძალიან კატურმა კედელმა მიიქცია. ასე აღმოვაჩინე “კატიანი” და ვფიქრობ, მის შესახებ ბევრმა უნდა იცოდეთ.

ვიპოვე “კატიანის” დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი ხატია, იგივე ლილი ალფაიძე და გავესაუბრე:

კატიანის ნამდვილი ამბავი - ყველაზე ფუმფულა ინტერვიუ

ხატია, როგორ დაიბადა “კატიანის” შექმნის იდეა?

როცა უკრაინელი ბებო გყავს, რომელსაც თავის მხრივ გერმანელი დედა ჰყავდა, როცა სისხლში გაქვს ცხოველების და განსაკუთრებით კი კატების სიყვარული, ამას ვერაფერს მოუხერხებ. მაშინაც კი, როცა აღმოაჩენ, რომ თურმე ისეთი ბიჭი შეგიყვარდა, რომელსაც კატები საერთოდ არ უყვარს, არ სძულს, მაგრამ არ იყოლიებდა.

სიყვარულსაც ვერაფერს მოუხერხებ. შეგიძლია, მხოლოდ თავი დაარწმუნო - კატაში ნამდვილად ვერ გაცვლი.
ჰოდა, როცა ასე აღმოჩნდა, ბუნებრივია, დავიწყე ფიქრი, როგორ შემევსო კატის „აღარ ყოლით“ გამოწვეული დანაკლისი.

როგორ შეასხით ფრთები იმ საქმიანობას, რომელსაც უძღვებით?

ერთ დღესაც, მომივიდა იდეა, რომ გამეკეთებინა ონლაინ მაღაზია, სადაც გაიყიდებოდა ნივთები სხვადასხვა კატების გამოსახულებებით. მაშინ სტაბილური სამსახური მქონდა და ეს იდეა, უბრალოდ ჰობად მინდოდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, რომ სამსახურის მიღმა მქონოდა კიდევ რაიმე ისეთი, რაც ძალიან მიყვარს.

კატიანის ნამდვილი ამბავი - ყველაზე ფუმფულა ინტერვიუ

რა დრო დაგჭირდათ ამ პროექტის/იდეის განსახორციელებლად?

დიდი ხანი არ მიფიქრია. მაშინვე გავხსენი ფეისბუქის გვერდი, სახელის რამდენიმე ვარიანტი მქონდა, მაგრამ უალტერნატივო იყო კატიანი.
მთავარი რაც არის, იყო ის, რომ არ მინდოდა მაშინვე გაეგოთ რა იყო ეს კატიანი. ამიტომაც, გავიხსენე ჩვენი ბავშვობის საყვარელი ლექსი:
„ფისუნია კატა, მაგიდაზე ახტა,
გადმოაგდო ვაზა, ბებო გააბრაზა.“
ეს ლექსი იქცა ჩემს ინსპირაციად, თუ როგორ ამეგო ე.წ. „ბაზარზე შესვლის“ პრეკამპანია. ლექსის მიხედვით მოვიგონე ლეგენდა.

უფრო ვრცლად გვიამბეთ თქვენი ინსპირაციისა და "კატიანის" ლეგენდის შესახებ.

გაბრაზებული ბებო დაასმენს კატას, დაიჭერენ მას. ამის პარალელურად კატა ითხოვს საკანში სამუშაო ინვენტარის შეტანას და ზოგადად, სამუშაო პირობების შექმნას. ამ ამბავს აშუქებს ქართული და უცხოური მედია.
აკვირდება რა მიმდინარე მოვლენებს მოსამართლე კატამიანი, დაპატიმრებულ ფისოს შეუტანენ საკანში საკერავ მანქანას, ნაჭრებს, ძაფებს და იწყებს მუშაობას.
მოსამართლე გადაწყვეტს, რომ დაპატიმრებული კატა თავისი შრომისმოყვარეობის გამო ვადაზე ადრე გამოუშვას.

გამოდის კატა და იწყებს წარმოებას.

აი, ასეთი ლეგენდა გავაკეთე ფეისბუქზე, რომელსაც უამრავი კომენტარი, გამოხმაურება, გაზიარება მოჰყვა. გვწერდნენ გვერდზე ვინ ხართ? რას ნიშნავს კატიანი? რა იქნება და ა.შ.

კატიანის ნამდვილი ამბავი - ყველაზე ფუმფულა ინტერვიუ

გარდა ლეგენდისა, თვითონ პროდუქციით დაინტერესება რამდენად მაღალია საზოგადოებაში?

რა თქმა უნდა, აუდიტორია ძალიან მცირეა, თუმცა, საქართველოში შინაური ცხოველების ყოლის მზარდი ტრენდი შეინიშნება.

მკითხველისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, კონკრეტულად რას საქმიანობს “კატიანი” და რის არჩევანს სთავაზობს იგი მომხმარებელს?

კატიანი უხალისებს ყოველდღიურობას იმ ადამიანებს, ვისაც უყვართ კატები.
ჩვენ ვქმნით მაისურებს, ჩანთებს, ჭიქებს, სახატავ რვეულებს, ბლოკნოტებს, სანიშნებს, გულსაბნევებსა და სტიკერებს. რა თქმა უნდა მომავალში გავაფართოვებთ არჩევანს.

კატიანის ნამდვილი ამბავი - ყველაზე ფუმფულა ინტერვიუ

ხატია, რამდენი ხანია, რაც “კატიანობით” ხართ დაკავებული?

ჯერ ერთი წელი არ არის, რაც კატიანი არსებობს ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ ჩვენ უკვე გვიცნობენ და გვყავს ჩვენი მომხმარებელი, რომელიც ყოველ ახალ დიზაინს განსაკუთრებით ელოდება.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე აღმოგაჩინეთ. როგორც ვხვდები, სხვადასხვა სოციალურ პროექტებშიც ხართ ჩართული. გვიამბეთ ამის შესახებ.

დიახ, კატიანმა აიღო საკუთარ თავზე სოციალური პასუხისმგებლობა. ამ პროექტის ქუდის ქვეშ, მარტის თვეში, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს დავახატინეთ კატები, რომლებიც ჩვენს პროდუქციაზე გადავიტანეთ და გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხის ნახევარი სოციალურ საწარმოს, „ბაბალეს“ გადავეცით. ჩვენი CSR-ი სწორედ ამ საწარმოს გაძლიერებას ისახავს მიზნად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ უნდა გიამბოთ: ეს არის საახალწლო კატების სილამაზის კონკურსი. პირველად საქართველოში 3 ულამაზესი კატა შევარჩიეთ და მათ დიპლომები გადავეცით (დიახ, სწორედ კატებს გადავეცით დიპლომები).

კატიანის ნამდვილი ამბავი - ყველაზე ფუმფულა ინტერვიუ

მსგავსი პროექტები და ზოგადად, თქვენი საქმიანობა, ალბათ, ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. როგორ ახერხებთ თავი გაართვათ?

მას შემდეგ, რაც სამსახურიდან წამოვედი (ჯერ ერთი თვეც არ არის), მეტი დრო მაქვს, რომ კატიანს მივხედო.

გყავთ პარტნიორები, რომლებიც ჩართულები არიან "კატიანის" საქმიანობაში?

კატიანის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დიზაინერს. შეიძლება ბევრი კარგი იდეა დამებადოს, მაგრამ ამას განხორციელება სჭირდება. სწორედ ამიტომ, ჩემს მეგობარ მხატვარს დავუკავშირდი. მოვუყევი იდეის შესახებ და შევთავაზე პარტნიორობა. ახლა ერთად ვუძღვებით ამ საქმეს.

კატიანის ნამდვილი ამბავი - ყველაზე ფუმფულა ინტერვიუ

გარდა იმისა, რომ თავისი არსით, “კატიანი” ყველა კატის მოყვარულთათვის უნიკალურია, კიდევ რით არის გამორჩეული იგი?

გაზაფხულიდან, ყველაფერი რაც კეთდება, არის უნიკალური იმ კუთხით, რომ კატიანის არტ დირექტორი, თვითონ ხატავს გამოსახულებებს და არც ერთი ჩვენი ახალი ვიზუალი არ არის ინტერნეტიდან აღებული.
ამ კუთხით კატიანი ძალიან დახვეწილია.

სად შეუძლია მომხმარებელს კატიანის შეძენა?

მომხმარებელს ჩვენი პროდუქციის შეძენა შეუძლია ფაუნალენდში, აღმაშნებელზე მდებარე სუვენირების მაღაზიაში, ასევე გაბრიაძეზე მდებარე სუვენირების მაღაზიაში. გვაქვს მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე მაღაზიასთან და ამასაც მალე დავაანონსებთ ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე.
ასევე დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ ფეისბუქსა და ინსტაგრამზეც მოგვწერონ.

კატიანის ნამდვილი ამბავი - ყველაზე ფუმფულა ინტერვიუ

როგორია “კატიანის” სამომავლო გეგმები, რას გვპირდება იგი, კიდევ რითი გაგვაოცებთ?

სამომავლო გეგმა ძალიან ბევრი გვაქვს, რამდენნიმეს, ამ ეტაპზე გაგიმხელთ:
4 ივნისი არის „ჩაეხუტე შენს კატას“ მსოფლიო დღე და ამასთან დაკავშირებით ვაწყობთ კონკურსს. ასევე, ძალიან მალე გამოვა კატიანის ხაზი - katiani & friends, თუ რა იქნება ეს, ამის შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ. 

და ბოლოს, თქვენზეც გვიამბეთ, მოახერხა თუ არა “კატიანმა” კატის „აღარ ყოლით“ გამოწვეული დანაკლისის შევსება?

ჰო, მთავარი - ის ბიჭი, რომელიც მე შემიყვარდა, ახლა ჩემი ქმარია და ბრიტანული კატაც გვყავს, რომელსაც სახელად მარგარეტ ტეტჩერი დავარქვით, იგივე მარგო.
ჰოდა, ისეთი განსაკუთრებულობით უვლის მარგოს, ვერც კი იფიქრებ თუ ოდესმე კატა არ უყვარდა.

თუ გსურთ, მიიღოთ ფასდაკლება katiani/კატიანის პროდუქციაზე, ისარგებლეთ TREND.-ის პრომო კოდით (KATIANITREND.01.31). აღნიშნული პრომო კოდით 1 ივნისიდან მთელი ზაფხულის განმავლობაში, 31 აგვისტოს ჩათვლით თქვენ მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას ბრენდის მიერ შექმნილ ნებისმიერ ნივთზე.

ავტორი: ქეთა კანდელაკი



Trend.ge