LIFE

თეონა ჩიხლაძე 10 ივნისის ვარდისფერი ისთ ფოინთის შესახებ

თეონა ჩიხლაძე 10 ივნისის ვარდისფერი ისთ ფოინთის შესახებ

მსოფლიო ყველაზე საშინელ დაავადებას, ძუძუს კიბოს ებრძვის. სიმსივნურ დაავადებებს შორის ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული დაავადების ფორმაა, რომელიც რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ უცხოეთის ქვეყნების პრობლემა არ არის, საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას საქართველოშიც.

სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 2016 წელს რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 1657 ახალი შემთხვევა (რაც 32,6% შეადგენს), 2016 წელს სარძევე ჯირკვლის ახლად გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობაში I და II სტადიაზე გამოვლენის წილმა თითქმის 50% შეადგინა.

თეონა ჩიხლაძე 10 ივნისის ვარდისფერი ისთ ფოინთის შესახებ

აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველი მეორე ქალი ჩვენს სამშობლოში სწორედ ძუძუს კიბოს მიზეზით იღუპება. ამ დაავადების პრევენციისთვის, მის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით, 10 ივნისს 12:00 საათზე სავაჭრო ცენტრის, ისთ ფოინთის ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს ორგანიზებით, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საქველმოქმედო აქცია იმართება, სახელწოდებით Pink for charity at East Point/ვარდისფერი ქველმოქმედებისთვის ისთ ფოინთში.

თეონა ჩიხლაძე 10 ივნისის ვარდისფერი ისთ ფოინთის შესახებ

სავაჭრო ცენტრში დაგეგმილი საქველმოქმედო ღონისძიების შესახებ TREND. სავაჭრო ქალაქის, ისთ ფოინთის მერს, თეონა ჩიხლაძეს ესაუბრა. როგორც ქალაქის მერმა, თეონა ჩიხლაძემ აღნიშნა, პირველი და უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რის გამოც ისთ ფოინთი აღნიშნულ მარათონს მხარს უჭერს და მისი განხორციელების ერთ-ერთ ეპიცენტრად მოიაზრება წელს, ის არის, რომ მნიშვნელოვანია იმ ქალების ამ ფორმით მხარდაჭერა, რომლებიც ძუძუს კიბოს ებრძვიან. მისივე თქმით, არანაკლებ პრიორიტეტულია, ამ დაავადების მქონე ქალებმა განაგრძონ საზოგადოებრივად აქტიური ცხოვრება და არ დაირღვეს მათი ჩვეული ცხოვრების წესი. როგორც თავად თეონა ამბობს, მას კარგად ესმის რომ მსგავსი საკითხების მოგვარება და ხელშეწყობა მეტწილად დამოკიდებულია თავად საზოგადოებაზე, გარემოზე, ოჯახზე და ახლობლებზე.

"სწორედ ამ მიზეზით, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისა და ამ პრობლემის უკეთ გაცნობიერების პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობისა და ინფორმირებულობის მაღალი მაჩვენებლის მიზნით, ისეთ კეთილშობილურ საქველმოქმედო აქციაში, როგორიც საქართველოს მარათონია სიცოცხლის გადასარჩენად, ისთ ფოინთმაც დაინახა თავისი თავი და სიამოვნებით ჩაერთო, რომელიც 10-ში გაიმართება და 11 ივნისის მხარდასაჭერ კამპანიად და წინაპირობადაც შეიძლება მოვიაზროთ" - განმარტავს ისთ ფოინთის მერი. 

რაც შეეხება უშუალოდ 10 ივნისს ისთ ფოინთის ტერიტორიაზე დაგეგმილ ღონისძიებებს, როგორც თეონა ჩიხლაძე აღნიშნავს, ძალიან საინტერესო ღონისძიება იგეგმება, მთელი ისთ ფოინთი გავარდისფერდება, მოეწყობა Pink Pop-up Shop, რომელიც ქართველი დიზაინერებისა და სტარტაპერების გამოფენა გაყიდვას ითვალისწინებს. 

თეონა ჩიხლაძე 10 ივნისის ვარდისფერი ისთ ფოინთის შესახებ

"10 ივნისს დაგეგმილი ღონისძიება მთლიანად საქველმოქმედო ხასიათისაა და მე პირადად ამ დღისთვის განსაკუთრებით ვემზადები. მთელი ისთ ფოინთი მობილიზებულია და მზად არის მასშტაბური სახე მისცეს ამ დღის ღონისძიებებს. ჩემთვის ძალიან ახლობელია ვარდისფრად შეფერვის თემატიკაც და ამ საკითხის მიმართ გარკვეულწილად სუბიექტურიც კი ვარ.  სიმბოლურია და დამატებით ემოციებთან არის დაკავშირებული ისიც, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, 12 ივნისს გაიმართა მერის ინაუგურაციის ცერემონიაც და თავად მერი ვარდისფერის, როგორც ისთ ფოინთის დომინანტი ფერის მომხრე ყოველთვის იყო და არის" - ამბობს თეონა ჩიხლაძე. 

10 ივნისს ისთ ფოინთის სტუმრებს საშუალება ექნებათ 11 ივნისს, კუს ტბის ტერიტორიაზე დაგეგმილი მარათონისთვის რეგისტრაციის გავლა. გაიყიდება სპეციალურად ამ თემატიკაზე შექმნილი, ძლიერი და ლიდერი ქალების პრინტიანი ჩანთები. გარდა ამისა, ისთ ფოინთი სტუმრებს სხვადასხვა სახალისო აქტივობასაც სთავაზობს და ამ ფორმით სავაჭრო ქალაქი მხარს უჭერს ისეთ მნიშვნელოვან მარათონს, როგორიც არის "საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად".

ავტორი: ქეთა კანდელაკი



Trend.ge