სტილი

Katy Perry კონცერტზე ქართველი ბრენდის ტანისამოსით წარსდგა

Katy Perry კონცერტზე ქართველი ბრენდის ტანისამოსით წარსდგა

ის, რომ ქართველი დიზაინერები მსოფლიოს მასშტაბით ცნობადობასა და აღიარებას დღითიდღე იხვეჭენ, სიახლე არ არის. თუმცა, უკანასკნელი წარმატება საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა - ეს წარმატება კი ქართველი დების, ნინა და გვანცა მაჭარაშვილების ბრენდს, MACH&MACH-ს ეკუთვნის. 

Katy Perry კონცერტზე ქართველი ბრენდის ტანისამოსით წარსდგა

მსოფლიოში ცნობილმა ვარსკვლავმა Katy Perry-მ გუშინ, ლოს ანჯელესში გამართულ კონცერტზე MACH&MACH-ის უახლესი, 2017-2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან ერთ-ერთი, ვერცხლისფერი კოსტიუმი მოირგო. ის, რომ მომღერალი ძალიან ბევრი სხვადასხვა დიზაინერის სამოსს ატარებს ყველასთვის ცნობილია, თუმცა, აღნიშნული სიახლე არა მხოლოდ დიზაინერი დებისთვის, არამედ სრულიად ქვეყნის სახელისთვისა და ცნობადობისთვის მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, რომ ქართული მედიის ყურადღებაც მიიპყრო. TREND. MACH&MACH-ის შემქმნელებს, ნინა და გვანცა მაჭარაშვილებს დაუკავშირდა და აღნიშნულ წარმატებაზე ესაუბრა. 

Katy Perry კონცერტზე ქართველი ბრენდის ტანისამოსით წარსდგა

როგორც დიზაინერები თავად აღნიშნავენ, Katy Perry-ს MACH&MACH-ის სამოსში გამოჩენა მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. მათი თქმით, მომღერლის ასისტენტები ბრენდთან კომუნიკაციაზე თავად გამოვიდნენ და სხვადასხვა ფოტოების გაგზავნა მოსთხოვეს. აღნიშნულის შემდეგ, ვერცხლისფერი კომბინიზონი, რომელიც გუშინდელ ლაივზე Katy-მ მოირგო, დებმა მომღერალს გაუგზავნეს, თუმცა, ბოლო წუთამდე არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები მომღერლის წარმომადგენლებსა და ბრენდს შორის რეალურ სახეს მიიღებდა. 

დები, ნინა და გვანცა მაჭარაშვილები აღნიშნავენ, რომ ეს მოულოდნელობა მათთვის წარმოუდგენლად სასიამოვნო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი დიდი მოწონებით სარგებლობს, მათ მიერ შექმნილ ტანისამოსსა და ფეხსაცმელს ატარებს არა ერთი ცნობილი ადამიანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც, Katy Perry აღმოჩნა პირველი საერთაშორისო მასშტაბებით ცნობილი სელებრითი, რომელმაც არჩევანი ქართულ ბრენდზე - MACH&MACH-ზე შეაჩერა. 

დიზაინერები TREND.-თან საუბარში აღნიშნავენ, რომ ეს შემთხვევა დიდი სტიმული აღმოჩნდა და იმედოვნებენ, რომ MACH&MACH იქნება ბრენდი, რომელსაც კიდევ არა ერთი მსოფლიოში ცნობილი ადამიანი მოირგებს.

ავტორი: ქეთა კანდელაკი



Trend.ge