უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მოდის სამყაროსთვის ბოლო პერიოდი საკმაოდ წარმატებული და ღირსშესანიშნავი აღმოჩნდა. ამჯერად საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ახალგაზრდა და ნიჭიერი ქართველი დიზაინერი, გიორგი ქებურიაა. ქართველი მოდის კრიტიკოსები ხშირად გიორგის მიღწევებს განსაკუთრებულად აღნიშნავენ და ხაზს უსვამენ იმას, რომ ამ ახალგაზრდა დიზაინერმა ყველაფერს დამოუკიდებლად, საკუთარი უსაზღვრო ნიჭის წყალობით მიაღწია.
გიორგი ქებურიას წარმატებამ ქართული მოდის სამყარო საქართველოსგან ძალიან შორს ამოგზაურა და ამჯერად მსოფლიო ვარსკვლავამდე, გამორჩეულ, ექსტრავაგანტულ Lady Gaga-მდეც მიგვიყვანა.
დიზაინერმა დღეს დილას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავი გიორგის უახლესი კოლექციიდან F/W 2017-2018-დან ერთ-ერთი კოსტიუმით არის წარმოდგენილი.
TREND. დაინტერესდა როგორ გავიდა კონტაქტზე მსოფლიო ვარსკვლავი ქართველ დიზაინერთან და აღნიშნულის შესახებ ესაუბრა:
გიორგი, ვინ დაგიკავშირდათ კოსტიუმების მსოფლიო ვარსკვლავისთვის გაგზავნის თხოვნით?
დამიკავშირდა უშუალოდ Lady Gaga-ს სტილისტი, ბრენდონ მაქსველი. რომელმაც აარჩია რამდენიმე "ლუქი" ჩემი ახალი კოლექციიდან და მთხოვა გამეგზავნა. შემდეგ არჩევანი თავად ვარსკვლავს უნდა გაეკეთებინა და როგორც ვხედავთ გააკეთა კიდეც.
როგორც შენ მიერ ფეისბუქზე განთავსებული ფოტოთი მივხვდით, მსოფლიო ვარსკვლავი დასასვენებლად იმყოფება. ხომ არ იცით კონკრეტულად რა ვითარებისთვის მოირგო მან შენი კოლექციიდან ერთ-ერთი კაბა?
ამის შესახებ ინფორმაციას მისი სტილისტებისგან ჩვენც ველოდებით. მივწერეთ და ამ ეტაპზე ველით პასუხს, თუმცა, როგორც ვიცი მომღერალი იმყოფებოდა ფილმის გადაღებაზე, რომელიც ძალიან მალე უნდა გამოვიდეს და ეს ფილმი, როგორც ჩვენთვის ცნობილია არის თავად Lady Gaga-ზე.
გიორგი, კოსტიუმების გაგზავნის შემდეგ რამდენად ელოდი, რომ ვარსკვლავი შენს ტანისამოსში გამოჩნდებოდა?
სიმართლე გითხრათ, დარწმუნებულიც ვიყავი, რომ ერთ-ერთ კოსტიუმს აუცილებლად მოირგებდა. მეტიც, ვფიქრობ, რომ ეს არ არის ჩემი ერთადერთი კაბა, რომელშიც მომღერალი გამოჩნდა. მგონია, რომ სხვა კოსტიუმებსაც აუცილებლად მოირგებს.
საერთაშორისოდ ცნობილ სახეებს შორის Lady Gaga პირველია, რომელმაც შენ მიერ შექმნილი სამოსი მოირგო?
რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა ცნობილმა მომღერალმა უკვე მოირგო ჩემი სამოსი, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ისეთი მასშტაბებით პოპულარული ვარსკვლავი, როგორიც არის Lady Gaga, პირველია.
მსგავსი დაინტერესება და წარმატება რას ნიშნავს გიორგი ქებურიასთვის, როგორც ახალგაზრდა დიზაინერისთვის?
ძალიან მიხარია ეს ფაქტი და ჩემთვის დიდი სტიმულია და გაცილებით მეტი მოტივაციაა, რა თქმა უნდა.
გიორგი, გაგვიმხილე კოსტიუმის ღირებულება, რომელიც ვარსკვლავის რჩეული აღმოჩნდა?
ფასები ჯერ არ ვიცით გამომდინარე იქედან, რომ ჯერ გაყიდვაში არ არის ბოლო კოლექცია. აგვისტოში ჩაეშვება და შესაბამისად, მაგ დროისთვის გვეცოდინება.
ავტორი: ქეთა კანდელაკი
თემები: სტილი, ცნობილი ადამიანები, ტრენდი, ვარსკვლავების ჩაცმულობა, 2017 წლის ტენდენციები, ქართველი დიზაინერები, Georgian Designers, ქართული ბრენდი, ვარსკვლავები, F/W, 2017/2018
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია