ტრიქოლოგები აცხადებენ, რომ ადამიანს დღეში საშუალოდ 60-100 თმის ღერი სცვივა და ამაში საგანგაშო არაფერია; თანაც თუ გრძელი თმა გაქვს, დანაკარგი უფრო დრამატული გეჩვენება. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც თმის ცვენა ნორმის ფარგლებს სცდება და ექიმის ჩარევა გესაჭიროება.
აშშ-სკლინიკა Cleveland-ის პროფესორი, დერმატოლოგი მელისა პილიანგი აცხადებს, რომ ბაზარზე არსებული თმის ცვენის შემაჩერებელი უამრავი ძვირადღირებული შამპუნიდან მხოლოდ რამდენიმეა ეფექტური: „ნუ მოტყუვდებით მბრწყინავი რეკლამებით და სალონების მფლობელების მიმზიდველი ილეთებით! თმის ცვენას გაცილებით კომპლექსური მკურნალობა სჭირდება!“
რა იწვევს თმის ცვენას?ტრიქოლოგები თმის ცვენის გამომწვევ მრავალ მიზეზზე საუბრობენ: სტრესი, ანტიდეპრესანტები, მკაცრი დიეტა, ორგანიზმში რკინის დეფიციტი, წნევის დამწევი პრეპარატები და აკნეს სამკურნალო აბები ხანადახან შენი თმის ცვენის ციკლს არღვევს.
ამ ჩამონათვალს ტესტოსტერონის შემცველი პრეპარატებიც ემატება, რომლებსაც ზოგიერთი ქალი სექსუალური ლტოლვის გასაღვივებლად იღებს. თმის ცვენა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების ხშირი თანმდევი სიმპტომიცაა; ასევე ეს პრობლემა ბევრ ქალს მშობიარობის შემდეგაც აწუხებს, როდესაც ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს.
როგორ მოვიქცე ამ დროს?
დაივიწყე ნიორი, კვეცხი, თაფლი და სხვა შინაური მეთოდებით დამზადებული გოგლი-მოგლები. იმოქმედე პროაქტიულად! თუ ატყობ, რომ თმა შეგითხელდა, სასწრაფოდ ტრიქოლოგს მიმართე. მნიშვნელობა არ აქვს, თმის ცვენა რამ გამოიწვია — პრობლემას რაც უფრო ადრე დაადგენ, მით მალე მოაგვარებ.
როგორც წესი, ტრიქოლოგი / დერმატოლოგი შენს სამედიცინო ისტორიას გაეცნობა, შემდეგ კი სისხლის ანალიზებს და სკალპის ბიოპსიას დაგინიშნავს. ბიოპსიის ნუ შეგეშინდება, ის სულ რაღაც 5-წუთიანი მარტივი პროცედურაა: თმის ფოლიკულებს იკვლევენ და ადგენენ, ცვენა გენეტიკურმა, ანთებითმა, ინფექციურმა თუ ფიზიკური დატვირთვით გამოწვეულმა ფაქტორებმა განაპირობეს. თუ ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ მაგალითად სისხლში რკინის დაბალი შემცველობა გაქვს, ექიმი ვიტამინების სპეციალურ დანამატს დაგინიშნავს; იმ შემთხვევაში კი, თუ ცვენა მენოპაუზითაა გამოწვეული — ზოგჯერ ჰორმონალური თერაპიაც ინიშნება. პროფესორ პილიანგის განცხადებით, ცვენის მიზეზი ორგანიზმში ესტროგენის დონის დაწევაც შეიძლება იყოს.
მკურნალობის მეთოდები
თუ ანალიზების შედეგად არაფერი დადგინდა, შესაძლებელია ანდროგენული ალოპეცია გქონდეს — ასაკთან ერთად თმის ფოლიკულების გათხელების მემკვიდრეობითი ტენდენცია. ამ პრობლემის სამკურნალოდ Food and Drug Administration-ის (საკვების და წამლების ადმინისტრაცია) მიხედვით ერთადერთი ნივთიერების — მინოქსიდილის შემცველი პრეპარატებია ნებადართული. მკურნალობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია — 6 თვიდან 1 წლამდე გრძელდება და პაციენტების 80 პროცენტში ცვენის პროცესს აჩერებს, დაახლოებით ნახევარს კი ახალი თმის ამოსვლაც დაეწყო. ექიმის დანიშნულებით, მინოქსიდილის შემცველი სხვადასხვა წამალი დღეში 1-2-ჯერ უნდა გამოიყენო.
გენეტიკური პრობლემების დროს ექიმები ფინასტერიდის შემცველ პრეპარატებსაც ნიშნავენ, თუმცა ისინი ქალებისთვის ნებადართული არ არის, რადგან სხვა უკუჩვენებებთან ერთად, ორსულებში ჩანასახის დეფექტების განვითარებას იწვევს.
არსებობს საკმაოდ ძვირადღირებული ლაზერული სავარცხლებიც, რომლებიც თმის ფოლიკულების სტიმულირებას ახდენს. მათი ფასი 300-იდან 800 აშშ დოლარამდე მერყეობს და შეგიძლია ონლაინ-მაღაზიებში შეიძინო. თუმცა ეს სავარცხლები მხოლოდ მამაკაცებისთვისაა ნებადართული და საკვების და წამლების ადმინისტრაცია მის მწარმოებელ ერთადერთ ბრენდს — Laser Comb-ს აღიარებს; თანაც პროფესორები აცხადებენ, რომ მათ შესახებ გრძელვადიანი კვლევები არ არსებობს, ამიტომ ვერც საბოლოო შედეგებზე გვაძლევენ გარანტიას.
რაც შეეხება თმის ტრანსპლანტაციას, ანუ გადანერგვას, ის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ინიშნება — როდესაც მკურნალობის ყველა მეთოდი უშედეგოა.
ნუ გახდები სარეკლამო ხრიკების მსხვერპლი
მიუხედავად იმისა, რომ თმის ამოსვლას ბევრი პროდუქტი გპირდება, ეს მხოლოდ მინოქსიდილის შემცველ პრეპარატებს შეუძლია. შამპუნები და ვიტამინები თმას ჯანსაღ ელფერს ნამდვილად სძენს, თუმცა მათი მოხმარებით ახალი ღერების ამოსვლა შეუძლებელია. სამედიცინო სკოლა Duke University-ს კონსულტანტი პროფესორი, დერმატოლოგი ზოდაია ნადრელოსი აცხადებს: „არ არსებობს ვიტამინი, რომელსაც თმა ამოჰყავს. თუ ცვენა კალორიების დეფიციტითაა განპირობებული, მაშინ მარტივი მულტივიტამინიც საკმარისია. სამკურნალო თვისებას პალმის ზეთსაც მიაწერენ, თუმცა მისი მოქმედება კლინიკურად დამტკიცებული არ არის“.
მოკლედ, თუ თმის ცვენის სერიოზული პრობლემა გაქვს, ნუ დაკარგავ დროს შინაური მეთოდებით წამლების მომზადებაში და ნუ გაიღებ ზედმეტ ხარჯებს რეკლამებში ნანახი პროდუქციისთვის! დროულად მიმართე ტრიქოლოგს და პრობლემას კომპლექსურად შეებრძლე.
თემები: თმის ცვენა, თმის ბუდობრივი ცვენა, ალოპეცია, ტრიქოლოგია, ტრიქოლოგების რჩევები, როგორ მოვიქცე თმის ცვენის დროს?, ვის მივმართო თმის ცვენის დროს?, თმის ცვენა ქალებში
წყარო: <a href="http://www.nytimes.com/2010/01/16/health/16patient.html?_r=1">THE NEW YORK TIMES</a>, <a href="http://www.womenshealthmag.com/beauty/how-much-hair-loss-is-normal">Women's Health</a>