მშობლები

#მეაქვარ #შენსადხარ?

#მეაქვარ #შენსადხარ?

კამპანიას #მეაქვარ ახორციელებს „აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი“, რომელიც 2015 წელს აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელმა, სოფიო კერესელიძემ სხვა მშობლებთან ერთად დააფუძნა. ქალბატონი სოფო კერესელიძე გახლავთ ადამიანი, რომელმაც 2010 წელს, ამერიკელ სპეციალისტებთან კონსულტაციით და დახმარებით, საქართველოში პირველი ბავშვთა აუტიზმის ცენტრი დაარსა. ცენტრი განვითარდა და მშობლების საერთო გადაწყვეტილებით და ილიაუნის ჩართულობით უკვე 2014 წლიდან გარდაიქმნა ილიაუნის ბავშვთა და მოზარდთა გავნითარების კლინიკად. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ თბილისში სხვა ანალოგიური ცენტრები გაჩნდა.

#მეაქვარ #შენსადხარ?

აღნიშნული ინსტიტუტი მხოლოდ 15 წლამდე ბავშვებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას ემსახურება. 15 წლიდან კი, ისევე როგორც, 2010 წლამდე პირველი ცენტრის დაარსებამდე, კვლავ არაფერია. სწორედ ეს გახდა მშობლების ერთ- ერთი მთავარი მოტივაცია დაეარსებინათ ფონდი, რომელიც იზრუნებდა აუტიზმის მქონე ადამიანების სოციალური ადაპტაციისთვის საჭირო გარემოს შექმნაზე.

 თათია მელაშვილი:

„მშობლებმა გადავწყვიტეთ აგვეშენებინა უკვე მეორე საფეხურის ცენტრი, 15 წლის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის. ასე გაჩნდა აუტიზმის ეროვნული ცენტრის დაარსების იდეა. აღნიშნული ცენტრი დიდი კომპლექსი იქნება, რომელშიც მოიაზრება სასწავლო კომპონენტი, როგორც აკადემიური განათლებისთვის, ასევე აუტიზმის მქონე ადამიანების უნიკალური უნარების გამოვლენისა და მათი განვითარებისთვის. ასევე, იგეგმება აუტიზმის მქონე ადამიანების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოსამზადებლად 24 საათიანი მონიტორინგის კოტეჯების მშენებლობა, სადაც ისინი ისწავლიან დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს და ასევე, კრიზისული პერიოდის შემთხვევაში, მათთან მუდმივად იქნებიან სპეციალისტები-თერაპევტები.


აუტიზმის ეროვნული ცენტრის ერთ- ერთი მთავარი კომპონენტი იქნება სოციალური საწარმოები, რომლებშიც ბენეფიციარები შეისწავლიან სამუშაო უნარ-ჩვევებს. უკვე ზრდასრულ ასაკში ამ უნარ-ჩვევებს მათი ნაწილი გამოიყენებს სხვადასხვა ორგანიზაციაში, კომპანიაში. ვინც ვერ შეძლებს დამოუკიდებლად დასაქმებას, იმუშავებენ აუტიზმის ეროვნული ცენტრის სოციალურ საწარმოებში, ექნებათ თავიანთი შემოსავალი და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობა.

აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობისთვის მიმდინარე წლის სექტემბერში ქ. თბილისის მერიამ ფონდს სარგებლობაში გადმოსცა ქ. თბილისში 2ჰა მიწის ნაკვეთი. ამჟამად მიმდინარეობს ცენტრის პროექტირების პროცესი.

#მეაქვარ #შენსადხარ?

ფონდი უკვე რამდენიმე წელია ატარებს საქველმოქმედო აქციებს. მათ შორის საქველმოქმედო კონცერტებს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს -2 აპრილს. კონცერტებიდან შემოსული თანხა, ისევე როგორც მიმდინარე აქციით #მეაქვარ, მთლიანად მიემართება აუტიზმის ეროვნული ცენტრის პროექტირების ხარჯებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრი საკმაოდ მასშტაბური იქნება და დიდ დროს და ენერგიას საჭიროებს პროექტირებისას მისი ფუნქციონალურად სწორი დაგეგმარება.

სწორედ ამ პროცესისთვის საჭირო თანხების მობილიზაციისთვის დაიგეგმა აქცია #მეაქვარ, #შენსადხარ? , მაგრამ ამ აქციას მხოლოდ ფინანსური დანიშნულება არ აქვს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გამოხატოს თავისი მხარდაჭერა აუტიზმის მქონე ადამიანების მიმართ, რომელთა რაოდენობა ძალიან დიდი სისწრაფით მატულობს. ასევე, მნიშვნელოვანია აუტიზმის მქონე ადამიანებმა მიაწვდინონ ხმა საზოგადოებას, რომ ისინი აქ არიან, თქვენს გვერდით და მათ თქვენ სჭირდებით.

ამდენად, ამ სლოგანს აქციას #მეაქვარ #შენსადხარ? ორმხრივი მოწოდების დანიშნულება აქვს.

#მეაქვარ #შენსადხარ?

აქციამ უკვე ფართო გამოხმაურება ჰპოვა ჩვენს საზოგადოებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მშობლებისთვის და გვაძლევს ძალას და იმედს, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და თქვენთან ერთად ავაშენებთ აუტიზმის ეროვნულ ცენტრს. მივცემთ აუტიზმის მქონე ადამიანებს ბედნიერი, სრულფასოვანი ცხოვრების შანსს.

აქციაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ სხვადასხვა კომპანიები: „გუდვილი“, „კარფური“, „სპარი“, ტელეკომპანიები; სხვადასხვა საზოგადეობრივი ჯგუფები, მედიის წარმომადგენლები, ცალკეული ადამიანები. არ მინდა ყველა ჩამოვთვალო, რომ ვინმე არ გამომრჩეს და ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი გულისხმიერებისთვის, მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.

აქციის ფარგლებში იყიდება სტიკერები წარწერით #მეაქვარ. ეს სტიკერები იყიდება გუდვილის, კარფურის და სპარის სავაჭრო ქსელებში და მისი ღირებულება 2 ლარია. სოციალური ქსელებით ვრცელდება ვიდეო მიმართვები აქციაში მონაწილე ადამიანების და ისინი მოუწოდებენ თავიანთ მეგობრებს შეიძინონ სტიკერები, ჩაერთონ აქციაში და გამოიწვიონ ერთმანეთი.

#მეაქვარ #შენსადხარ?

სტიკერების გაყიდვით შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ცენტრის პროექტირების ხარჯებს. ჩვენ მშობლები ვგეგმავთ, რომ აქციიდან შემოსული თანხის და შემდგომში ამ თანხით შექმნილი პროექტების შესახებ ინფორმაცია ვაცნობოთ ჩვენს საზოგადოებას, რადგან ამ ყველაფერში თითოეული მათგანის წვლილი იქნება.

თითოეულ სტიკერში გადახდილი 2 ლარი, აუტიზმის მქონე ადამიანების მომავალია. თითო წინ გადადგმული ნაბიჯია აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობისკენ.

და ყველაზე მთავარი - როგორც უკვე აღვნიშნე, თითოეული ადამიანი,ვინც აღნიშნულ აქციაში ერთვება არის ჩვენი იმედი, ჩვენს შემდეგ... ჩვენი საყრდენი და მოტივაცია, რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!

 დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც უკვე შეიძინა ერთი სტიკერი მაინც და ჩაერთო აქციაში. თქვენ ჩვენი იმედი ხართ!!“

 https://www.youtube.com/watch?v=7tHbx4z13NU#action=share