ადამიანები, რომლებიც ნაძვის ხეს ახალწლამდე ბევრად ადრე რთავენ, უფრო ბედნიერები არიან - კვლევის შედეგი
- 06.12.2021
თუ ვერ ისვენებთ, ვერ ელოდებით ახალი წლის ღამეს და ერთი სული გაქვთ, როდის მორთოთ ნაძვის ხე და სახლი საახალწლო დეკორაციებით, ეს ცუდი არ არის. კვლევის თანახმად, თქვენ სხვებზე უფრო ბედნიერი ადამიანი ხართ.
თუ საახალწლო განათებებს ახალ წლამდე ბევრად ადრე რთავთ, ეს მიუთითებს, რომ შინაგანად ბავშვი ხართ.
საახალწლო დეკორაციები ადამიანს ბავშვობას ახსენებს, თავს ბედნიერად აგრძნობინებს და ცოტა ხნით ავიწყებს პასუხისმგებლობებსა და სტრესს, რომელიც ზრდასრული ადამიანის ცხოვრებასთანაა დაკავშირებული.
ფსიქოანალიტიკოსი სტივ მაკკოენი საახალწლო დეკორაციების ადრე გაწყობის სურვილს სხვადასხვა მიზეზს უკავშირებს. მისი თქმით, ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ კონკრეტული ადამიანი შინაგანად მოუთმენელი ბავშვია, ასევე შესაძლოა ამის მიზეზი ის იყოს, რომ ადამიანს, უბრალოდ სურს ბავშვობა გაიხსენოს და საახალწლო დეკორაციების საშუალებით სასიამოვნო განწყობა შეიქმნას, ან უბრალოდ ქვეცნობიერად სჯერა საახალწლო დეკორაციების მაგიური ძალის და თვლის, რომ ყოველივე ბედნიერებას მოუტანს.
„თანამედროვე მსოფლიო სავსეა ადამიანებით, რომლებსაც შფოთვა და სტრესი აწუხებთ და რა თქმა უნდა, მათ სურთ ცხოვრებაში შეიტანონ ისეთი სიახლეები, რაც ბედნიერებას მოუტანთ.
საახალწლო დეკორაციებს კი დიდი ძალა აქვთ ადამიანის ცხოვრებაში ბედნიერების შეტანის კუთხით. ზრდასრულ ადამიანსაც ისევე აბედნიერებს ის, როგორც პატარას. საახალწლო დეკორაციებს აქვთ მაგიური ძალა ზრდასრული ადამიანი ბავშვობაში დააბრუნოს და მას სასიამოვნო მოგონებები გაახსენოს“, - ამბობს მაკკოენი.
კვლევის თანახმად სახლის საახალწლო დეკორაციებით მორთვა არა მხოლოდ თქვენს სახლს და თქვენ გავსებთ სადღესასწაულო მხიარულებით, არამედ ის გეხმარებათ უკეთესი კავშირი დაამყაროთ სამეზობლოსთან.
უფრო კონკრეტულად კი, თუ სახლის გარე ფასადებს საახალწლო დეკორაციებით მორთავთ, მეზობლები თქვენ უფრო მეგობრულად აღგიქვამენ.
თემები: რჩევები, ახალი წელი, ნაძვის ხე