იყო საჯარო პირი - ეს მარტივი არ არის. ცნობილი ადამიანები, მათი ცხოვრება, თითოეული ნაბიჯი საზოგადოების განხილვის საგანია და მათი ცხოვრების წესი, გარკვეულწილად, სხვებისთვის სამაგალითოა.
ცნობილი ადამიანები ახერხებენ იყონ ბედნიერები და წარმატებულები და ამის მისაღწევად ყველას საკუთარი მეთოდი აქვს.
რა არის კეთილდღეობისა და ბედნიერი ცხოვრების მთავარი გასაღები? - თავის შეხედულებას და გამოცდილებას ადამიანებს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა უზიარებს.
ობამამ იცის, რომ ბედნიერი ცხოვრების გასაღები ბალანსის პოვნაა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი გოგონებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა. ობამამ სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა ქალების უფლებებსა და განათლების მიღების აუცილებლობაზე.
20 წლის განელი გოგონა, პერლ კირმირი დაინტერესდა იმით, თუ რა არის მისი ყველაზე ეფექტური ყოველდღიური ჩვევა, რომელიც წარმატებისა და ბედნიერების პოვნაში ეხმარება. კითხვაზე მიშელმა ძალიან საინტერესოდ უპასუხა:
„ყველაზე ეფექტური ჩვევა ასეთია - ყოველ დილით ვაძლევ საკუთარ თავს პირობას, რომ ვიქნები ბედნიერი. უნდა ვიყო ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანსაღი, ემოციურად მდგრადი, უნდა ვიკვებო ჯანსაღად, დავკავდე ფიზიკური აქტივობით. ეს ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. როგორც ქალისთვის, მათი შესრულება შეიძლება გამოწვევა იყოს, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვასწავლიან ასე მოქცევას და ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ როცა საკუთარ თავზე ვზრუნავთ, ეგოისტურად ვიქცევით“, - ამბობს მიშელ ობამა.
მისივე გამარტებით, წლების განმავლობაში მიხვდა, რომ ოჯახის კეთილდღეობისთვის, პირველ რიგში, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ თავად იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი.
„მე ვისწავლე, რომ როცა საკუთარ თავს პრიორიტეტად ვაქცევ და ნებისმიერ ჩემს საყვარელ ადამიანზე უფრო მეტად ვაყენებ წინა პლანზე, ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, სასარგებლოა, მაგრამ მათთვისაა კიდევ უფრო მეტად სასარგებლო. როცა მე ბედნიერი და ჯანმრთელი ვარ, ჩემი ოჯახის წევრებიც ბედნიერები და ჯანმრთელები არიან“, - ამბობს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი.
ობამამ ასევე დაამატა, რომ ბედნიერებისთვის აუცილებელია იცოდეთ, როგორ თქვათ „არა“.
„მე გავათავისუფლე საკუთარი თავი და ყველაფერზე აღარ ვამბობ - „დიახ“. შემიძლია გავაკეთო არჩევანი და ავირჩიო ის, რაც უფრო მეტად გამაბედნიერებს” - ამბობს ის.
უკვე წლებია მიშელი თავის საქმიანობით ქალების უფლებებსა და კეთილდღეობაზეა ფოკუსირებული. ის ამბობს, რომ ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია.
ის დაკავებულია კიკბოქსინგით, ასევე მიმართავს პილატესს, როცა თვლის, რომ მისი ფიგურა აღარ არის ჩვეულ ფორმაში.
„ვარჯიში პრიორიტეტად ვაქციე, რადგანაც გავაანალიზე, რომ ბედნიერება პირდაპირ არის მიბმული ფიზიკურ აქტივობასა და შესაბამისად, ჯანმრთელობაზე. მსურს, რომ ჩემი გოგონები უყურებდნენ დედას, რომელიც ზრუნავს საკუთარ თავზე“, - თქვა მიშელმა 2009 წელს ოპრასთან ინტერვიუში.
თემები: ქალები, რჩევები, მიშელ ობამა, ძლიერიქალი
<a href="https://www.huffingtonpost.com">https://www.huffingtonpost.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია