- ერთი სრული თვეც აღარ დარჩა ახალი წლის დადგომამდე, რომელსაც არამც და არამც არ უნდა შეხვდეთ მოუგვარებელი პრობლემებით, გადადებული და დაუმთავრებელი საქმეებით. ამიტომ დაიწყეთ მარტივით და განაახლეთ თქვენი გარდერობი, CV, გაასუფთავეთ კომპიუტერის მეხსიერება.
- მსგავსი საკითხების მოწესრიგება ყოველთვის მოსაბეზრებელი და მოსაწყენია, თუმცა, გასაკეთებელი საქმეების ნუსხაში მათი შეტანა აუცილებელია. სანამ სახლის დეკორაციაზე ზრუნვას დაიწყებთ, მის დალაგებას შეუდგებით, სასურველია, უპირველესად, გადასახადებთან, ბიუჯეტთან და სამსახურთან დაკავშირებული საქმეები მოაგვაროთ. წლის ბოლოს დაგროვილ სტრესსა და პანიკას ამ გზით ყველაზე მარტივად მოიშორებთ თავიდან.
- სხვათა შორის, არ არსებობს ამაზე კარგი დრო მსგავსი საკითხების მოსაგვარებლად. ყველა დაუმთავრებელი და სავალდებულო საქმის თავიდან მოშორების შემდეგ, საშუალება გექნებათ, დაიწყოთ ახალი წელი ახალი ფურცლიდან, ყოველგვარი სტრესისა და შიშის გარეშე. გთავაზობთ საქმეების ჩამონათვალს, რომელთა მოგვარებასა და მოწესრიგებას, უმჯობესია, ახალ წლამდე შეუდგეთ:
1. გაასუფთავე ელექტრონული ფოსტა
ადამიანების უმრავლესობას უამრავი წაუკითხავი ელექტრონული შეტყობინება აქვს. ვახშმის შემდეგ ტელევიზორის ეკრანთან მოკალათებასა და დასვენებას, სჯობს, ჩართოთ სასიამოვნო მელოდია და თქვენი ელფოსტის გასუფთავებას შეუდგეთ. აუცილებელი არ არის, ფოსტა ერთ ღამეში მთლიანად გაასუფთაოთ. 20 წუთზე მეტს ნუ დაუთმობთ ამ საქმიანობას. რამდენიმე დღეში ეს საკითხი მოგვარებული გექნებათ.
2. გადახედე საკონტაქტო ბაზას და განაახლე ის
დაფიქრდით: ნამდვილად გჭირდებათ იმ ადამიანის საკონტაქტო მონაცემები, რომლებთან ერთადაც 2018 წელს მუშაობდით? დაუთმეთ რამდენიმე წუთი საკონტაქტო ბაზის მოწესრიგებასა და დახარისხებას, გადაარჩიეთ ძველი კონტაქტები, რომლებსაც არ იყენებთ და არც მომავალში გამოიყენებთ.
3. გაასუფთავე კომპიუტერული მეხსიერება და მოაწესრიგე სამუშაო გარემო
სანამ თქვენი კომპიუტერის შიგთავსს ახარისხებთ და ზედმეტ ინფორმაციასა და ფაილს თავიდან იშორებთ, პარალელურად, შეგიძლიათ, თქვენი სამუშაო მაგიდის დალაგებასაც შეუდგეთ. დაგროვებული მტვრისა და სხვადასხვა ნარჩენებისგან გაწმინდეთ და გაათავისუფლეთ კომპიუტერის კლავიატურაც.
4. მოაწესრიგე საჭირო საბუთები, განცხადებები, საგადასახადო და საშემოსავლო ქვითრები
ისეთი საბუთების შენახვა, როგორიცაა საგადასახადო და საშემოსავლო ქვითრები, განცხადებები და სხვ., შესაძლოა, მომგებიანი იყოს, განსაკუთრებით წლის ბოლოს.
თუ გადასახადებთან და გადარიცხვებთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნებათ, ამ შემთხვევაში დანაკარგის თავიდან აცილებას შეძლებთ.
5. განაახლე პერსონალური მონაცემები: ბიუჯეტი, ბიოგრაფია და რეზიუმე
თუ ჯერი საბუთების მოწესრიგებაზე მიდგა, გადახედეთ გასული წლის ხარჯებს. ძალიან ბევრს ხარჯავდით თუ ძალიან ცოტას? გადახედეთ თქვენს საბანკო ანგარიშებსაც და დაგეგმეთ განახლებული ბიუჯეტი. ამავდროულად, თუ აღმოაჩენთ, რომ არსებულ სამსახურში გაწეულ შრომას შესაფერისად არ გინაზღაურებენ, შეგიძლიათ, რეზიუმე განაახლოთ და ახალი სამსახურის ძებნა დაიწყოთ. თუ, პირიქით, ძალიან ბედნიერად გრძნობთ თავს იმ სამსახურში, სადაც ამჟამად ხართ დასაქმებული და მცირედი ცვლილება გჭირდებათ (მაგ.: საცხოვრებელი ქალაქის, ქვეყნის გამოცვლა, კვალიფიკაციის ამაღლება, ოჯახის შექმნა და ა.შ.), შეგიძლიათ, თქვენი ბიოგრაფია განაახლოთ და სხვადასხვა ინტერნეტსაიტები დაათვალიეროთ.
6. შეამცირე არეულობა და მოიშორე ზედმეტი ნივთები
წარმოდგენაც არ გაქვთ, რა რაოდენობით უსარგებლო და არასაჭირო ნივთი გროვდება წლის ბოლოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მთელი წლის განმავლობაში არ გადაგიხარისხებიათ ისინი. გამოყავით რამდენიმე საათი ამ საქმისთვის და დაალაგეთ გარდერობი, სააბაზანო. შეინახეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებსაც ნამდვილად გამოიყენებთ. ნივთები, რომლებსაც არც აქამდე იყენებდით და არც მომავალში გამოიყენებთ, სჯობს, გააჩუქოთ.
7. გადაარჩიე ტანსაცმელი და გააჩუქე ძველი
წინა რჩევა ტანსაცმელზეც ვრცელდება და ნივთებისა და გარდერობის მოწესრიგებისას შეგიძლიათ, ძველი ტანსაცმელი გადაარჩიოთ და მეგობრებს ან ახლობლებს დაურიგოთ, რომლებიც მათ გამოიყენებენ. ან, უბრალოდ, თავშესაფრებში წაიღოთ და უპოვარ ადამიანებს შესწიროთ. გაითვალისწინეთ, თუ ტანსაცმელი კვლავ გერგებათ და ახალივით გაქვთ შენახული, უმჯობესია, დაიტოვოთ და არ გააჩუქოთ, რადგან არასოდეს იცით, როდის დაგჭირდებათ და გამოიყენებთ მათ.
***
მას შემდეგ, რაც ყველა ზემოჩამოთვლილ საკითხს მოიგვარებთ, შეგიძლიათ, წინასაახალწლო სამზადისი დაიწყოთ და დაისახოთ კონკრეტული მიზნები დამდეგი 2019 წლისთვის. უმჯობესია, ისეთი გეგმები დასახოთ, რომლებსაც მოკლე ვადაში და ადვილად განახორციელებთ. მსგავსი მიზნები გაზრდის თქვენს თვითშეფასებას და შესაძლოა, დიდი და გრძელვადიანი მიზნების დასახვის მოტივაციაც კი გაგიჩნდეთ.
თემები: ახალი წელი, საკითხები, მოგვარება
წყარო: <a href="http://www.lifehack.org/articles/productivity/a-few-things-to-do-for-new-year.html" target="_blank">www.lifehack.org</a>