მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ადამიანებთან კონტაქტი ჩვენს დროში კომუნიკაციის ის ფორმაა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ. Sms-ების მიმოწერა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მას ვიყენებთ პროფესიული თუ პირადი საქმეების მოსაგვარებლად, ადამიანებთან ურთიერთობის დასამყარებლად.
მაგრამ არის ისეთი რაღაცები, რაც არასოდეს არავის არ უნდა მივწეროთ. ვნახოთ ის 13 რამ, რისი მიწერაც შესაძლოა ჩვენთვის საზიანო აღმოჩნდეს.
1. „გშორდები“ - განშორება ძალიან რთულია. განსაკუთრებით მაშინაა რთული, თუ თქვენს პარტნიორს ისევ აქვს გრძნობები, თქვენ კი - არა. წადით, შეხვდით მას პირისპირ და ასე უთხარით თქვენი გადაწყვეტილების შესახებ. „მესიჯით“ დაშორება არასერიოზული დამოკიდებულების გამოვლენაა და ამით უპატივცემულობას იჩენთ „მის“ მიმართ.
2. „ეს წუთია ავტოავარიას შევესწარი“ - თუ ავტოავარიაში მოყევით, ან შეესწარით მსგავს შემთხვევას, მესიჯების მიწერას სჯობს, დაურეკოთ სასწრაფო დახმარებას, ისეთ ადამიანებს, რომლებიც დაგეხმარებიან. ნურც თქვენ ჩავარდებით პანიკაში და ნურც სხვას შეაშინებთ.
3. „გამოკვლევის პასუხები მოვიდა და....“ - ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი არ შეიძლება sms-ებით, ნურც ტელეფონით ისაუბრებთ ამის შესახებ. უმჯობესია, თუ საკითხზე ისაუბრებთ პირად გარემოში. ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ის, რაზეც ხუმრობა არ შეიძლება. თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ სათქმელი, პირადად უთხარით.
4. „ვერ შევდივარ „ფეისბუქზე“, აი, ჩემი პაროლი და აბა სცადე“ - გაუგებარია, რატომ უნდა მისწეროთ თქვენი პაროლი სხვას? შეგიძლიათ სხვადასხვა მეთოდით აღადგინოთ პაროლი, მაილის საშუალებით, ან ტელეფონის ნომრით. თქვენ არ იცით რაში შეიძლება გამოიყენოს მან (როგორი სანდო ადამიანიც უნდა იყოს) თქვენი პირადი ინფპორმაცია. ნურავის ეტყვით პაროლს, ამით თქვენს პირად ინფორმაციას დაიცავთ.
5. „ნახე, შხაპს ვიღებ“ - რომანტიკული პარტნიორისთვის მსგავსი ფოტოების გაგზავნა შესაძლოა გამართლებულია, მაგრამ რეალურად, ამით შესაძლოა ზიანი მოგადგეთ. ფოტოები, რომლებსაც ჩათში გზავნით, არ არის დაცული. თუ ერთ დღეს ჰაკერების მსხვერპლი აღმოჩნდებით, ძალიან მარტივად შეძლებენ თქვენი ინტიმური ფოტოების ნახვას.
და კიდევ ერთი - შესაძლოა პარტნიორს დაშორდეთ, თქვენი ფოტოები კი, ყოფილმა შეყვარებულმა, შესაძლოა ცუდი მიზნებისთვის გამოიყენოს, მაგალითად, დაგაშანტაჟოთ. ამიტომ სჯობს მოიქცეთ უფრო ჭკვიანურად და მსგავსი ფოტოები არავის გაუგზავნოთ.
6. „შენი ძაღლი მოკვდა“ - ნუთუ შეგიძლიათ ასე არამგრძნობიარედ მოიქცეთ?! და თუ შეგიძლიათ, მაშინ აიძულეთ საკუთარი თავი, რომ მსგავსი ქმედება არ ჩაიდინოთ. ზოგადად, სიკვდილის შესახებ მესიჯით მიწერა ძალიან უხერხულია. გამოიჩინეთ უფრო მეტი ადამიანურიბა.
7. „ორსულად ვარ“ - თუ ბავშვის გაჩენა გსურთ და ეს სასიხარულო ამბავი შეიტყვეთ, გვესმის, რომ ვერ ითმენთ და ერთი სული გაქვთ როდის უთხრათ საყვარელ ადამიანს, მაგრამ თქვენ ამით კარგავთ შესაძლებლობას, დაინახოთ მისი სახე, როცა გაიგებს რომ მშობელი გახდება. თუკი არ გსურდათ ბავშვის გაჩენა და მოულოდნელად ორსულად აღმოჩნდით, ამ შემთხვევაშიც ნუ მისწერთ მესიჯით პარტნიორს. დაელაპარაკეთ მას მშვიდად. ორსულობა sms-ებით გასარჩევი საკითხი არ არის.
8. „გათავისუფლებული ხარ“ - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადამიანს მესიჯით არ უნდა უთხრათ. სამსახურიდან გათავისუფლებით მას ისედაც ბევრი პრობლემა შეექმნება, ხოლო ასეთი ფორმით ერთგვარად აბუჩად აიგდებთ მას. ამით არა მარტო დასაქმებულის უფლებებს არღვევთ, არამედ არღვევთ ელემენტარული ეთიკის ნორმებსაც.
9. „არ მგონია, რომ ამის გაკეთება დღეს შევძლო“ - როცა რაიმის გაკეთება გქონდათ დაგეგმილი და მოულოდნელად გარკვეული მიზეზების გამო, ვეღარ ასრულებთ ამ საქმეს, უხერხულია მიწერა, რომ გაკეთებას ვერ შეძლებთ. ეს თქვენ ძალიან არასაიმედო და არასანდო ადამიანად წარმოგაჩენთ.
ის ფაქტი, რომ ვერ აკეთებთ საქმეს ცუდია და კიდევ უფრო ცუდია ის, რომ ამის შესახებ შესაბამის პირებს sms-ით ატყობინებთ. უმჯობესი,ა მიხვიდეთ და პირისპირ აუხსნათ, თუ რატომ ვერ ახერხებთ ამა თუ იმ საქმის შესრულებას.
10. „ბოდიში. მაპატიე“, - თუ ბოდიშის მოხდა გინდათ და მართლაც წუხხართ, პატიება მესიჯით არ უნდა ითხოვოთ. შეხვდით ადამიანს პირისპირ და მოუბოდიშეთ. ის დაინახავს თქვენს ემოციებს და უფრო მარტივად შეძლებს პატიებას. მესიჯით მიწერილი ცარიელი სიტყვა - „ბოდიში“ კი ნამდვილ შედეგს ვერ მოიტანს.
11. „ჩემი სამსახური საშინელია“ - სამსახურის ინტერნეტის გამოყენებით ნებისმიერი შეტყობინების გაგზავნა, პირადი მიმოწერა სახიფათოა, განსაკუთრებით სახიფათოა სამსახურის შესახებ სხვებთან ჭორაობა, რადგანაც ძალიან მარტივია რომ თქვენი შეტყობინებები წაიკითხონ და მიხვდნენ თქვენი დამოკიდებულების შესახებ. თუ რაიმე პრობლემა გაქვთ და გულის გადაშლა გსურთ მეგობრებისთვის, დაურეკეთ მათ, შეხვდით და ესაუბრეთ.
12. „ვფიქრობ, რომ შემიყვარდი“ - ადამიანს სიყვარულში მესიჯით უნდა გამოუტყდეთ? - არავითარ შემთხვევაში. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. ამისთვის განსაკუთრებული მომენტი უნდა შეარჩიოთ და რა თქმა უნდა, პირისპირ უნდა უთხრათ.
13. „მომენატრე“ - ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ რთულია თავის გაკონტროლება, მაგრამ გახსოვდეთ, თუ ნასვამ მდგმარეობაში ყოფილ შეყვარებულს მისწერთ, რომ მოგენატრათ, დილით ძალიან ინანებთ.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, მობილური, მესიჯი
<a href="https://thedailynet.com">https://thedailynet.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია