ზინედინ ზიდანის სიყვარულის ისტორია - როგორ ცხოვრობს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი?
- 01.07.2018
ზინედის ზიდანი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ფრანგმა სუპერვარსკვლავმა გარდა იმისა, რომ გულშემატკივარს შესანიშნავი თამაშით დაამახსოვრა თავი, ასევე უნიკალური სამწვრთნელო მონაცემებითაც გამოირჩა. ის მადრიდის რეალის მწვრთნელის ამპლუით ზედიზედ სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი.
ზიზუ წარმოშობით ალჟირელია. ის მარსელის ყველაზე ღარიბ უბანში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ყველაზე წარმატებული გამხდარიყო.
წარმატებული კარიერის გარდა, ზინედი ზიდანს წარმატებული პირადი ცხოვრება აქვს. ჰყავს ოთხი ვაჟი და დიდი, მეგობრული ოჯახი.
ზიდანის მეუღლე წარმოშობით ესპანელი, ვერონიკა ფერნანდესია. ვერონიკა პროფესიონალი მოცეკვავეა. წყვილი ერთმანეთს კანში, 1989 წელს შეხვდა, სადაც ზიდანის მომავალი მეუღლე ცეკვის ხელოვნებას ეუფლებოდა, ხოლო ზიდანი ადგილობრივ კლუბში თამაშობდა. ორივე მათგანი მაშინ 16 წლის იყო.
სანამ ერთმანეთს უშუალოდ დაელაპარაკებოდნენ და გაიცნობდნენ, მანამდე რამდენჯერმე გადაიკვეთა მათი გზები.
„ამ დროს ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ მზერით შემოიფარგლებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, მან გაბედა და გამარჯობა მითხრა, და ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი“, - ამბობს ვერონიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ისინი შეხვედრიდან 5 წლის შემდეგ, 1994 წელს დაქორწინდნენ. საქორწინო ცერემონია ბორდოში გაიმართა.
ზიზუს ფეხბურთელების ოჯახი აქვს - მართალია, მისი ვაჟები მამის მსგავსად ჯერჯერობით სუპერვარსკვლავები არ არიან, თუმცა ოთხივე ფეხბურთელია.
უფროსი, ენცო ზიდანი 1995 წელს დაიბადა და ის საფეხბურთო კლუბ „ლუზანაში“ თამაშობს, მეორე შვილი, ლუკა ზიდანი 1998 წელს დაიბადა და ის მადრიდის რეალის ერთ-ერთ გუნდშია. საინტერესოა ის, რომ ლუკა მეკარის პოზიციაზე თამაშობს და ამით ერთგვარად თავს არიდებს მამის სათამაშო სტილთან შედარებას.
მესამე ვაჟი, ტეო ზიდანი, 2002 წელს დაიბადა და ის Cadete A-ში, ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, უმცროსი შვილი, ელიას ზიდანი 2005 წელს დაიბადა და ის მადრიდის რეალის აკადემიაში ვარჯიშობს.
ზიდანი ამბობს, რომ ის შვილებს არაფერს აძალებს და არ ცდილობს გავლენა მოახდინოს მათ არჩევანზე. „თუ მათ ფეხბურთელობა სურთ, თვითონ უნდა გადაწყვიტონ, პროფესია თავად უნდა აირჩიონ, მე არ მინდა რაიმე გავლენა მოვახდინო“, - ამბობს ოთხი ვაჟის მამა.
ზიდანები მყარი და ბედნიერი ოჯახის შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი ცდილობენ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც წავიდნენ მთელი ოჯახი ერთად დასასვენებლად.
ზიდანის შვილები არასოდეს ერიდებიან თავიანთი ლეგენდარული მამისადმი სიყვარულის, მხარდაჭერისა და პატივისცემის საჯაროდ გამოხატვას.
ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობით ენცო და ლუკა ზიდანები გამოირჩევიან. ისინი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებენ ოჯახურ ფოტოებს და მამისადმი მიძღვნილ პოსტებს.
ზიდანების ოჯახი ამჟამად იბიცაზე ისვენებს და სანამ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი აქტიურ ფაზაშია, ზიზუ შვებულებაშია და ზღაპრულ იბიცაზე ოჯახთან ერთად დროს შესანიშნავად ატარებს.
თემები: მამაკაცები, სპორტული ვარცხნილობა, ფეხბურთელები, სპორტი, სპორტსმენები, ზინედინ ზიდანი
<a href="https://heavy.com">https://heavy.com</a>