აუცილებელი საზეპირო მოდის მოყვარულებისთვის:
„ანტვერპენის ექვსეულის“ საპატიო წევრი — მარტინ მარჯიელა დიზაინის ბელგიური სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებლადაა მიჩნეული. მის უნიკალურ სტილზე 1980-იან წლებში უდიდესი გავლენა იქონია იაპონელმა ავანგარდისტმა და ბრენდ Comme des Garçons-ის დამფუძნებელმა — რეი კავაკუბომ. „ანტვერპენის ექვსეული“ ანტვერპენის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიის იმ აკადემიადამთავრებულებს უწოდეს, რომლებიც 1980-81 წლებში პედაგოგ ლინდა ლოპას კლასში სწავლობდნენ: უოლტერ ვან ბეირენდონკი, ენ დემიულემისტერი, დრაის ვან ნოტენი, დირკ ვენ სენი, დირკ ბიკემბერგსი, მარინა ი და რაღათქმაუნდა, მარტინ მარჯიელა.
1985-1987 წლებში მარჯიელა ჟან პოლ გოტიესთან მუშაობდა, 1989-ში კი, ბიზნეს პარტნიორ ჯენი მაირენსთან ერთად საკუთარი კომპანია დააარსა და პირველი კოლექციაც აჩვენა. ასევე, 1997-2003 წლებში, მოდის სახლ Hermès-ის ქალის ხაზის შემოქმედებითი დირექტორის პოზიცია ეკავა. 2010 წელს დიზაინერი მაღალი მოდის ასოციაციის მიწვეულ წევრად დანიშნეს.
მარტინ მარჯიელა ხელოვანების იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ფიქრობენ, რომ შემოქმედება თავად ამბობს სათქმელს, ავტორის ცნობადობის გარეშე. ხელოვანი ვერ იტანდა „ვარსკვლავურ“ ცხოვრების წესს და ამ სისტემას მუდმივად დასცინოდა. მთელი კარიერის განმავლობაში დიზაინერი არასოდეს ჩნდებოდა პრესასთან — მას ვერასოდეს ნახავდით ჩვენების შემდგომ კულისებში ან პრიალა ჟურნალში, მედიასთან ყველა სახის ურთიერთობა მხოლოდ ფაქსის გამოყენებით ხდებოდა. მეტიც, დღემდე დიზაინერის ერთადერთი პორტრეტია შემონახული, რომელიც 1997-ში მარჩიო მადეირამ გადაიღო, თუმცა ოფიციალურად არასოდეს დამოწმებულა, რომ ფოტო სწორედ მარჯიელას ასახავს.
ორიგინალურია სამოსის იარლიყებიც: ოთხი ნაკერით მიკერებული მართკუთხედები, რომელზეც 0-იდან 23-მდე რიცხვებია გამოსახული. 2014 წლის ოქტომბერში ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის პოზიცია იტალიელმა დიზაინერმა — ჯონ გალიანომ დაიკავა.
REPLICA Maison Martin Margiela-სგან
მარჯიელას უნიკალური სტილის შესაბამისად, ამ ბრენდის სუნამოებიც პარფიუმერიის ტრადიციულ წესებს არღვევს. პირველი სუნამო — „უსათაურო“ (Untitled) 2010-ში გამოუშვეს, შემდეგ წელს კი — Untitled L’Eau.
2012-ში მოდის სახლმა კოლექცია REPLICA Eau De Toilette წარადგინა. კონცეფცია „Replica“ Maison Margiela-ს ინტერესის სფერო 1994 წლიდანაა: მას შემდეგ მოდის სახლი ყოველწლიურად ტანსაცმლის ხაზს — Replica-ს გვთავაზობს, ქალისა და მამაკაცის კაფსულოვან კოლექციებს, რომლებიც 30 ცალი სამოსისა და აქსესუარისგან შედგება. სიტყვა „Replica“ „Replicate-ისგან“ მომდინარეობს და ხელოვნების მუდმივ, უკვდავ ნიმუშებს ასახავს: მარჯიელას განმარტებით, ისინი ყველა დროში რელევანტური და თანამედროვეა.
REPLICA-ს პარფიუმერული ხაზი, რომელსაც საქართველოში პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ვულე ვუ“ გვთავაზობს, 10 არომატისგან შედგება. თითოეული მათგანი სხვადასხვა დროის მოგონებას და რეტროსპექციას ასახავს.
ერთხელ მარტინ მარჯიელამ განაცხადა: „აზრი არ აქვს ცხოვრებაში მიღებულ იმ გამოცდილებას, რომელიც შენთვის არაფერს ცვლისო“. REPLICA-ს კოლექციის მიპკურებისას კი ჩვენში ორმაგი გრძნობები იღვიძებს: წარსული მოგონებების გახსენება და ახალი თავგადასავლების დაწყების სურვილი.
1 - „კვირის ზარმაცი დილა“ (Lazy Sunday Morning) — მინდვრის ლილიას, პაჩულის, ირისის, თეთრი მუშკის ნოტები, რომლებიც მზით გამთბარ მშვიდ დილას გვაგონებს.
2 - „ჯაზ-კლუბი“ (Jazz Club) — „ბრუკლინის ჯაზ კლუბის“ მამაკაცური, სასიამოვნო ატომსფერო. სუნამოს საბაზისო ნოტები: ბალზამი, მუშკი, ვანილი, ტონკას მარცვლები, ვეტივერი და თამბაქო მისისქვეშეთის ჯაზ-კლუბში გატარებულ წინა ღამის მოგონებებს გადმოსცემს.
3 - „გასეირნება სანაპიროზე“ (Beach Walk) — გასხივოსნებული არომატი ბერგამოტის, ქოქოსის რძის, ლიმონის, ვარდისფერი წიწაკის, მუშკის აკორდებით.
4 - „დალაქთან“ (At the Barber’s) — პიტნა, ლავანდა, ტონკას მარცვლები და თეთრი მუშკი მამაკაცის რეტრო საპარსის ქაფის მოგონებებს აღძრავს და პატარა სადალაქოს ინტერიერს წარმოგვისახავს.
5 - „ბუხართან“ (By The Fireplace) — უნიკალური არომატი ბოლის და ხის აკორდებით. სუნამოს ოდნავ მოტკბო წაბლის სუნი დაკრავს, რომელიც სწორედ ცივ ზამთარში ცხელი ბუხრის წინ გატარებული ღამეების სიმბოლოა.
6 - „მუსიკალური ფესტივალი“ (Music Festival) — ვუდსტოკის ქრონიკებით შთაგონებული სურნელი კანაფის და ტყავის აკორდებით და პაჩულის ნოტებით. მიიპკურე „მუსიკალური ფესტივალი“ და ავტომატურად 1969-ში — ვუდსტოკში იმოგზაურებ!
7 - „ყვავილების ბაზარი“ (Flower Market) — გრასის ვარდის ფურცლების, სამბაკის ჟასმინის, ტუბეროზას, კედარის და მუხის ხავსის ექსტრაქტებით მიღებული არომატი მეყვავილეებით სავსე ბაზრის მოგონებებს აღგვიძრავს.
8 - „გასეირნება ბაღში“ (Promenade in the Garden) — გამორჩეულად ქალური არომატი თურქული ვარდის, ხის, პაჩულის, სანდალის ხის და ვეტივერის ექსტრაქტებით, რომელიც ინგლისურ ბაღში სეირნობის ამსახველ მომენტებს წარომგვისახავს.
9 - „საცხი ტუჩზე“ (Lipstick On) — რომანტიკული კოცნის რეტროსპექცია ჰაეროვანი, პუდრის არომატით, რომელიც ირისის, ფისის ექსტრაქტის, ბურბონის ვანილისა და ტონკას მარცვლების ექსტრაქტებითაა მიღებული.
10 - „ნაოსნობის დღე“ (Sailing Day) — კუნძულ პაროსის მოგონებებით სავსე არომატი მარილიანი წყლის, ხის, ყვავილოვანი და ალდეჰიდების სურნელით.
თემები: Voules Vouz Tbilisi, Voulez-Vous Georgia, პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი, ახალი სუნამო, პრეს-ლანჩი, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ვულე-ვუ", New Fragrance, Fragrance, REPLICA, MAISON MARGIELA, Parfum, Niche