არაერთხელ დაგვიწერია და კიდევ გავიმეორებთ, რომ ელეგანტურობას, დახვეწილობას, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, კლასს, რომელიც ქალს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის, ფულით ვერ იყიდით. ყოველივე ქალის შინაგან სამყაროდან მოდის.

ელეგანტურობა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა გაცვიათ, ან როგორი მაკიაჟი გაქვთ. ყოველივე თქვენს შინაგან სამყაროს, პიროვნულ მახასიათებლებს უკავშირდება, უკავშირდება იმას, თუ როგორ აღიქვამთ გარშემომყოფებს, როგორ განსჯით და აფასებთ სხვებს, როგორ იქცევით სხვადასხვა სიტუაციებში და როგორ პასუხობთ გამოწვევებს.

ნახეთ კლასიკური, დახვეწილი და ქალის მახასიათებლები და თავად განსაზღვრეთ, ხართ თუ არა თქვენ ასეთი ქალი.

1. ჭორაობა - შეიძლება ამბობთ, რომ ჭორაობა არ გიყვართ და არ გჩვევიათ, მაგრამ მოდით, ვიყოთ გულწრფელები, გარკვეული დოზით ყველას გვაინტერესებს სხვების ცხოვრება, მაგრამ არსებობს რაღაც ზღვარი, რომელიც უნდა დავიცვათ, რომელიც არ უნდა გადავკვეთოთ.

დახვეწილი, კლასიკური ქალი მაქსიმალურად ერიდება ნეგატიურ კონტექსტში ისაუბროს თავის ყველაზე დიდ მტერზეც კი. ეს არ არის მისი სტილი. შესაძლოა, დაინტერესედეს სხვების ცხოვრებით, მოისმინოს ინფორმაცია სხვებზე, მაგრამ თვითონ სხვების შესახებ ნეგატიურად არასოდეს ისაუბრებს.

2. ამ ქალმა იცის, როდის უნდა გაჩერდეს, როდის უნდა დაიხიოს უკან - მას ფანტასტიკურად ეხერხება ემოციების მართვა. რა თქმა უნდა, ისიც ბრაზდება, მაგრამ იცის, როდის გაჩუმდეს, როდის გაჩერდეს, ისიც როგორ მართოს სიბრაზე.

დახვეწილი ქალი ყოველთვის იღებს დროს იმისთვის, რომ გააანალიზოს მომხდარი. ის არ იღებს გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე. გაბრაზების მიუხედავად, ის არასოდეს გეტყვით ისეთ სიტყვებს, რომლის გამოც შემდეგ შერცხვება. აუცილებლად დაიტოვებს უკან დასაბრუნებელ გზას.

3. ამ ქალმა იცის, როგორ მოიქცეს სხვადასხვა სიტუაციებში ისე, რომ თავისი გრაციოზულობა, მიმზიდველობა არ დაკარგოს - თუ დავუშვად ვინმესთან სტუმრადაა, იღებს იმას, რასაც სთავაზობენ და თუ რაიმე არ სურს, თავაზიანად ამბობს უარს, მაგრამ ის არასოდეს გამოაღებს სხვის მაცივარს, არ დაიწყებს სხვის კარადაში სამოსის დათვალიერებას. თუ ამის აუცილებლობაა, ჯერ აუცილებლად ითხოვს ნებართვას.

4. მან იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის პირადი სივრცე - დახვეწილი ქალის გვერდით აუცილებლად გექნებათ დრო და სივრცე საკუთარი თავისთვის. მან იცის საკუთარი საზღვრები და ამავდროულად, პატივს სცემს სხვა ადამიანების საზღვრებს და იცის, რომ არსებობს საკითხები, რომელშიც არ უნდა ჩაერიოს, იცის, რომ ადამიანებს სჭირდება პირადი სივრცე.

5. ის პატივს სცემს სხვების დროს - რა თქმა უნდა, საცობების პირობებში რთულია ყოველთვის დანიშნულ დროს მიხვიდე შეხვედრებზე, მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს, ისე შეადგენს დღის განრიგს, რომ მაქსიმალურად ეცადოს არ დაიგვიანოს. არ სჩვევია არაფრისმომცემი საუბარი. ის უფრთხილდება როგორც საკუთარ, ასევე სხვების დროს და გარკვევით, ნათლად ჩამოაყალიბებს მთავარ სათქმელს.

6. ის ადამიანებს თანაბარი პატივისცემით ექცევა და მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანი თანაბარი და თანასწორია - ის კომპანიის ხელმძღვანელსა და ხუთი წუთის წინ გაცნობილ ახალ თანამშრომელს თანაბარი პატივისცემით ექცევა. თვლის, რომ ადამიანები თანაბრები და თანასწორები არიან.

7. დახვეწილ ქალს არ სჩვევია ფულის ფლანგვა - ის არ ყიდულობს საგნებს, რომლებიც არაფერში სჭირდება. ის არ შემოიფარგლება ვიწრო სოციუმით, რომელშიც ცხოვრობს, იცის, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება პურის ფული არ ჰქონდეთ და ცდილობს თანხა, რომლითაც უსარგებლო ნივთი უნდა ეყიდა, ქველმოქმედებას, ან რაიმე სხვა მნიშვნელოვან საქმეს მოახმაროს.