ფეხბურთის ინგლისელი ლეგენდა, დევიდ ბეკჰემი მხოლოდ თავისი პროფესიით არაა გამორჩეული. დევიდი არა მარტო მისაბაძი ფეხბურთელი, არამედ მოდის თვალსაზრისითაც გავლენიანი და მისაბაძი ადამიანია. მისი ჩაცმის სტილი კი იყო და დღემდე არის გამორჩეული.

ყოფილი ფეხბურთელი აქტიური კარიერის დროსაც გამოირჩეოდა ნოვატორობით. მას უყვარს ექსპერიმენტები და გადაწყვეტილებები, რომლებსაც ზოგჯერ სკანდალი მოჰყვება ხოლმე. გავიხსენოთ მისი შიშველი ფოტოსესიები.

დევიდი თავის ცოლთან, ვიქტორია ბეკჰემთან ერთად, მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანები არიან. ბეკჰემები იმ კატეგორიის წყვილებს განეკუთვნებიან, რომლებიც მოდას ქმნიან და ამკვიდრებენ.

რთული სათქმელია, შეძლებს თუ არა დევიდ ბეკჰემი მამაკაცებში მაკიაჟის გაკეთების მოდა დაამკვიდროს, თუმცა ახალ ფოტოსესიაში ის სწორედ მაკიაჟით პოზირებს. დევიდის თვალებს ფოტოებზე მწვანე ჩრდილი ამშვენებს.ასეთი მაკიაჟით ბეკჰემმა Love Magazine-ისთვის იპოზიორა.

ჟურნალის გარეკანზე 43 წლის სუპერვარსკვლავი სწორედ მწვანედ შეღებილი თვალებითაა აღბეჭდილი. თვალის მწვანე ჩრდილს იდეალურად ერწყმის დევიდის ყელზე მწვანე ტატუ.

ფოტო საოცარი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტსივრცეში. მას დიდი განხილვა მოჰყვა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა დევიდის მაკიაჟი დადებითად შეაფასა, თუმცა ამავდროულად, ბევრი კრიტიკოსიც გამოჩნდა. „ინსტაგრამზე“ ფოტო ორ დღეში 32 000-მა ადამიანმა მოიწონა.

„უფრო მეტი მამაკაცი მაკიაჟით“,

„ეს არის ის, რაც ნამდვილად მომწონს“,

„არ მესმის, რატომ არ უნდა იკეთებდნენ მაკიაჟს მამაკაცები?“ - წერენ „ინსტაგრამზე“ ფოტოს კომენტარებში.

რა თქმა უნდა, უამრავი ისეთი ადამიანიცაა,რომლებიც ბეკჰემს მაკიაჟის გამო აკრიტიკებენ.

არ ვიცით, მამაკაცები მიბაძავენ თუ არა ბეკჰემს და გაიკეთებენ თუ არა მაკიაჟს, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფოტოს შემდეგ მწვანე ფერი საოცრად ტრენდული გახდა და ის 2019 წლის დომინანტი ფერი იქნება.