მართალია თუ არა დევიდ ბეკჰემისა და ანჯელინა ჯოლის სიყვარულის ამბავი? - ვიქტორიამ „ინსტაგრამით“ ჭორებს პასუხი გასცა
- 14.01.2019
ანჯელინა ჯოლის ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ არაერთხელ მიაწერეს სხვადასხვა პოპულარულ მამაკაცთან სასიყვარულო ურთიერთობა, თუმცა არც ერთი ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
ამჯერად კი, ყვითელი პრესა აქტიურად წერს ენჯისა და ყოფილი ფეხბურთელის, დევიდ ბეკჰემის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. გამოცემები სხვადასხვა გასაიდუმლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ენჯი დევიდისა და ვიქტორია ბეკჰემების 20 წლიან იდილიურ და მყარ ქორწინებას რეალურ საფრთხეს უქმნის.
გამოცემა Star წერს, რომ დევიდი და ანჯელინა ერთმანეთს მადლიერების დღეს, ლონდონში შეხვდნენ, რის შემდეგაც ანჯელინა დევიდს მოსვენებას არ აძლევს და განუწყვეტლივ შეტყობინებებს სწერს.
გამოცემის ინფორმაციით, ანჯელინა და დევიდი ამ შეტყობინებებით საერთო საქველმოქმედო პროექტებზე საუბრობენ, თუმცა რეალურად, ჯოლის სხვა მიზნები აქვს და დევიდისა და ვიკის ოჯახურ იდილიაში ბზარის გაჩენას ცდილობს.
ვიქტორიასა და დევიდ ბეკჰემების წყვილის გარშემო ყვითელ პრესას არაერთი სკანდალი ახსოვს. სკანდალების მიზეზი კი, ხშირ შემთხვევაში დევიდის სხვა ქალებისადმი ინტერესი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, მათ შეძლეს ქორწინების შენარჩუნება და დღეს ერთ-ერთ ყველაზე მყარ, იდილიურ და ჰარმონიულ ვარსკვლავურ წყვილად ითვლებიან.
ანჯელინასა და დევიდ ბეკჰემის შესაძლო რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ვიქტორია ბეკჰემმა მალევე მიიღო შესაბამისი ზომები და ამ ინფორმაციას „ინსტაგრამზე“ ახალი პოსტით უპასუხა.
ვიკიმ დევიდის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ძაღლთან ერთად დივანზე ტკბილად სძინავს. როგორც დასავლური ყვითელი პრესა წერს, ვიქტორიამ ასეთი ქმედებით ჭორებს გასცა პასუხი და შეეცადა ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ მისი ოჯახი მტკიცე და მყარია.
აღსანიშნავია ისიც, რომ სკანდალური ინფორმაციის გავრცელებამდე სამი დღით ადრე ვიქტორიამ ქმართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ძალიან ამაყობს დევიდით.
გადავხედოთ დევიდის „ინსტაგრამსაც“, ყოფილი ფეხბურთელის ბოლო პოსტებიც ცოლთან და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოებია. ერთ-ერთ ბოლო პოსტზე კი დევიდი წერს, რომ ამაყობს თავისი ოჯახით და იმით, რომ მისი ცოლი და შვილები ყოველთვის მის გვერდით არიან.
ყოველივეზე დაყრდნობით, ტაბლოიდები წერენ, რომ ანჯელინასა და დევიდის ურთიერთობის შესახებ ზოგიერთი მედიასაშუალება მხოლოდ და მხოლოდ ჭორებს ავრცელებს და რომ მათი ურთიერთობა, ჯერჯერობით მაინც, საქმიან ჩარჩოებს არ გასცდენია.
თემები: ანჯელინა ჯოლი, მსახიობები, ჭორი, ვიქტორია ბექჰემი, ჭორაობა, ტაბლოიდები, დევიდ ბექჰემი