სტილი

Babukhadia-ს მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები

Babukhadia-ს მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები

Babukhadia-ს მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები

როგორია თქვენთვის ქალის იდეალი 2017 წლისთვის?

ნინო ბაბუხადია: თითქმის ყველა კოლექციაში ქალის ერთი და იგივე ტიპაჟი მყავს ინტეგრირებული, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რატომ: ცოტათი ნაზი, რომანტიული, მაგრამ ძალიან ძლიერი.

რა ტენდენციები იკვეთება თქვენს 2017 წლის საგაზაფხულო კოლექციაში?

კოლექციის ინსპირაცია 90-იანების 2 ფილმი გახდა, განსაკუთრებით — ბერტოლუჩის „მეოცნებენი“. მინდოდა, ამ კოსტიუმების თემატიკა 90-იანი წლების ქუჩის სტილზე ყოფილიყო აწყობილი. ცოტა არეული პერიოდი იყო და მსურდა, ყველა იმდროინდელი დეტალი კოლექციაში გადმომეტანა — როგორ ეცვათ ადამიანებს ქუჩაში, როგორ ვარცხნილობებს და მაკიაჟს იკეთებდნენ და ა.შ.

Babukhadia-ს მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები

რა თქმა უნდა, ეს დეტალები სტილიზებული სახით გამოვიყენე: მდგრადი ნაჭრებისგან დიდი ზომის ბომბერის სტილის ქურთუკები გავაკეთე, განიერი შარვლები კი ცოტა გაბერილი, მაღალწელიანი კონსტრუქციებით ავაწყე და კოჭთან გადავჭერი. თუმცა კოლექცია ბევრი თანამედროვე ელემენტითაც გავამდიდრე და ჩემი ხელწერა — ნაქარგებიც ჩავრთე, რომლებიც აბსოლუტურად ყველა სეზონზე განსხვავებულია: წელს ოდნავ გრაფიკული ტიპის, მულინეს ძაფებით შესრულებული ნაქარგები წარმოვადგინე — ერთმანეთს ბევრი ტექნოლოგია შევურიე, იმისათვის, რომ უფრო თამამი, ქუჩის სტილი მიმეღო. მეორე მხრივ, კოლექციაში გამჭვირვალე ორგანზების დახმარებით ჰაეროვანი შტრიხები შევიტანე, ჩემი სტილისგან წინა კოლექციებიდან გამომდინარე ძალიან ამოვარდნილი რომ არ ყოფილიყო.

2017 წლის კოლექციაში გავაცოცხლე აქსესუარი, რომელსაც ადრე „ბაზრის ჩანთებს“ — „პრავიზონკებს“ ეძახდნენ; ბებიები რომ „გასტრონომებში“ დაატარებდნენ ხოლმე. ვფიქრობ, ძველი ემოციის განახლების და გაცოცხლების იდეა დღევანდელ მოთხოვნებს კარგად მოერგო. საკმაოდ ტენდენციური „ტრანსფორმერი“ კაბებიც გავაკეთე — რომელიმე დეტალი, მაგალითად სახელო რომ ეხსნება და სხვა ადგილას უკეთდება. ზოგიერთ კაბას ზემოდან დამატებული მხრები გავუკეთე და რუსული სკოლის ფორმების გავლენით ერთ-ერთი ხაზი შევქმენი. მოკლედ, ბევრი ძველი ტენდენცია გავაცოცხლე და განვაახლე, სავარაუდოდ, ახალ კოლექციაშიც ამ მიმდინარეობას გავაგრძელებ.

Babukhadia-ს მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები

რა ტენდენციები იკვეთება ზოგადად გლობალური მოდის სფეროში 2017 წლისთვის?

ვფიქრობ, დღევანდელი ტენდენციებიდან გამომდინარე, მსოფლიო მოდა შოკშია :) ყველანაირი თემატიკა და სტილი ერთგვარად გადატრიალდა. დემნამ მსოფლიო კიდევ უფრო გადარია: მოდაშია — ყველაფერი; მაგრამ მთლიანობაში 80-იანების და 90-იანების დიდი ზომის სილუეტები ჭარბობს.

ამჯერად ახალ კოლექციაზე ვმუშაობ, დიდი ზომის მხრებს და წელში გამოყვანილ პალტოებს და პიჯაკებს ვაკეთებ, ისევ ოდნავ გაბერილი ფორმის შარვლებთან ერთად. მსოფლიო ტენდენციები ნელ-ნელა 70-იანებისკენ მიდის და ჩვენც სხვა დიზაინერების მსგავსად, ამ დინებას მივყვებით.

Babukhadia-ს მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები

რა ტენდენციები არ მოგწონთ და მიგაჩნიათ, რომ არ გაითვალისწინებთ?

ჩემი აზრით, მოდის ისტორიაში ყველაზე რთული პერიოდი 80-იანები და 90-იანები იყო, როდესაც კაცის და ქალის თარგები აირია და დიდი ზომის მხრები და დიდი ლიპები დამკვიდრდა; მიმაჩნია, რომ ის ყველაზე ულამაზო პერიოდი იყო და დღეს ზუსტად ამ რევოლუციის მეორე ეტაპზე ვართ.

იცით, დღევანდელი ტენდენციები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის ძალიან ახლოსაა, იმ გაგებით, რომ კომუნიზმის პერიოდი იმდენად შეგვეხო, რომ გვეჩვენება, ეს თემატიკა ცოტა ჭარბადაც კი დამკვიდრდა. ჩვენ თაობას ხომ ის პეიროდი განსხვავებულად გვახსოვს — არა მხოლოდ საქართველოში, არამედ — ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში; ევროპის და სხვა ქვეყნებისთვის კი ერთგვარი ეგზოტიკაა და მათში დიდ აღფრთოვანებას იწვევს. დანარჩენს სამომავლო კოლექციები და ტენდენციები გვიჩვენებს.

Babukhadia-ს მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები