როგორია თქვენთვის ქალის იდეალი 2017 წლისთვის?
გვანცა ჯანაშია: კონკრეტულად 2017 წლის ქალის იდეალი ჩემთვის არ არსებს. ჩემი ხედვა ქალის შესახებ უცვლელია — 10 წლის წინაც ასე იყო და 10 წლის შემდეგაც ასე იქნება: ჩემთვის მთავარია ქალის უნიკალური სტილი და მას სწორედ ამ კრიტერიუმებით ვაფასებ, ამიტომ იდეალის გამოყოფა გამიჭირდება. აქედან გამომდინარე, იდეალური ქალი ის არის, ვინც საკუთარი სტილის გათვალისწინებით იცვამს.
რა ტენდენციები იკვეთება თქვენს 2017 წლის საგაზაფხულო კოლექციაში?
პირადად ჩემი კოლექცია აფრიკულ მოტივებზე შევქმენი: მკვეთრი ფერები და პრინტები გამოვიყენე. რაც შეეხება სილუეტებს, 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისისთვის დამახასიათებელი კონსტრუქციებით გავიაზრე — დიდი მხრებით და გამოყვანილი წელით; უმეტესად რბილი ფაქტურის ქსოვილები გამოვიყენე. ამ კოლექციის შთაგონება მაილს დევისი იყო — მისი ბოლო კონცერტების კოსტიუმები, რაც ყოველთვის ძალიან მომოწნდა.
რა ტენდენციები იკვეთება ზოგადად გლობალური მოდის სფეროში 2017 წლისთვის და რა მოგწონთ და რა — არა მათ შორის?
რაც შეეხება ზოგად ტენდენციებს, მათი გამოცნობა ადვილად შეგიძლიათ, მას-მარკეტს თუ გადაავლებთ თვალს: დაბალი ფენის, მასიურ წარმოებაზე გათვლილი ბრენდების პროდუქციას. მათ შორის მარტივად იკვეთება, რა ტენდენციებია დამკვიდრებული ყველაზე მკვეთრად. ტენდენციებს დღესდღეობით მათ ძირითადად 4 წამყვანი ბრენდი „კარნახობს“, თუმცა მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ.
ზოგადად, 2017 წლის კოლექციებში აქტიურადაა გამოყენებული glitter-ის ტენდენციები — ქსოვილებზე დაქარგული მბრწყინავი ორნამენტები, დაკერებული აპლიკაციები (patchworks), სამოსზე დაქარგული სახელები და სიტყვები, დიდ-მხრებიანი ქურთკები, დიდი ჯიბეების დეტალები, მასიური ჟაკეტები და სვიტერები ვიწრო წელით, მაღალწელიანი შარვლები და ქვედაბოლოები, რომელთა შორისაც „ბანანის“ ფორმის კონსტრუქციები ჭარბობს.
ჩემი ესთეტიკაც ეს არის — მამაკაცური და ქალური ხაზების სადღაც შუაში; დავარქმევდი, რომ ბრენდი Janashia-ს ხელწერა შუალედური ბრენდის ხელწერაა: მიყვარს მამაკაცურ დეტალებზე მუშაობა, მაგრამ ვცდილობ, მათში გარკვეული სინაზის ელემენტები შევიტანო; ამავდროულად, კოლექციებში დიდი რაოდენობით მსუბუქი, ნაზი ქსოვილები მაქვს ხოლმე გამოყენებული — ყოველთვის ვმუშაობ აბრეშუმზე და ვცდილობ, კაბებს სიმსუბუქე მივანიჭო.
საბოლოო ჯამში, კოლექციებში არასოდეს ვღალატობ ჩემს ხელწერას, საკუთარ ხაზს მკაცრად ვინარჩუნებ და ჩემი ესთეტიკაც ის არის, რასაც Janashia-ს გთავაზობთ; ასე რომ, კოლექციებიდან გამომდინარე, თავად გადაწყვიტეთ, რა მომწონს და რა — არა.
თემები: 2017 წლის ტენდენციები, ქართული მოდის სახლების ტენდენციები, ტენდენციები ქართული მოდის სახლებისგან, ქართველი დიზაინერები, trends 2017, Georgian Designers, Janashia, ქართული მოდა, Georgian Fashion, გვანცა ჯანაშია