იცვამ და სადღაც მიდიხარ, იცვამ და მიდიხარ, იცვამ... არა, მაინც რა უნდა ჩავიცვა? - ყოველ ჯერზე ეკითხები საკუთარ თავს, როცა ტანსაცმლის კარადას უახლოვდები. ის, რისი ჩაცმაც გუშინ გადაწყვიტე, დღეს სრულიად ზედმეტად გეჩვენება.
სასწრაფოდ იწყებ რაღაც კომბინაციების შექმნას: ის პერანგი - ეს შარვალი, ის მაისური - ეს შორტი, ზურგჩანთა - ბოტასი, საყურე - თმის სამაგრი...
ასე შეიძლება დააგვიანო სამსახურში, წვეულებაზე, კინოში, ღამის კლუბში და თან სულ იმას ფიქრობდე, რომ რაღაც ისე არ არის და აუცილებლად მოხვდები ვიღაც გადარეულის „ცუდად ჩაცმულების ფოტოათეულში“, ან ფეისბუკის გვერდიდან გვერდზე ივლის შენი ფოტო წარწერით „ასე იცვამენ საქართველოში - ღამის კლუბში! ქუჩაში! კონფერენციაზე! ზღვაზე!..“
მოიცა, მოიცა, არ არის საჭირო ასეთი სცენარების წარმოდგენა (ისე, იცოდე, თუ ასეთი სცენარის მონაწილე ოდესმე მართლაც გახდები, მასთან გამკლავების გზებიც არსებობს და ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ)!
არსებობს რამდენიმე შეკითხვა და მეტ-ნაკლებად სწორი პასუხებიც!
სად მივდივარ? რა დროა? როგორი ამინდია? წლის რომელი სეზონია?
იმის ცოდნა, თუ სად მივდივართ, ძალიან აიოლებს არჩევნის გაკეთებას!
სამსახურში
ზოგ სამსახურში უნიფორმაა საჭირო და ამას ვერაფრით შეცვლი; ზოგან მკაცრი „დრესკოდია“; ზოგან კი, რასაც გინდა იმას ჩაიცვამ. თუ ბევრი მოძრაობა გიწევს უფრო სპორტულ სტილს მიანიჭე უპირატესობა; თუ დღის განმავლობაში ბევრ უცნობს ხვდები, ეცადე ისე გამოიყურებოდე, რომ მათ, შენი დეკოლტეს ან ვარცხნილობის გარდა, ისიც დაამახსოვრდეთ, რაზეც ელაპარაკე.
წვეულებაზე
წვეულებისთვის ჩაცმა უფრო მეტ დროს და რესურსს მოითხოვს: საღამოს კაბა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ხელჩანთა და სამკაულები. არჩევნის გაკეთება იმის მიხედვით მოგიწევს, თუ სად არის წვეულება - ღია აუზთან თუ მწვანე მინდორზე, საბანკეტო დარბაზში თუ სახლში. ენდე საკუთარ თავს და გარწმუნებ, კაბის ფერსა და სიგრძეს, ფეხსაცმლის ფორმასა და ქუსლის სიმაღლეს სწორად შეარჩევ.
თეატრი/კინო/კლუბი
დღეს აღარავინ ელოდება თეატრში გრძელშლეიფიან კაბებში გამოწყობილ მაყურებელს. ახლა გაცილებით სადა, მაგრამ მოხდენილ სამოსს ანიჭებენ უპირატესობას.
კინო არის თავისუფლება! შეგიძლია ჩაიცვა ყველაფერი, რაშიც თავს კომფორტულად და ბედნიერად გრძნობ: შარვალი, კაბა, კომბინეზონი. რაც გინდა, ყველაფერი - პიჟამასა და კურდღლისყურებიანი ჩუსტების გარდა.
კლუბში კი მომხიბვლელობასა და კომფორტს შორის ბეწვის ხიდზე გავლა მოგიწევს. ჩაიცვი ეფექტური სამოსი და მოსახერხებელი ფეხსაცმელი! შეგიძლია თავისუფლად აირჩიო კაშკაშა ფერები და მეტად შესამჩნევი მაკიაჟი.
გაითვალისწინე:
წელიწადის დროებს, ისე როგორც ამინდს, თავისი „ფერები“ და „ფორმები“ აქვს, ასევე ქსოვილების სისქე და სახეობა. თუმცა XXI საუკუნე ამ მხრივაც დიდ თავისუფლებას განიჭებს. გამოიყენე ეს თავისუფლება და, მიუხედავად ყველა დაწერილი თუ დაუწერელი წესისა, იყავი სტერეოტიპებისგან თავისუფალი!
თემები: სტილი, სად რა ჩავიცვა