ჯასინდა არდენი - ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი და ქალი, რომელიც პოლიტიკოსის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
- 20.03.2019
გახსოვთ ქალი, რომელიც გაეროს სხდომაზე ჩვილი ბავშვით მივიდა? - ის ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრი ჯასინდა არდენია, რომელმაც პრემიერის თანამდებობა 2017 წლის 26 ოქტომბერს დაიკავა და მიუხედავად მუშაობის მცირე პერიოდისა, მთელი მსოფლიოს ყურადღება სხვადასხვა კუთხით მიიპყრო და უკვე დაწერა თავისი ისტორია.
ჯასინდა არდენი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია. ის 1980 წლის 26 ივლისსაა დაბადებული. მსოფლიოს ყურადღება ჯასინდამ თავდაპირველად სწორედ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 3 თვის ბავშვის მიყვანის შემდეგ მიიპყრო. ბავშვი ჯერ მის კალთაში იყო მოკალათებული, ხოლო შემდეგ პრემიერმა მამას მისცა და თავად სიტყვით გამოვიდა. ის პირველი ქალია, რომელმაც გაეროში ბავშვი მიიყვანა.
ზოგიერთმა ეს ნაბიჯი პოპულისტურად მიიჩნია, ზოგიც სკეპტიკურად განაწყო მის მიმართ. ამბობდნენ, რომ ჯასინდას მიზანი პოპულარობაა, რომ ის ახალბედა დედაა და დედობასთან ერთად ქვეყნის მართვას ვერ შეძლებს, თუმცა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას ამის შემდეგ ბევრჯერ დაუმტკიცა, რომ ის ნამდვილი და ძლიერი ლიდერია.
ახალ ზელანდიაში პრემიერი საზოგადოების დიდი სიყვარულით სარგებლობს. ამის მიზეზი კი ჯასინდას გულწრფელობაა. ის თავის ხალხს ესაუბრება აბსოლუტურად ყველაფერზე ღიად და გულწრფელად. ის ხვდება ჩვეულებრივ მოქალაქეებს, იზიარებს მათ ტკივილს და ეხმარება პრობლემების გადაჭრაში და ასე იქცევა დღემდე, როცა პრემიერობიდან უკვე რამდენიმე წელი გავიდა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ჯასინდას წარმატების საიდუმლო სწორედ მისი უშუალობა და გულწრფელობაა. ის არის ქალი, რომელსაც შეუძლია სხვისი ტკივილის გაზიარება, გულთან ახლოს მიტანა და პრობლემების გადაჭრა. ლიდერი, რომელიც უსმენს თავის ხალხს და არ იჩენს გულგრილობას მათი პრობლემების მიმართ.
ჯასინდამ, რამდენიმე დღის წინ ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებსაც კი შეეცვალათ შეხედულება. ტერაქტის შემდეგ ამ 38 წლის ქალმა გამოავლინა ისეთი თვისებები, რომლითაც მთელ მსოფლიოს აჩვენა, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ლიდერი.
„ტერაქტის შემდეგ ის არ დაყოვნდა და თავის ხალხს რამდენიმე წუთში მიმართა და მომხდარის შესახებ რაც იცოდა, თავადვე მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია. ის ხალხს ესაუბრა უშუალო, ჩვეულებრივ, მარტივ ენაზე, რომელზეც როგორც წესი, ლიდერები არ საუბრობენ, მისი ხმის ტემბრი, ქცევა აბსოლუტურად შეესაბამებოდა მომხდარს და ბუნებრივი ემოციებით იყო გაჯერებული“, - წერს „გარდიანი“ ახალი ზელანდიის ლიდერის შესახებ.
„ისინი ჩვენ ვართ“ - თქვა ჯასინდამ გარდაცვლილებსა და დაჭრილებზე. ტერაქტის მეორე დღეს ჯასინდა არდენი გარდაცვლილთა ოჯახებთან ჰიჯაბით მივიდა და მიუსამძიმრა. საზოგადოებამ ამ დროს ატირებული პრემიერ-მინისტრი ნახა. თუმცა ამ ცრემლების პარალელურად მან ლიდერისთვის შესაბამისი მყისიერი გადაწყვეტილებები მიიღო. მაგალითად, მალევე გაამკაცრა კანონი იარაღის შესახებ.
„გარდიანი“ წერს, რომ ჯასინდა არდენი ახალგაზრდა ლიდერია, რომელიც პოლიტიკოსის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.
თემები: ქალები, ძლიერიქალი, მინისტრი, პოლიტიკა, პოლიტიკოსი ქალი
<a href="https://www.theguardian.com">https://www.theguardian.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია