მსოფლიოში ყველაზე პროვოკაციული სუნამოების ბრენდის, NASOMATTO-ს შემქმნელი, ალესანდრო გუალტიერი 11 აპრილს თბილისს ეწვევა. იტალიელი პარფიუმერი თავისი ბრენდის დახურულ პრეზენტაციას, განსაკუთრებული სტუმრებისთვის, მოძრაობის თეატრში გამართავს. ექსკლუზიური ინსტალაციებით და ორიგინალური პერფორმანსით აქ მოსულ ადამიანებს ნამდვილად შეეძლებათ ალესანდროს არომატების ჯადოსნურ და მისტერიულ სამყაროში იმოგზაურონ.
იტალიელმა პარფიუმერმა, რომელიც არომატებს ვერსაჩეს, ვალენტინოს, ჰელმუტ ლენგს, ფენდის, დიზელს და სხვა საკულტო ბრენდებს უქმნიდა, განათლება გერმანიაში მიიღო და კარიერის მანძილზე მუდმივად ცნობილ და ნიშურ ბრენდებთან თანამშრომლობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე მისი რადიკალური, არასტანდარტული და ცოტა გიჟური კონცეპტუალური გადაწყვეტები დაიწუნეს, გადაწყვიტა თვითონ ექცია საკუთარი იდეები საკუთარ ბრენდად, ისეთად, რომელსაც საზღვრებს არავინ დაუწესებდა.
გუალტიერიმ ბრენდი ნასომატო - NASOMATTO (იტალიურად „გიჟური ცხვირი“) 2007 წელს ამსტერდამში დაარსა და 2014 წლამდე 10 სრულიად განსხვავებული, ინდივიდუალური ხასიათისა და ისტორიის მქონე სუნამო შექმნა: 2007 წელს Duro, Narcotic Venus, Silver Musk, და Absinth. China White (2008), Black Afgano (2009), Nudiflorum (2010), Pardon (2011). მეათე და ბოლო სუნამო Blamage 2014 წელს ფილმთან ერთად გამოვიდა The Nose – Searching for Blamage, რომელიც მისი შექმნის ძალიან საინტერესო ისტორიას ყვება.
ალესანდრო ამბობს, რომ არ უნდა მისი სუნამოები მისივე სურვილებისა და გადაწყვეტილებების მონები იყვნენ, ისინი ცოცხალი არსებები არიან, ვითარდებიან საკუთრივ და პირიქით, თავიანთ შემქმნელს უთითებენ მიმართულებას.
სუნამოს შექმნის ანარქისტულმა პროცესმა ნასომატო ექსტრავაგანტულ, სრულიად უნიკალურ ბრენდად აქცია და გუალტიერის ახალ „შვილობილს“, Orto Parisi, კიდევ უფრო მეტი ინტრიგა შემატა. როგორც თავად ამბობს, „ნასომატო მოკვდა, იბადება ორტო პარისი!“
მისტერია, რომელიც ნასომატოს შექმნის პროცესს თან სდევდა, არასოდეს დაკარგავს ძალას, რადგან არავინ იცის ზუსტად რა არომატებისგან შედგება იგი, ბრენდისგან თითოეულ სუნამოზე მხოლოდ ძირითადი ნოტებია ცნობილი.
იტალიელი პარფიუმერის სტუმრობა სელექტიური პარფიუმერიის ბუტიკების ქსელის, ლ’არომ ბუტიკის - L’Arome Boutique დამსახურებაა, სადაც მსოფლიოში საუკეთესო პარფუმერების მიერ შექმნილ სხვადასხვა სუნამოსთან ერთად ექსკლუზიურად ნასომატოს შეძენაც შეგიძლიათ.
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია