H&M-ის მორიგი დიზაინერული კოლაბორაცია პარიზში მოღვაწე ჯამბატისტა ვალისთან შედება, რომელიც ცნობილია როგორც სილამაზისა და სინატიფის ოსტატი. აღნიშნული ინფორმაცია კანში amfAR-ის გალაზე გახდა ცნობილი.
ჯამბატისტა ვალი და H&M-ის კრეატიული მრჩეველი, ანნა-სოფია იოჰანსონი, წითელ ხალიჩაზე კენდალ ჯენერთან, კრის ლისთან, კიარა ფერანისთან, ბიანკა ბრანდოლინისთან და როს ლინჩისთან ერთად გამოჩნდნენ. ვარსკვლავები გამოწყობილნი იყვნენ გლამურულ, უნიკალურ, ლიმიტირებულ Giambattista Valli x H&M-ის პრე-კოლექციაში.
მოდის მოყვარულებს პირველად მიეცემათ შესაძლებლობა, რომ დაუყოვნებლივ ისიამოვნონ ამ კოლაბორაციით (ფაქტობრივად, მაშინვე!) - წითელ ხალიჩაზე არსებული ნივთები ხელმისაწვდომი იქნება რჩეულ მაღაზიებსა და hm.com-ზე 25 მაისიდან. Giambattista Valli x H&M-ის ძირითადი კოლექცია კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2019 წლის 7 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
"მე მართლაც აღფრთოვანებული ვარ ამ კოლაბორაციით: H&M-ი საშუალებას მაძლევს სტილის ჩემებური ხედვა და სილამაზის ზეიმი უფრო ფართო აუდიტორიისათვის გავხადო ხელმისაწვდომი. ამ ყველაფრის მიზანია, რომ სხვებსაც გავუზიარო სილამაზისადმი ჩემი სიყვარული და გავხდე მათი "ბედნიერი მომენტების" ნაწილი, რათა ხელი შევუწყო სასიყვარულო ისტორიების შექმნას მსოფლიოს მასშტაბით", - განაცხადა ჯამბატისტა ვალიმ.
"ჩვენთვის დიდი პატივია ჯამბატისტა ვალისთან თანამშრომლობა. იგი მაღალი მოდის უდაო ოსტატია, რომელიც დასამახსოვრებელ სილუეტებს ქმნის. ჩვენი მომხმარებლებისათვის მისი განსაკუთრებული სტილის შეთავაზება, ეს მართლაც ახდენილი ოცნებაა. მოუთმენლად ველოდებით ამ ულამაზეს კოლექციაზე მათ რეაქციას ", - ამბობს ანნა-სოფია იოჰანსონი, H&M-ის კრეატიული მრჩეველი.
რომში დაბადებულმა და გაზრდილმა ჯამბატისტა ვალიმ საკუთარი ხაზი 2005 წელს პარიზში წარადგინა. მისი სამყარო აერთიანებს ტანისამოსის ხაზს, მაღალ მოდასა და აქსესუარებს. H&M-თან თანამშრომლობა ვალისთვის პირველია ამ სახის კოლაბორაციებში და ასევე მამაკაცის სამოსის შექმნის პირველი მცდელობაა.
GIambattista Valli x H&M-ის კოლაბორაციის ლიმიტირებული პრე-კოლექცია 25 მაისიდან ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს მასშტაბით H&M-ის 12 რჩეულ მაღაზიასა და hm.com-ზე. დახვეწილი ნივთები მოდის მოყვარულებს წარმოდგენას შეუქმნის ამ ამაღელვებელი კოლაბორაციის შესახებ, რომელიც სავსეა მოდური ტენდენციებით.
Giambattista Valli x H&M-ის ძირითადი კოლექცია მსოფლიოს მასშტაბით 2019 წლის 7 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
სხვა ფოტოების სანახავად, ეწვიეთ ფოტოგალერიას: H&M Event Gallery
თემები: h&m, მოდა, კოლაბორაცია, ქენდალ ჯენერი, ჯამპატისტა ვალი