LIFE

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ „ოქროს ტალღის“ 8 კატეგორიის ნომინანტებს ასახელებს

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ „ოქროს ტალღის“ 8 კატეგორიის ნომინანტებს ასახელებს

2019 წლის 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი „ოქროს ტალღას“ უმასპინძლებს. წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წელს უკვე მეექვსედ მართავს.

„ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორის მოხვდა ის სიმღერები, რომელთა პრემიერა მთელი წლის განმავლობაში რადიოჰოლდინგის ოთხი რადიოს: „არ დაიდარდოს“, „ფორტუნას“, „ავტორადიოსა“ და „ფორტუნა პლუსის“ ეთერში შედგა.

კომპეტენტური ჟიურის მუშაობის შედეგად, 8 ნომინაციაში: „წლის სიმღერა“, „წლის მომღერალი ქალი“, „წლის მომღერალი მამაკაცი“, „წლის დუეტი“, „წლის დებიუტი“, „წლის რიმეიქი“, „წლის ქალაქური სიმღერა“ და „წლის ჯგუფი/ანსამბლი“ სამ-სამი მთავარი ნომინანტი გამოიკვეთა.

წელს პირველად, კონკურსის არსებობის ისტორიაში, „ოქროს ტალღამდე“ მცირე ხნით ადრე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნა“-ში ნომინანტი სამეულების ვინაობა გამჟღავნდა.

24 მაისს რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ გამართულ პრესკონფერენციას, სადაც სამეულები გამოცხადდა, დაესწრნენ რადიო „ფორტუნას“ მუსიკალური ხელმძღვანელი, ნატა ხარაშვილი, რადიოჰოლდინგის პიარმენეჯერი, თათა სადრაძე, მომღერლები ანრი ჯოხაძე და სოფო გელოვანი, რომლებიც სხვადასხვა დროს „ოქროს ტალღის“ მთავარი ჯილდოს მფლობელები გახდნენ.

თათა სადრაძე:

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წელს უკვე მეექვსედ ატარებს წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიალს. წლევანდელი სიახლე განსაკუთრებულია - კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული სამი ნომინანტი 8 კატეგორიისთვის სწორედ დღეს დასახელდება. ეს არის პირველი პრეცედენტი კონკურსის არსებობის ისტორიაში, როდესაც სამეულებს წინასწარ ვასახელებთ.

ამ 8 ნომინაციის გარდა, გამოვლინდება კიდევ არაერთი კატეგორიის გამარჯვებული, სულ 15 ჯილდო გაიცემა.

ინტერნეტრჩეულის გამოსავლენად უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცედურა, ჩვენი საიტის goldenwave.ge საშუალებით. ვისაც აქვს სურვილი, რომ ამ კატეგორიაში მისი რჩეული მომღერალი გახდეს გამარჯვებული, შეუძლია, 10 ივნისის ჩათვლით, ეწვიოს კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდს.

პრესკონფერენციაზე „ფორტუნას“ მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, ნატა ხარაშვილმა 8 ნომინაციის სამეულები დაასახელა.

გთავაზობთ ჩამონათვალს:

წლის სიმღერა

სტეფანე -„ შენთან მოვდივარ“

ანრი ჯოხაძე - „ცივი ნოემბერი“

ნოდიკო ტატიშვილი - „მე ვოცნებობდი“

წლის დებიუტი

Project-O – „არ მახსოვს“

ქართული კვარტეტი - „მზის სხივები“

გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები - „ისე ძლიერ შეგიყვარე“

წლის ჯგუფი/ანსამბლი

მგზავრები - „რემბო“

სახე - „სიყვარულის დღე“

შვიდკაცა - „მხარე ლამაზი“

წლის დუეტი

მწვანე ოთახი და უმა ჯეი - „ჩემთან აღარ ხარ“

სოფო ნიჟარაძე და საბა კემულარია - „შემოდგომა“

გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები - „ისე ძლიერ შეგიყვარე“

წლის მომღერალი ქალი

ლელა წურწუმია - „შორს, სადღაც შორს“ (Live)

სოფო გელოვანი - „ცივი ხელები“

მაკა ზამბახიძე - „ჩემთან ერთად“

წლის მომღერალი კაცი

სტეფანე - „შენთან მოვდივარ“

ნოდიკო ტატიშვილი - „მე ვოცნებობდი“

გიორგი სუხიტაშვილი - „დაბრუნდები“

წლის ქალაქური სიმღერა

ლაშა ღლონტი და გროს ოქტეტი - „ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ“

თეატრალურის კვარტეტი - ჯანსუღ კახიძის პოპური

ტრიო ალილო - „ძველი ჰანგი“

წლის რიმეიქი

ქართული ხმების ტრიო - „წვიმდა“

სოფო ნიჟარაძე და საბა კემულარია - „შემოდგომა“

ტრიო ალილო - „ძველი ჰანგი“

ანრი ჯოხაძე:

ძალიან ვინერვიულე, წლის საუკეთესო მომღერალ მამაკაცებს შორის რომ არ დავსახელდი. ალმური მომედო, როგორ წლის არ ვარ-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ათწლეულის ვარ (იღიმის).

ზუსტად ვიცი, როდის როგორ ვმღერი, ხან კარგად, ხან ცუდად, ეს ჩემთვის ვიცი, თორემ სხვებისთვის ყოველთვის კარგად ვმღერი.

ეს ხუმრობით, მთავარი მაინც წლის სიმღერის ნომინაციაა. ყველას სურს ამ კატეგორიაში მოხვედრა და ძალიან გამიხარდა ამ სამეულში მოხვედრა. ნამდვილად კარგი სამეულია. არც ერთი სიმღერა არ ბადებს ეჭვს, რატომ შეიძლება იყოს წლის სიმღერის ნომინაციაში რომელიმე. წლის სიმღერა ვერ იქნება ის, რომელიც ქუჩაში, ბარში არ მესმის. ამ სამ სიმღერაზე კი ხელები ამიწევია.

მთავარია, რომ ამ სამეულში ვარ. ძალიან მომეწონა, რომ წელს ნომინანტების სამეული წინასწარ გამოცხადდა. საერთაშორისო სტანდარტი ასეთია.

სოფო გელოვანი:

ძალიან სასიამოვნო ემოცია მაქვს, რა დაგიმალოთ. მესიამოვნა ნამდვილად, რომ მოვხვდი წლის საუკეთესო შემსრულებელი ქალის ნომინაციის სამეულში, თან, ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან, ლელა წურწუმიასთან და მაკა ზამბახიძესთან ერთად. მათ წარმატებებს ვუსურვებ და დაველოდოთ 11 ივნისს (იღიმის).

„ოქროს ტალღის“ სხვა ნომინაციების გამარჯვებულები, რომლებსაც რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ შემოქმედებითი ჯგუფი ავლენს, მათ შორის „ფორტუნას“ რჩეული, წლის პროდიუსერი და მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პრიზის მფლობელი, სამეულის გამოცხადების გარეშე, პირდაპირ დაჯილდოების ცერემონიაზე დასახელდებიან.

რაც შეეხება ინტერნეტრჩეულს, მის გამოსავლენად ჯერ კიდევ მიმდინარეობს ხმის მიცემა. საიტზე goldenwave.ge შეგიძლიათ, თქვენს რჩეულს მხარი დაუჭიროთ. ხმის მიცემა გაგრძელდება 10 ივნისამდე.

ტრადიციულად, „ოქროს ტალღისთვის“ შერჩეული ჟიურის ვინაობაც 11 ივნისს დასახელდება, ცერემონიამდე ჟიურის ყველა წევრის ვინაობა გასაიდუმლოებულია.

წლევანდელი „ოქროს ტალღა“ ლეგენდარულ ჯგუფს „ქუინი“ ეძღვნება. სპეციალურად ღონისძიებისთვის თბილისში ჩამოდის კანადელი შემსრულებელი მარკ მარტელი, რომელიც „ქუინის“ სიმღერებს შეასრულებს.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.