თუ თქვენს საყვარელ მამაკაცს სურს, რომ თქვენს თვალში უფრო მომხიბვლელი გამოჩნდეს, ურჩიეთ მას, რომ სამზარეულოში შევიდეს და საჭმელები მოამზადოს, სახლის საქმეები გააკეთოს. დიახ, არ მოგესმათ, მეცნიერების მტკიცებით, ასეთი კაცები ქალებისთვის უფრო მიმზიდველები და სასურველები არიან.

კალიფორნიის უნივერსიტეტის სოციოლოგებმა, სკოტ კოლტრეინმა და მიშელ ადამსმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ქალები იხიბლებიან ისეთი მამაკაცებით, რომლებიც სახლის საქმეებს ასრულებენ, ამზადებენ საჭმელს, ზრუნავენ სახლის სისუფთავეზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მეცნიერები მსგავს დასკვნამდე მივიდნენ. მკვლევარებმა რამდენიმე წლის უკან ოჯახური ბედნიერების განმაპირობებელი მიზეზები შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ ის ოჯახები, სადაც კაცები უარს არ ამბობენ სახლის საქმეების შესრულებაზე, უფრო ბედნიერები არიან.

ფსიქოლოგმა, ექიმმა და ურთიერთობების ექსპერტმა გოთმანმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, როცა მამაკაცი სახლის საქმეებს აკეთებს, ეს სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვის ნიშანია და ასეთი ოჯახები უფრო ბედნიერები არიან.

ამ ყველაფერთან ერთად არსებობს სტერეოტიპული მოსაზრება, რომლის თანახმადაც, სახლის საქმეების კეთება არამამაკაცურ საქმიანობად მიიჩნევა. საზოგადოება საოჯახო საქმეებზე პასუხისმგებლობას ქალს აკისრებს. რეალურად, საჭმლის მომზადება, დასუფთავება სულაც არაა არამამაკაცური, უფრო მეტიც, ასეთი კაცები ქალებისთვის უფრო მიმზიდველები და სასურველები არიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ როცა კაცი სახლის საქმეებს აკეთებს, მონაწილეობას იღებს ბავშვის აღზრდაში, ეს კარგი მაგალითია ოჯახის პატარებისთვისაც. კვლევის მიხედვით, როცა ბავშვები ოჯახში ხედავენ, თუ როგორი თანამშრომლობითი ხასიათის ურთიერთობაა მშობლებს შორის, რომ მამა დედის მსგავსად აკეთებს საოჯახო საქმეებს, ისინი უფრო კომუნიკაბელურები და მეგობრულები არიან და სკოლაში, საზოგადოებაში არ უჭირთ კავშირების დამყარება.