რა ჩავიცვათ კარანტინში? - სახლიდან მუშაობის დროს სტილის შერჩევის გაკვეთილები
- 02.04.2020
მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. ყველა ერთ მტერს - კორონავირუსს ვებრძვით. ამ ეტაპზე ვირუსის საწინააღმდეგო არც წამალი არსებობს და არც ვაქცინა, ამიტომაც, COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების ერთადერთი გზა სახლში დარჩენაა.
ადამიანთა უმეტესობა დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. გარშემო დაძაბული და სტრესული სიტუაციაა, სახლიდან, თანამშრომლებთან უშუალო, პირდაპირი კომუნიკაციის გარეშე მუშაობა კი, ბევრისთვის დამატებით დეპრესიის მიზეზი ხდება.
და რა კურნავს დეპრესიას ყველაზე უკეთ? - აქამდე საუკეთესო თერაპიად შოპინგი მიიჩნეოდა, მაგრამ ახლა, როცა საყიდლებზე წასვლა აღარ შეგვიძლია, საუკეთესო გამოსავალია, რომ იმ სამოსით, რომელიც გვაქვს, ყოველ დღე ახალი და განსხვავებული სტილი შევქმნათ.
იმან, რომ სახლიდან მუშაობთ არ მოგადუნოთ. წარმოიდგინეთ, რომ ბევრი ადამიანი გიყურებთ და დილით ისევე გაიპრანჭეთ, როგორც აქამდე. ეს გაგამხიარულებთ, თავდაჯერებულობას შეგმატებთ და სტრესისა და დეპრესიის ხარისხს მცირედით მაინც შეგიმსუბუქებთ.
გთავაზობთ რჩევებს, როგორ ჩაიცვათ კარანტინში, სახლიდან მუშაობის დროს?
1. არანაირი პიჟამა
ეს დაივიწყეთ. გასაგებია, რომ კომფორტულია, მაგრამ განა სამსახურში ვინმე პიჟამით დადის? - თქვენ კი სამსახურში ხართ, მთელი დღის განმავლობაში უნდა იმუშაოთ. გარდა ამისა, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ მთელი დღე პიჟამით იქნებით, თქვენი მუშაობა ვერ იქნება პროდუქტიული. ეს სამოსი ერთგვარად გადუნებთ, ძილს განდომებთ, ხოლო როცა პროფესიონალურად ხართ გამოწყობილი გამოწყობილი, თავს უფრო მოტივირებულად გრძნობთ და პროდუქტიულობაც იზრდება. ამიტომ, გირჩევთ, ჩაიცვათ ლამაზად, განწყობისთვის უმნიშვნელოვანესია ის, თუ როგორ გამოიყურებით.
2. გაითვალისწინეთ მოდის ტენდენციები
როცა სახლში ხართ და ადამიანებს არ ხვდებით, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ კარგავთ სტილს. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებლად ადევნეთ თვალი მოდის ტენდენციებს, გაეცანით ტრენდებს. გამოიყენეთ ყოველდღიური სტილისთვის აქსესუარები. ნახავთ, რომ ეს დადებითად იმოქმედებს. გარდა ამისა, დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრ თქვენგანს კარგა ხანია ახალი ფოტო არ გადაუღია, გამოიპრანჭეთ ყოველ დღე და გადაიღეთ ახალი სელფები, არ ფიქრობთ, რომ ინსტაგრამის განახლების დრო მოვიდა?
3. გირჩევთ არჩევანი ღია ფერის, ფერად სამოსზე შეაჩეროთ
მხიარული ფერები რთული პერიოდის მარტივად დაძლევაში დაგეხმარებათ. თავი აარიდეთ მოსაწყენ ფერებს. იყავით უფრო კრეატიულები ყოველდღიური სტილის შერჩევისას.
4. აუცილებლად გამონახეთ დრო თმის მოსაწესრიგებლად და მაკიაჟისთვის
როცა კარგად გამოიყურები, თავს კარგად გრძნობ, ეს ასევე გავლენას ახდენს იმაზე თუ როგორ ინტერაქციაში ხარ სხვებთან - დიახ, გავლენას ახდენს მაშინაც, როცა ადამიანებს დისტანციურად ესაუბრებით. თუ დღეები ისე გადის, რომ თმებს არ იწესრიგებთ, სახეს არ უვლით და არც მაკიაჟს იკეთებთ, მალე სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავის ცნობა გაგიჭირდებათ. ამიტომაც, ცოტაოდენი ფერუმარილი, ტუჩსაცხი, ტუში (ეს მხოლოდ 4 წუთს წაგართმევთ) და თქვენ შესანიშნავად გამოიყურებით.
5. და ბოლოს, ცოტა გავხალისდეთ - განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ზედა ნაწილის სამოსს
შესაძლოა, კოლეგებს ონლაინში ვიდეო ზარით ესაუბრებით, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ონლაინ თათბირს პიჟამით არ დაესწროთ. თუ უცებ ვერ ასწრებთ მომზადებას, შეგიძლიათ მხოლოდ პერანგი, ან ლამაზი სვიტერი ჩაიცვათ. ქვემოთ კი, თუნდაც შარვლის გარეშე ისხდეთ, ვერავინ შეამჩნევს. მთავარია არ დაგავიწყდეთ, რომ ფეხზე ვიდეოზარის დასრულებამდე არ ადგეთ.
თემები: სტილი, მოდა, ტრენდი, Trend, კორონავირუსი, COVID-19, სახლიდან მუშაობა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია