მშობლები

რჩევები "სრულგანაკვეთიან" დედებს

რჩევები "სრულგანაკვეთიან" დედებს

რთულია, როდესაც ბავშვს ვერავის უტოვებ, ამიტომ სამსახურისთვის თავის დანებება და თვეების განმავლობაში სახლში ყოფნა გიწევს. როდესაც პატარა იბადება, ყველა ქალი დილემის წინაშე დგება: ერთი მხრივ, პროდუქტიული მდგომარეობის შენარჩუნება სურს, მეორე მხრივ, ბავშვის ძიძასთან დატოვება არ უნდა, რადგან შვილის გარეშე გატარებული ყოველი წუთი დაკარგულად მიაჩნია. რაც არ უნდა იდეალურ გარემოს გთავაზობდეს საბავშვო ბაღი, ფაქტია, ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვი უმეტეს დროს მშობლებთან ატარებდეს და ცხოვრებას სწორედ მათი მაგალითით სწავლობდეს.

ნუ დაუქვეითებ წარმოსახვას

რჩევები

აღზრდის პროცესში მნიშვნელოვანია, ბავშვის წარმოსახვისა და იდეების განვითარებას ხელი შეუწყო, მხოლოდ ამ გზით ჩამოუყალიბდება საკუთარი თავის რწმენა. გახსოვდეს: არასოდეს გაიცინო მის ნათქვამზე, რაც არ უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოს. ყოველთვის ყურადღებით მოუსმინე, როდესაც თავისი „გეგმების“ შესახებ გესაუბრება და დაანახვე, რომ მის აზრებს სერიოზულად ეკიდები. ანტისოციალური ქცევისკენ მიდრეკილება სწორედ ისეთ ადამიანებში ვითარდება, რომლებსაც მშობლები მუდმივად აიგნორებდნენ ან აბუჩად იგდებდნენ.

მოარიდე სტრესულ სიტუაციებს

რჩევები

გასაგებია, რომ ბავშვის გაზრდა უდიდეს ნებისყოფას მოითხოვს და მშობლები უძილო ღამეებისა და განუწყვეტელი საქმიანობის პირობებში იმდენად ისტრესებიან, რომ პატარების უმნიშვნელო ცელქობასაც კი მდგომარეობიდან გამოჰყავს ისინი. ეცადე, ასეთ დროს თავი ხელში აიყვანო და ჩხუბი არ დაიწყო. მნიშვნელოვანია, ბავშვს მშობლის პატივისცემა ჰქონდეს და გარკვეულ საზღვრებს არ სცდებოდეს, ამას კი მხოლოდ სიმშვიდის შენარჩუნებით შეძლებ: თუ საკუთარი თავის კონტროლი არ შეგიძლია, სავარაუდოდ, ვერც შვილს გააკონტროლებ – აუხსენი პატარაობიდან, რომ სახლში გარკვეული წესები არსებობს და მათ ყველა ემორჩილება. ბავშვობიდან ყოველდღიური რუტინის დაცვა პატარებს მოწესრიგებულ ადამიანებად აყალიბებს.

ასევე, მნიშვნელოვანია, გახსოვდეს, თუ ბავშვი ხალხის გარემოცვაში სცენას მოაწყობს, არასოდეს გაუბრაზდე მათი თანდასწრებით: უბრალოდ, იმ სიტუაციას მოაშორე და ცალკე აუხსენი, რომ ეს ცუდი საქციელია.

დაუწესე წესები

რჩევები

წესებში არავითარ შემთხვევაში ბავშვის დაშინება არ იგულისხმება, უბრალოდ, კარგი იქნება, თუ იმის შეგრძნებას ჩამოუყალიბებ, რომ მისი მხრიდან კარგ საქციელს შექება მოჰყვება, ხოლო წესების დარღვევას – შენიშვნა.

თუ მის დასჯას გადაწყვეტ, ძალიან მნიშვნელოვანია, აუხსნა, რა დააშავა და კონკრეტულად რაზე გაბრაზდი. პატარას ტვინი ხომ ჩამოყალიბების პროცესშია და ყველა საქციელის სრულყოფილად გააზრებას ვერ ახერხებს. ანალოგიურად მოიქეცი წახალისების დროსაც – აუხსენი, რა გააკეთა კარგი და რატომ გინდა, რომ, მაგალითად, ახალი სათამაშო უყიდო.

მიეცი მაგალითი საკუთარი ქცევით

რჩევები

მშობლების მხრიდან მაგალითის მიცემასთან დაკავშირებით პარალელს ჩვენს რეალობაში ყველაზე კარგად სიგარეტის მოწევასთან გავავლებთ – შვილების თანდასწრებით ეწევიან და თანაც მიუთითებენ, რომ ეს ჩვევა მავნებელია. ბავშვი ხომ სწორედ მშობლების ქცევებზე დაკვირვებით სწავლობს. ამიტომაც საჭირო არ არის, დასვა და ცხოვრებისეული იდეალების შესახებ დამოძღვრო, უბრალოდ, მისი თანდასწრებით გააკეთე ის, რასაც მისგან ითხოვ.



<a href="http://blog.stay-a-stay-at-home-mom.com/2016/02/04/raising-a-toddler-at-home-and-parenting-tips/">http://blog.stay-a-stay-at-home-mom.com</a>