მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად იდეალური კანი გაქვს — ახლო რაკურსი ყველა დეფექტს გამოკვეთავს, ფოტოშოპის ფილტრები კი ჩვენს სახეებს არაადამიანურ ფაქტურას ანიჭებს და ადამიანების ნაცვლად ცვილის ფიგურებს ვემსგავსებით. ბუნებრივი ეფექტის მიღწევა მხოლოდ სახის კანზე მუდმივი მუშაობით შეგიძლია. თუ გსურს, ყველა ფოტოში იდეალურად გამოიყურებოდე, TREND-ის 7 რჩევას გაეცანი:
7. სახის მოვლის ისეთ პროდუქტებზე გადადი, რომლებიც მგრძნობიარე კანისთვისაა განკუთვნილი
კანის კონკრეტული პრობლემების სამკურნალო საშუალებებს (მაგალითად აკნეს საწინააღმდეგო პროდუქციას) გაღიზიანება — აქერცვლა და სიწითლე ახასიათებს. ამიტომაც კოსმეტოლოგები სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი საშუალებების გამოყენებას გირჩევენ.
6. უპირატესობა სქელი ფაქტურის მატენიანებელს მიანიჭე
ახლა ზამთარია, სიცივეში კი კანი შრება და ნაოჭდება. კრემის სქელი სტრუქტურა კანში უფრო ღრმად აღწევს და იდეალურ დატენიანებას უზრუნველყოფს. ამ მხრივ არჩევანს უამრავი კოსმეტიკური ბრენდი გვთავაზობს, ასე რომ, თავად გადაწყვიტე, რას შეიძენ.
5. პერიოდულად ზედაპირული პილინგი გაიკეთე
ამ პროცედურას ნებისმიერი სალონი გვთავაზობს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროფესიონალს მიმართო — სახლის პირობებში ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავე: კანის ზედა ფენის მოშორებით როგორც მკვდარი უჯრედებისგან, ასევე — ფერისმჭამელებისგან გათავისუფლდები, შემდეგ ეტაპზე კი ხარისხიანი გამწმენდების და მატენიანებლების გამოყენება მოგიწევს, პილინგით მიღებული ეფექტი დიდხანს რომ შეინარჩუნო.
4. აუცილებლად იქონიე შრატი
შრატი მატენიანებლის კონცენტრირებული ფორმაა, რომელიც ამასთანავე კანის ბზინვარებას უზრუნველყოფს. თუ სპეციალისტმა შენი კანის შესაფერისი რომელიმე კონკრეტული ბრენდი გირჩია, იმავე წარმოების შრატი შეიძინე.
3. ატარე მაკიაჟი ოდნავ ბრწყინავი ეფექტით
თუ ასეთ რუჟს ან ჩრდილებს დიდი რაოდენობით წაისვამ, ფოტოებში შუქი არაბუნებრივად აირეკლება, ამიტომ ყოველთვის ზომიერების დაცვას გირჩევთ. თუმცა, მცირე რაოდენობით ბრწყინვალება სახის ნაკვთებს უკეთ გამოკვეთავს და ფოტოც მეტად ეფექტური გამოვა. ამასთანავე, ასეთი რუჟი მთელ სახეზე კი არ უნდა წაისვა, არამედ სტრატეგიულ ადგილებში — ყვრიმალებთან და წარბს ზემოთ.
2. ჩანთაში ყოველთვის გეგდოს საშრობის ეფექტის ქაღალდი
სანამ ფოტოს გადაიღებ, ქაღალდი ნაზად დაიტანე სახეზე, იმისათვის, რომ მაკიაჟის გაკეთების შემდეგ კანიდან გამოჟონილი ცხიმი შეიწოვოს. როდესაც ფოტოზე აპრიალებულ სახის კანს ვხედავთ, ეს სწორედ ცხიმიანობის ბრალია.
1. აქცენტი თვალებზე გააკეთე
ამ ხრიკს მრავალი სტრატეგიული მიზანი აქვს: გარდა იმისა, რომ თვალები სახის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შტრიხია, მათი აქცენტირებით მაყურებლის ყურადღებას მიიპყრობ და სხვა დეფექტები შეუმჩნეველი დარჩება — მაგალითად, პრიალა შუბლი ან გაყოფილი ნიკაპი. გამოიყენე ზომიერი რაოდენობით მუქი ჩრდილები, ლაინერი და ტუში და იდეალური სელფიც მზად არის!
თემები: სახის მოვლა, იდეალური სელფი, იდეალური პორტრეტი, ახლო რაკურსი, იდეალური კანი
წყარო: <a href="http://skincare.allwomenstalk.com/tips-to-get-your-skin-ready-for-a-sexy-close-up/7?lastslide">allwomenstalk</a>