LIFE

სიყვარულის მხოლოდ 4 ეტაპი არსებობს - თქვენ რომელზე ხართ?

სიყვარულის მხოლოდ 4 ეტაპი არსებობს - თქვენ რომელზე ხართ?

ადამიანი არ არის მარტივი ქმნილება, შესაბამისად, ურთიერთობები ზოგჯერ რთულდება. განსაკუთრებით კი, რომანტიკული. სიყვარულის თითოეულ ეტაპს გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები. ურთიერთობის ნეგატიური ასპექტების მიუხედავად, ადამიანები აგრძელებენ მცდელობას, რომ გააგრძელონ თავიანთი სიყვარულის ისტორია, შექმნან ჯანსაღი ურთიერთობა და შეინარჩუნონ ის. დინამიური და მუდმივად ცვალებადი ურთიერთობები, ადამიანთა ცხოვრებაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდ გამოწვევაა. 

ხედავთ თუ არა საკუთარ თავს ამ ადამიანთან გრძელვადიან პერსპექტივაში? გაქვთ საერთო ინტერესები და მიზნები? ამთლიანებს ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებას? შეგიძლიათ გუნდური მუშაობა? ბედნიერი ხართ? - ეს კითხვები არის შეხსენება იმისა, რომ ურთიერთობას მუდმივი ყურადღება და მუშაობა სჭირდება.

ამიტომ მნიშვნელოვანია, შეგეძლოთ დანახვა, სად ხართ ახლა და საითკენ მიდის თქვენი სიყვარულის ისტორია.

1. რომანტიკული ეტაპი

სიყვარულის ეს პირველი ეტაპი ორი თვიდან ორ წლამდე გრძელდება. ამ დროს, სიტყვა, რომელიც თქვენი საყვარელი ადამიანის აღსაწერად გამოიყენება, არის „სრულყოფილი“.

ბედნიერების ნეიროტრანსმიტერები, რომლებიც სიყვარულის ამ სტადიაზე სწრაფი ტემპით გამოიყოფა, ტვინის იმავე ზონას ააქტიურებენ, რასაც ნარკოტიკები. ამიტომ, ამ დროს იზრდება მიჯაჭვულობის განცდა. ერთადერთი, რაც ამ დროს გინდათ, თქვენი საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნაა. მხოლოდ მასზე ფიქრობთ, მხოლოდ „ის“ არსებობს.... რთულია ნებისმიერი სამუშაოს შესრულება. ახლა, სიყვარულისგან უბრალოდ დაფრინავთ! სამყაროში ყველაფერი მშვენიერია. ყველაზე ხშირად კი ამბობთ: „სად იყავი მთელი ჩემი ცხოვრება?“.

უარყოფითი მხარე? თქვენ შესაძლოა უგულებელყოთ სხვა ურთიერთობები. ხოლო ახალ პარტნიორთან ერთად, ზედმეტად დიდი დრო გაატაროთ. ასეთი ურთიერთობა კი, ხელს უშლის საკუთარი იდენტობის შენარჩუნებას. თანაც, ამ ეტაპის გასვლის შემდეგ, ადამიანთა უმრავლესობა აცნობიერებს, რომ საწყისი ვნებიანი გრძნობების მიღმა, საერთო ინტერესები უბრალოდ არ არსებობს. წყვილების უმრავლესობა, სწორედ ამ ეტაპზე შორდება.

2. ძალაუფლებისთვის ბრძოლის ეტაპი

ვარდისფერი სათვალე სულ ცოტა ნაკლებად „ვარდისფერი“ და უფრო გამჭვირვალე გახდა. ილუზია, რომ რომანტიული სიყვარული სამუდამოდ გაგრძელდება, გაქრა. ეს რთული პერიოდია წყვილებისთვის. ახლა, ძირითადი ფოკუსი, წყვილს შორის არსებულ განსხვავებებზე კეთდება.

ქცევები, რომლებიც ოდესღაც „საყვარელი“ იყო, პატარა გამაღიზიანებლად იქცა. სწორედ ამ დროს იწყება ნამდვილი ადამიანის დანახვა. ხშირია კამათი ან უთანხმოებები. ძირითადი მიზეზი კი, არასწორი კომუნიკაციაა. სწორედ „კომუნიკაციაა“ ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიტყვა, რადგან მასზეა დამოკიდებული, გადარჩება თუ არა ეს ურთიერთობა.

ამ ეტაპის მიზანია გაარკვიოთ როგორ ეგუებით ერთმანეთს და როგორ იღებთ ერთმანეთის განსხვავებულობას. ეს ურთიერთობა შეიძლება გაძლიერდეს და გაიზარდოს, თუ თითოეულ ადამიანი შეძლებს საკუთარი გრძნობების მართვას, ღია და მიმღებ კომუნიკაციას, მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

3. სტაბილურობის ეტაპი

როდესაც წყვილი ამ ეტაპზე გადადის, მათ უკვე გაცნობიერებული აქვთ ერთმანეთს შორის არსებული განსხვავებები. ბრძოლა უკვე დასრულებულია, ხოლო როლები უკვე გადანაწილებული. უთანხმოება მხოლოდ უთანხმოებაა, რომელიც ხელჩართულ ბრძოლად არ გადაიქცევა. ურთიერთობაში უფრო მეტი სიმშვიდისა და კომფორტის განცდაა. ახლა ნამდვილად ხედავთ მომავალს ამ ადამიანთან ერთად.

თუმცა, ამ ეტაპზე საფრთხე მოწყენილობის განცდა ან მოსაწყენი რუტინაა. ამან შეიძლება გამოიწვიოს აპათია ან ღალატი. ადამიანები ხშირად იწყებენ პარტნიორის გარანტირებულად აღქმას და არ მუშაობენ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. მათ სჯერათ, რომ ახლა შესაძლებელია მოდუნება.

ზოგიერთი ადამიანი იწყებს პარტნიორისგან ჩამოშორებას. პარადოქსია, მაგრამ მოწყენილობის თუ რუტინულობის მიუხედავად, ეს ურთიერთობა არის მშვიდობიანი, უსაფრთხო და დაცული ადგილი.

4. ვალდებულების ეტაპი

ეს ეტაპი შეიძლება გაგრძელდეს ერთიდან ათ წლამდე. თქვენ და თქვენმა პარტნიორმა უკვე გააკეთეთ მკაფიო არჩევანი - თქვენ, ორივე აღიარებთ ერთმანეთის ნაკლოვანებებს და ღებულობთ მათ.

ნეგატიური ასპექტების მიუხედავად, თქვენ მოგწონთ ეს ურთიერთობა და არ გჭირდებათ „სხვა“ - თქვენ ირჩევთ ამ ადამიანთან ყოფნას. ახლა არსებობს ბალანსი ძალაუფლებას, თავისუფლებას, სიყვარულსა და კუთვნილებას შორის.