
თუ ადამიანებს თქვენი შურთ, გილოცავთ! - ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ ის, რაზეც ისინი ოცნებობენ ან ვერ აუხსნიათ, რატომ ხართ თქვენ ასეთი კარგი.
ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც თქვენი შეშურდებათ და ამისთვის მზად უნდა იყოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი მიზანი წარმატებაა.
TREND გიზიარებთ როგორ უპასუხოთ და აიცილოთ ნეგატიური დამოკიდებულებები.
აღიარეთ და გაანეიტრალეთ შურიანი ხალხი
შური არის გაღიზიანების განცდა, რომელიც გამოწვეულია სხვა ადამიანის კეთილდღეობით. შურიანები დაბალი ენერგიის მქონე ადამიანები არიან, მათ არ აქვთ შინაგანი სისრულე და ისწრაფვიან იცხოვრონ სხვისი ცხოვრებით.
ეცადეთ, თავი შორს დაიჭიროთ ასეთი ადამიანებისგან, რაც უფრო ნაკლები ეცოდინებათ მათ თქვენს შესახებ, მით ნაკლებ ინფორმაციას გამოიყენებენ თქვენსავე წინააღმდეგ, რადგან ძალიან ხშირად, ყველა სახის ბოროტმოქმედები ყოფილი მეგობრები არიან.
„ვაფასებ შენს აზრს“
არასოდეს უპასუხოთ თქვენზე ჭორებს, დაცინვასა და ცილისწამებას. ეს შურიანი ხალხის კმაყოფილებას გამოიწვევს, რომელთა საბოლოო მიზანი სწორედ თქვენი ემოციების მართვაა.
აგრესიული განცხადებების საპასუხოდ, შეგიძლიათ ადამიანს შოკოლადის ფილა ან ტკბილეული მიაწოდოთ და უთხრათ: „ვაფასებ შენს აზრს“ - ამ ჟესტით შეამცირებთ ვნებების სიმძაფრეს, მოწინააღმდეგე კი ყურადღებას თქვენგან ჟესტზე გადაიტანს.
„რა ლამაზი კაბა გაცვია“
შურის საპასუხოდ შეგიძლიათ ადამიანს კომპლიმენტი უთხრათ; დააკვირდით მას, იპოვეთ ის, რაც გულწრფელად მოგწონთ და უთხარით, მაგალითად: „რა ლამაზი კაბა გაცვია“. ადამიანებს, რომლებიც ნეგატივში ცხოვრობენ, უჭირთ დაუყოვნებლივ გადასვლა პოზიტიურზე - ამას დრო სჭირდება.
ასევე შეგიძლიათ მიმართოთ თვითირონიას. საკუთარ თავზე სიცილი ნიშნავს სხვისთვის ამ შესაძლებლობის წართმევას.
"მე ამას ვიმსახურებ"
ნეგატივისგან თავის დასაღწევად, უბრალოდ მარტივად უპასუხეთ: „მე ამას ვიმსახურებ“ - ასე თქვენ არ დაუტოვებთ მიზეზს შემდგომი კამათისთვის და კონფლიქტი შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს.
"გისურვებ დიდ სიყვარულს და სიმდიდრეს"
ეს ფრაზა მშვენივრად მუშაობს, როდესაც კონფლიქტი უკვე მწიფდება. როგორც წესი, ადამიანებს ასეთი მოულოდნელი პასუხი თრგუნავს, რადგან ნებისმიერ ენერგეტიკულ ვამპირს საპირისპირო მოლოდინი აქვს, ხოლო როცა კონფლიქტის აზრი ქრება (თქვენი კეთილი სურვილის წყალობით), შურიან ადამიანს თითქოს ფეხიდან მიწა ეცლება.
„ჩემზე უკეთ შეგიძლია იცხოვრო“
შური მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი საკუთარ აუსრულებელ სურვილებს სხვებში ხედავს. მიეცით შურიანებს საკუთარი თავის რწმენა - გაამხნევეთ და გაუზიარეთ თქვენი სიხარული, ამ ფრაზით თქვენ ძალიან დიდ უპირატესობაში აღმოჩნდებით და მეორე მხარესაც პოზიტივისკენ შემოაბრუნებთ.
და ბოლოს, ცხოვრებაში ყოველთვის იქნება ჩვენზე წარმატებული ან ნაკლებად წარმატებული ადამიანები, მთავარია დავრჩეთ ისეთ ადამიანად, რომელსაც უხარია, აღიარებს და პატივს სცემს სხვების მიღწევებს, რომლისთვისაც წარმატებული ადამიანების გარემოცვა შურის და ბოღმის ნაცვლად დიდი მოტივაციაა.
თემები: ურთიერთობა, შური
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია