გუშინ მილანის მოდის კვირეული დასრულდა. გარდა იმისა, რომ კვირეული, როგორც სფეროს კრიტიკოსები წერენ, გამოირჩეოდა ისეთი მოდის დიზაინერების კოლექციებით, როგორიც არის Gucci, Fendi, Prada, Bottega Veneta და Dolce & Gabbana, წლევანდელი მილანის მოდის კვირეული, ჩვენთვის გამორჩეული გახდა იმითაც, რომ ქართული ბრენდი ANOUKI მისი ოფიციალური და მუდმივი წევრი გახდა.
ამის შესახებ განცხადება ბრენდმა 17 თებერვალს გამოაქვეყნა, სადაც განმარტებულია, რომ მილანის მოდის კვირეულის ორგანიზატორის, Camera Nazionale della Moda Italiana-ს გადაწყვეტილებით, ANOUKI მოხვდა რამოდენიმე ბრენდს შორის, რომლებიც 2017 წლის სეზონიდან შეუერთდებიან კვირეულს, როგორც მუდმივი წევრები. 27 თებერვალს, მილანში, ლეონარდო და ვინჩის მუზეუმში ANOUKI-მ მოდის შემქმნელებისა და მოდის ინდუსტრიის წარმომადგენელთა წინაშე ახალი, შემოდგომა/ზამთარი 2017-ის კოლექცია წარადგინა.
ANOUKI საქართველოში, კერძოდ კი თბილისში 2013 წლის ივლისში შეიქმნა, რომლის შემოქმედებითი დირექტორი, ანუკი არეშიძეა. მან მოდის დიზაინი იტალიაში, Istituto Marangoni and the Accademia del Lusso-ში შეისწავლა, რის შემდეგაც, საკმაოდ წარმატებული კარიერა, როგორც დიზაინერმა, საქართველოში გაიკეთა. ANOUKI-ს, როგორც ბრენდის მთავარი იდეა, თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომის მცდელობაა.
ბრენდი თავის მომხმარებლებს თანამედროვე, მოდურ ტანსაცმელსა და აქსესუარებს, განსაკუთრებული გზით სთავაზობს, ცდილობს ინდივიდუალურობაზე ხაზგასმას და უარს ამბობს მასობრივ პროდუქციაზე.
როგორც ანუკი არეშიძემ თავად აღნიშნა, მისი ახალი კოლექციის შთაგონებად, რომელიც 27 თებერვალს მილანის მოდის კვირეულზე წარადგინა, ქართული ანბანი იქცა.
თემები: ტრენდი, მოდის კვირეული, 2017 წლის ტენდენციები, ქართველი დიზაინერები, Georgian Designers, ქართული ბრენდი, მილანის მოდის კვირეული, ANOUKI
Trend.ge