ნატალი პორტმანი 44 წლის ასაკში მესამე შვილს ელოდება: „ეს ნამდვილი სასწაულია“
- 17.04.2026
ჰოლივუდის ვარსკვლავი ნატალი პორტმანი მესამე შვილის დედა გახდება. 44 წლის მსახიობმა სასიხარულო სიახლე ჟურნალ Harper's Bazaar-თან ინტერვიუში გაამხილა. ეს მისი პირველი საერთო შვილია პარტნიორთან, ფრანგ მუსიკოს ტანგი დესტაბლთან.
„მადლიერების განცდა მაქვს“
მსახიობი, რომელიც პარიზში სეირნობისას უკვე შესამჩნევი მუცლით დააფიქსირეს, ამბობს, რომ თავს იღბლიანად გრძნობს:
„მე და ტანგი ძალიან აღელვებულები ვართ. უზომოდ მადლიერი ვარ. ვიცი, რომ ეს დიდი პრივილეგია და ნამდვილი სასწაულია. ყოველთვის მესმოდა, თუ რამდენად რთულია დაორსულება. ბევრი ახლობელი მყავს, ვისაც ამ მხრივ დიდი სირთულეები ჰქონდა, ამიტომ ამ საკითხს დიდი პატივისცემით ვეკიდები. ეს ულამაზესი, ბედნიერი მოვლენაა, მაგრამ ამავდროულად - არც ისე მარტივი.“
ნატალი აღნიშნავს, რომ ასაკთან ერთად ორსულობას უფრო გააზრებულად და მშვიდად ხვდება. იგი ფიზიკურად თავს შესანიშნავად გრძნობს, აქტიურად ცურავს და დროს შვილებთან ერთად ატარებს.

ვინ არის მსახიობის ახალი რჩეული?
ნატალი პორტმანი და ტანგი დესტაბლი ერთმანეთს პირველად 2025 წლის მარტში დაუკავშირეს, როდესაც ისინი პარიზში რომანტიკული სეირნობისას შენიშნეს. ტანგი წარმოშობით ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთიდანაა. ის ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია და მუსიკალურ წრეებში კარგად არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ტანგი მანამდე 10 წლიან ურთიერთობაში იყო ფრანგ მსახიობ ლუიზ ბურგუანთან.

წარსული ურთიერთობა
შეგახსენებთ, რომ ნატალი პორტმანი მანამდე ქორეოგრაფ ბენჟამენ მილპიეზე იყო დაქორწინებული. წყვილმა 2012 წელს იქორწინა და მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ - ვაჟი ალეფი და ქალიშვილი ამალია. მათი დაშორების მიზეზად 2023 წელს მილპიეს მხრიდან ღალატი დასახელდა, რასაც 2024 წელს ოფიციალური განქორწინება მოჰყვა.

როგორც ჩანს, ოსკაროსანი მსახიობის ცხოვრებაში ახალი, ბედნიერი ეტაპი დაიწყო, რასაც ის დიდი სიფრთხილითა და მადლიერებით უფრთხილდება.
თემები: ქალები, ნატალი პორტმანი