ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა: სოციალური ქსელები სავსეა ახალ-ახალი მოდური ნივთებით, მაღაზიები ყოველ კვირა სხვადასხვა კოლექციას გვთავაზობენ, ჩვენ კი ვყიდულობთ და ვყიდულობთ. საბოლოოდ, კარადა გადატენილია, ჩასაცმელი კი მაინც არაფერია. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად სხვისი გემოვნებით ვყიდულობთ და არა იმას, რაც რეალურად გვიხდება.
ტრენდი თუ პერსონალური სტილი?
ტრენდი არის ის, რაც ახლაა პოპულარული და ხვალ შეიძლება აღარავის ახსოვდეს. სტილი კი თქვენი ხასიათია, რომელიც სამოსში გამოიხატება. როგორც კოკო შანელი ამბობდა: „მოდა გადის, სტილი რჩება“. მთავარია, არ დავივიწყოთ, რომ მოდა მხოლოდ ინსტრუმენტია და არა წესი, რომელსაც ბრმად უნდა დავემორჩილოთ.

სად ვუშვებთ შეცდომას?
ხშირად ნივთს მხოლოდ იმიტომ ვყიდულობთ, რომ ის სხვას აცვია ან რეკლამაში ლამაზად ჩანს. სინამდვილეში, სანამ რამეს შეიძენთ, დაფიქრდით თქვენს ყოველდღიურობაზე. თუ აქტიური ცხოვრება გაქვთ და ბევრს მოძრაობთ, ძალიან მაღალი ქუსლები ან ვიწრო ქვედაბოლოები, რაც არ უნდა მოდური იყოს, თქვენს კარადაში „მკვდარ ტვირთად“ დარჩება. სტილი სწორედ კომფორტისა და ვიზუალის ბალანსია.

როგორ ვიპოვოთ ჩვენი „ხაზი“?
პირველ რიგში, კარგად შეისწავლეთ თქვენი ფიგურა და ის ფერები, რომლებიც სახეს გინათებთ. მოდა ყველასთვის ერთნაირს გვთავაზობს, მაგრამ ჩვენ უნდა ამოვარჩიოთ ის, რაც კონკრეტულად ჩვენს სხეულს უხდება. ავიღოთ მონიკა ბელუჩის მაგალითი – ის წლებია ერთსა და იმავე ხაზს მიჰყვება, არ ცვლის თმის ფერს და სტილს ყოველ სეზონზე, ამიტომაცაა ყოველთვის ელეგანტური.

ბაზა ყველაფრის საფუძველია
იმის ნაცვლად, რომ ფული მხოლოდ სეზონურ ნივთებში დახარჯოთ, ააწყვეთ ე.წ. „ბაზა“. ეს არის რამდენიმე ხარისხიანი ნივთი (მაგალითად, კარგი პიჯაკი, კლასიკური შარვალი ან თეთრი პერანგი), რომლებიც ერთმანეთს იდეალურად ეხამება. ტრენდული დეტალები კი – იქნება ეს ჩანთა, საყურე თუ ფეხსაცმელი – ამ ბაზას გაახალისებს და უფრო თანამედროვეს გახდის.

გემოვნება არ ნიშნავს იმას, რომ სულ ბოლო კოლექციები გეცვას. გემოვნება ნიშნავს, იცოდე ვინ ხარ, რა გიხდება და არ შეგეშინდეს იმის, რომ მოდურ სიახლეებზე „არა“ თქვა.

საბოლოო ჯამში, ყველაზე მოდური სამოსი თავდაჯერებულობაა, რომელსაც სწორად შერჩეული ტანსაცმელი მხოლოდ ხაზს უსვამს.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია