LIFE

მესის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა მტკივნეული მარცხითა და ცრემლებით დასრულდა

მესის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა მტკივნეული მარცხითა და ცრემლებით დასრულდა

სულ რაღაც ოთხი დღის წინ არგენტინელი ფეხბურთელები სიხარულისგან ტიროდნენ, წუხელ კი, ნიუ-ჯერსიში, მოედანზე სასოწარკვეთილებისგან ცრემლებს ვერ იკავებდნენ.



არგენტინის ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან მტკივნეულად დასრულდა. დიდი ალბათობით, ეს 39 წლის ლიონელ მესის კარიერაში ბოლო მუნდიალი იყო. ფინალურ შეხვედრაში არგენტინა ესპანეთთან დამატებით დროში, 1:0 დამარცხდა.

თამაშის სტატისტიკა არგენტინისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. მათ მთელი მატჩის განმავლობაში კარისკენ მხოლოდ სამჯერ დაარტყეს და არცერთი დარტყმა არ ყოფილა ზუსტი. მეორე მხრივ, ესპანეთი ბევრად უფრო აქტიური იყო, მეტოქის კარს ოცჯერ შეუტანა და საბოლოოდ, 106-ე წუთზე, ფერან ტორესმა გამარჯვების გოლიც გაიტანა.

არგენტინელების მარცხს ბევრმა გულშემატკივარმა, განსაკუთრებით კი ინგლისელებმა, თანაგრძნობის გარეშე უყურა.



საქმე ისაა, რომ ნახევარფინალში ინგლისის დამარცხების შემდეგ, არგენტინელებმა მეტოქის წინააღმდეგ გამარჯვება არც თუ კორექტულად აღნიშნეს და პოლიტიკური შინაარსის დროშითაც იპოზიორეს, რის გამოც ფიფამ მათ წინააღმდეგ შესაძლოა საქმეც კი აღძრას.

გარდა ამისა, ბევრი მიიჩნევს, რომ მსაჯები არგენტინის მიმართ ზედმეტად ლოიალურები იყვნენ, თუნდაც მაშინ, როცა მანამდე ესპანელთა გოლი საეჭვო ჯარიმის გამო გააუქმეს.

საფინალო სასტვენის შემდეგ არგენტინელებმა ნერვები ვერ მოთოკეს და მოედანზე ჩხუბი ატყდა. ლეანდრო პარედესმა ესპანელ გავის სახეში ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო, არეულობაში კი ნაკრების მწვრთნელი, ლიონელ სკალონიც ჩაერია.

როცა პირველმა ბრაზმა გადაარა, მოედანი დიდმა სევდამ მოიცვა. ახალგაზრდა ჯულიანო სიმეონე გაზონზე დაემხო და ტიროდა, ნაუელ მოლინა კი სახეს მაისურით მალავდა.



თავად ლიონელ მესიმ ესპანელთა ვარსკვლავ ლამინ იამალს ხელი კი ჩამოართვა, მაგრამ ცრემლებს ვერ მალავდა.



ის ჯერ მოედანზე ჯდომისას ტიროდა, შემდეგ კი მაშინ, როცა ესპანელებს საჩემპიონო თასს გადასცემდნენ.

არგენტინას ჰქონდა შანსი, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშის კარიერა ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონობით დაეგვირგვინებინა. თუმცა, მათმა გადამეტებულად ფრთხილმა ტაქტიკამ არ გაამართლა და გუნდმა მოედანი თავჩაღუნულმა დატოვა.