SEX

„საძინებლის განქორწინება“: რატომ შეიძლება ცალკე საძინებლები ბედნიერი ოჯახური ცხოვრების გასაღები იყოს

„საძინებლის განქორწინება“: რატომ შეიძლება ცალკე საძინებლები ბედნიერი ოჯახური ცხოვრების გასაღები იყოს

ერთ საწოლში ძილი დიდი ხანია წყვილის სიახლოვისა და სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა. თუმცა, თანამედროვე წყვილების ნაწილი სულ უფრო ხშირად ირჩევს ღამით სხვადასხვა ოთახში დაძინებას.

„Sleep divorce“, ანუ პირობითად „ძილის განქორწინება“, სულაც არ ნიშნავს ურთიერთობის დასრულებას - ზოგჯერ ეს უბრალოდ გზაა, რომ ორივემ უკეთ დაისვენოს და ნაკლები გაღიზიანებით გაიღვიძოს.

რატომ ირჩევენ წყვილები ცალკე ძილს?

ჯანსაღი ძილი გავლენას ახდენს როგორც განწყობაზე, ისე სტრესის დონესა და ყოველდღიურ ურთიერთობებზე. როცა ადამიანს მუდმივად აკლია ძილი, იზრდება დაძაბულობა, გაღიზიანება და კონფლიქტის ალბათობაც.

ერთ საწოლში ძილი კი ყოველთვის ისეთი რომანტიკული არ არის, როგორც ფილმებში. ხვრინვა, უძილობა, ღამით ხშირი გაღვიძება, საბნის წართმევა, ხმაურიანი სუნთქვა ან განსხვავებული ძილის რეჟიმი შეიძლება პარტნიორისთვის სერიოზულ დისკომფორტად იქცეს.

კვლევების მიხედვით, ადამიანების 63% უკეთ იძინებს, როცა ოთახში მარტო იმყოფება. ამიტომ, თუ სხვადასხვა ოთახში ძილი ორივესთვის შეთანხმებული გადაწყვეტილებაა და რეალურ პრობლემას აგვარებს, მასში საგანგაშო არაფერია.

რას ამბობს ფსიქოლოგი?

ფსიქოლოგის შეფასებით, ცალკე ძილს საზოგადოებაში ხშირად ზედმეტად ნეგატიურად აღიქვამენ, რადგან არსებობს წარმოდგენა, თითქოს ნამდვილი სიყვარული აუცილებლად ერთ საბანში ჩახუტებულ ძილს ნიშნავს. სინამდვილეში, ემოციურად მოწიფული წყვილის ურთიერთობის ხარისხს მხოლოდ ის არ განსაზღვრავს, ღამეს ერთ საწოლში ატარებენ თუ ცალ-ცალკე.

ურთიერთობაში შეიძლება არსებობდეს ძლიერი ემოციური კავშირი, საერთო ღირებულებები და მიზნები და, ამავდროულად, ორივე ადამიანს ჰქონდეს განსხვავებული პირადი საჭიროებები - მათ შორის ძილისა და კომფორტის მხრივ.

ცალკე საძინებლები ახალი იდეა არც ისტორიულად ყოფილა. შეძლებული ოჯახების წევრები, მათ შორის სამეფო და არისტოკრატიული წრეების წარმომადგენლები, ხშირად სხვადასხვა საძინებელში იძინებდნენ. ერთ ოთახში ძილი უფრო ხშირად საცხოვრებელი სივრცის სიმცირით იყო განპირობებული.

დღეს კი ერთ საწოლში ძილი იმდენად რომანტიზებულია, რომ ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ მარტივი ფაქტი: ყველას განსხვავებული ბიორიტმი და ძილის ჩვევა აქვს. ერთს შესაძლოა საღამოს 9 საათზე უკვე ეძინებოდეს, მეორეს კი ღამის 12 საათამდე არ სურდეს დაძინება. ზოგს ჩახუტებულს სძინავს, ზოგს - საკუთარ მხარეს. ზოგიც ხვრინავს, მოძრაობს ან ხშირად იღვიძებს.

შედეგად, ის, რაც თეორიულად რომანტიკულ ჩახუტებად გამოიყურება, რეალურ ცხოვრებაში ზოგჯერ „ბრძოლად“ იქცევა ძილისა და საბნისთვის.

ფსიქოლოგის აზრით, როცა წყვილი აცნობიერებს, რომ ერთი საწოლი მათი ურთიერთობის ხარისხის საზომი არ არის და ცალკე ძილს ირჩევს, ორივემ შეიძლება უკეთ გამოიძინოს, დილით უფრო მშვიდად გაიღვიძოს და პარტნიორის მიმართ გაღიზიანებაც შეუმცირდეს.

ამიტომ, ერთ საწოლში ძილი აუცილებელი არ არის ბედნიერი ურთიერთობისთვის. მთავარი ის არის, რომ გადაწყვეტილება ორივესთვის მისაღები იყოს და ცალკე ძილი ერთმანეთის დასასჯელ იარაღად არ იქცეს.

მაგალითად, თუ კამათის შემდეგ ერთ-ერთი პარტნიორი მეორეს განზრახ აგდებს საერთო საწოლიდან დასასჯელად, ეს უკვე სხვა საკითხია და შესაძლოა ურთიერთობაში უფრო სერიოზული პრობლემების ნიშანი იყოს.