LIFE

როგორ გაიზარდნენ ვარსკვლავების შვილები: დევა კასელიდან ლილი-როუზ დეპამდე

როგორ გაიზარდნენ ვარსკვლავების შვილები: დევა კასელიდან ლილი-როუზ დეპამდე

ოდესღაც ცნობილი მშობლების პატარა შვილებს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს, დღეს კი ისინი დამოუკიდებელი ადამიანები არიან და საკუთარი კარიერითაც იპყრობენ ყურადღებას.

ამბობენ, სხვისი შვილები ისე სწრაფად იზრდებიან, ამას ვერც კი ამჩნევ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი ბავშვობა ცნობილი მშობლების გვერდით, კამერებისა და ყურადღების ცენტრში გადის. თითქოს სულ ცოტა ხნის წინ მათ ვარსკვლავ დედებთან და მამებთან ერთად ვხედავდით, დღეს კი უკვე საკუთარი ინტერესები, კარიერა და მიღწევები აქვთ.

დევა კასელიდან ლილი-როუზ დეპამდე - გავიხსენოთ ცნობილი ადამიანების შვილები, რომლებიც უკვე გაიზარდნენ და საკუთარი გზის არჩევა დაიწყეს.

დევა კასელი

ერთ დროს დევა კასელს დედასთან ხელჩაკიდებულს ვხედავდით, დღეს კი ის მონიკა ბელუჩისა და ვინსენტ კასელის შთამბეჭდავი მსგავსებაა. მშობლებისგან მიღებული დახვეწილი ნაკვთებით, გრძელი მუქი თმითა და გამორჩეული მზერით დევა ბუნებრივად აღმოჩნდა მოდის სამყაროში.

დევა ბავშვობიდან აკვირდებოდა დედის კარიერას და თავადაც მოდელობა აირჩია. 14 წლის ასაკში მან Dolce & Gabbana-სთან დაიწყო თანამშრომლობა. მოგვიანებით მონაწილეობდა ბრენდის სარეკლამო კამპანიასა და მილანის ჩვენებაში, ასევე არაერთი ცნობილი ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა.

ვალენტინა პალომა პინო

სალმა ჰაიეკისა და ფრანგი მილიარდერის, ფრანსუა-ანრი პინოს ქალიშვილი ბავშვობიდანვე ყურადღების ცენტრში იყო. ვალენტინას 7 წლის ასაკში 12 მილიონ დოლარზე მეტი ქონება ჰქონდა.

დღეს ის დედასთან ერთად ხშირად ჩნდება ღონისძიებებსა და წითელ ხალიჩაზე, ზაფხულობით კი ძვირადღირებულ კურორტებზე ისვენებს. ვალენტინა სამ ენაზე თავისუფლად საუბრობს.

სური კრუზი

ქეითი ჰოლმსისა და ტომ კრუზის ქალიშვილი პირად ცხოვრებას მაქსიმალურად გაურბის. ამაში მას დედაც ეხმარება და ცდილობს, სური მედიის ზედმეტი ყურადღებისგან დაიცვას.

ბავშვობაში სური განსაკუთრებული სტილითა და შთამბეჭდავი გარდერობით გამოირჩეოდა. მან კერძო სკოლა დაამთავრა და სხვადასხვა სფეროთი ინტერესდება - ტანვარჯიშით, ჩოგბურთით, მოდითა და დიზაინით.

თუმცა პროფესიული მომავლის დაკავშირება ყველაზე მეტად კინოსთან სურს. ის მსახიობობას არ აპირებს - უფრო მეტად კამერის მიღმა მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

ლილი-როუზ დეპი

ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილი დღეს უკვე 26 წლისაა და საკუთარი სახელის დამკვიდრებაც შეძლო როგორც მოდის, ისე კინოს სამყაროში.

ლილი-როუზი არაერთი ცნობილი მოდის სახლის კამპანიასა და ჩვენებაში მონაწილეობს. მისი კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იყო სერიალი „აიდოლი“, სადაც მან მთავარი როლი შეასრულა.

ლურდეს ლეონი

მადონას ქალიშვილი დედას გარეგნოითაც და ხასიათსაც ძალიან ჰგავს - თამამი, ამბიციური და საკუთარი პოზიციის ღიად გამომხატველია.

მადონა ლურდესს მოდის სამყაროს ბავშვობიდან აცნობდა. ისინი ერთად ახალგაზრდული ტანსაცმლის ხაზის შექმნაზეც მუშაობდნენ. 2017 წელს ლურდესი Stella McCartney-ს სუნამოს Pop სახე გახდა, მოგვიანებით კი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე Gypsy Sport-ის ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა.

მადონას ქალიშვილი საკუთარ თავს ასევე ბოდიპოზიტივის მხარდამჭერ აქტივისტად მიიჩნევს და ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში კრიტიკა არ აშინებს - მისი აზრით, ნებისმიერი სხეული ლამაზია.