LIFE

როცა ჰობი ცხოვრებას ცვლის - 10 ფილმი ადამიანებზე, რომლებმაც საყვარელი საქმე ცხოვრების ნაწილად აქციეს

როცა ჰობი ცხოვრებას ცვლის - 10 ფილმი ადამიანებზე, რომლებმაც საყვარელი საქმე ცხოვრების ნაწილად აქციეს

ზოგჯერ ადამიანს ბედნიერებისთვის დიდი ცვლილებები სულაც არ სჭირდება - საკმარისია საქმე იპოვოს, რომელიც მართლა უყვარს. ჰობი შეიძლება უბრალოდ თავისუფალი დროის სასიამოვნო გართობა იყოს, თუმცა ზოგჯერ ის ბევრად მეტს აკეთებს: გვეხმარება საკუთარი თავის პოვნაში, რთული პერიოდების გადალახვაში და საბოლოოდ შეიძლება ცხოვრების მიმართულებაც კი შეგვიცვალოს.

თუ ფილმები გიყვართ, რომლებშიც პერსონაჟები საყვარელი საქმის წყალობით ახალ მიზანს პოულობენ, ეს 10 ფილმი ნამდვილად დაგაინტერესებთ.

1. „დიდი წელი“ (The Big Year, 2011)


დევიდ ფრენკელის ფილმი სამი სრულიად განსხვავებული მამაკაცის ისტორიას გვიყვება. მათი საერთო ინტერესი ფრინველებზე დაკვირვებაა - ჰობი, რომელიც მათთვის ნელ-ნელა ნამდვილ შეჯიბრებად იქცევა.

ბრედს სამსახური სძულს და სურს, მამამ მისი გატაცება სერიოზულად აღიქვას. სტიუ ხანდაზმული კომპანიის ხელმძღვანელია, რომელიც ცდილობს კონკურენცია საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების გამოყენების გარეშე გაუწიოს. კენი კი მოქმედი ჩემპიონია, რომელსაც გამარჯვებისთვის პირადი ურთიერთობების დათმობაც კი შეუძლია.

სამივე მთელი წლის განმავლობაში იშვიათი ფრინველების ძებნაში მოგზაურობს და ერთმანეთის დამარცხებას ცდილობს.

სტივ მარტინის, ჯეკ ბლეკისა და ოუენ უილსონის მონაწილეობით გადაღებული თბილი კომედია რეალური ამბით არის შთაგონებული.

2. „ტოსტი“ (Toast, 2010)



ნაიჯელს ბავშვობიდან იტაცებს კულინარია, თუმცა დედამისის საფირმო კერძი მხოლოდ ტოსტია. დედის გარდაცვალების შემდეგ ოჯახში ყველაფერი იცვლება - განსაკუთრებით მაშინ, როცა მამამისი ხელმეორედ ქორწინდება.

ნაიჯელის დედინაცვალი შესანიშნავად ამზადებს, მაგრამ ბიჭთან საერთო ენის გამონახვა უჭირს. მამის ყურადღებისთვის ბრძოლა კი სამზარეულოში ნამდვილ შეჯიბრებად იქცევა.

ნაიჯელი კულინარიის გაკვეთილებზე იწყებს სიარულს და ცდილობს, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად განავითაროს. ფილმი ცნობილი ბრიტანელი კულინარისა და მწერლის, ნაიჯელ სლეიტერის ბიოგრაფიაზეა დაფუძნებული.

3. ბებიები“ (Nonnas, 2025)

ბრუკლინელი ჯო სკარაველა დედის გარდაცვალების შემდეგ უჩვეულო იდეით არის შეპყრობილი - სტეიტენ აილენდზე იტალიური რესტორნის გახსნა სურს, სადაც სამზარეულოს პროფესიონალი შეფების ნაცვლად იტალიიდან ჩამოსული ხანდაზმული ქალები იმუშავებენ.

ოჯახი და მეგობრები მის გადარწმუნებას ცდილობენ, თუმცა ჯო გადაწყვეტილებას არ ცვლის. ის ყოველდღე ბორანით მიემგზავრება სტეიტენ აილენდზე, ეძებს თანამშრომლებს და ცდილობს, იდეა რეალობად აქციოს.

მის განცხადებას საბოლოოდ სამი იტალიელი ქალი გამოეხმაურება. ისინი მენიუს გამო გამუდმებით კამათობენ, თუმცა რესტორნის დატოვებას არც ერთი არ აპირებს.

ფილმში ვინს ვონი და სიუზან სარანდონი მონაწილეობენ, ისტორია კი რეალურ მოვლენებს ეფუძნება.

4. „ედი - არწივი“ (Eddie the Eagle, 2016)



ედი ედვარდსს ერთი დიდი ოცნება აქვს - ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. პრობლემა ის არის, რომ პროფესიონალი სპორტსმენი საერთოდ არ არის.

ის ბრიტანეთის ნაკრებში ისეთ სპორტის სახეობას ეძებს, სადაც კონკურენცია შედარებით მცირეა და საბოლოოდ ტრამპლინიდან ხტომას ირჩევს.

ედი მივიწყებულ, ალკოჰოლზე დამოკიდებულ მწვრთნელს პოულობს და ვარჯიშს იწყებს.

შედეგად ვიღებთ უცნაურ, სასაცილო და ამავდროულად შთამაგონებელ ისტორიას ადამიანზე, რომელიც საკუთარი ოცნების ასასრულებლად დანებებას არ აპირებს. ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. მთავარ როლებში არიან ტარონ ეგერტონი და ჰიუ ჯეკმანი.

5. „ბილი ელიოტი“ (Billy Elliot, 2000)



11 წლის ბილის კრივზე სიარული უწევს, თუმცა მალე აღმოაჩენს, რომ მისი ნამდვილი გატაცება ბალეტია. ოჯახისთვის ეს არჩევანი თავიდან რთულად მისაღებია, მაგრამ ბიჭი ნელ-ნელა ხვდება, რომ სწორედ ცეკვა არის ის საქმე, რომელშიც საკუთარ თავს ნამდვილად პოულობს.

ფილმი ოცნებაზე, საკუთარი გზის არჩევასა და იმაზეა, რამდენად მნიშვნელოვანია არ მიატოვო ის, რაც ნამდვილად გიყვარს.

6. „მილიონერის თევზაობა“ (Fishing for a Millionaire, 2025)



კაილი ბაბუასთან ერთად სათევზაოდ მიდის. მისთვის თევზაობა უბრალოდ ჰობი არ არის - ეს თაობებს შორის კავშირის, ოჯახური ისტორიისა და მამაკაცური მეგობრობის სიმბოლოა.

მოგზაურობისას ბიჭი ბაბუის ცხოვრების ისტორიას იგებს - თავგადასავლებით, წარმატებებითა და რთული პერიოდებით სავსე წარსულს.

ფილმის ცენტრში ცენტრალურ ამერიკაში თევზაობის ისტორიაა, ხოლო მაიკლ დუგლასი ბაბუის როლს ასრულებს.

7. „დიდი აუზი“ (Le Grand Bain, 2018)



ბერტრანი ოჯახის თვალში წარუმატებელი ადამიანია. მეუღლის შვილიც კი მას ღიად ეუბნება, რომ სძულს.

საკუთარი პრობლემებისგან თავის დასაღწევად ბერტრანი მამაკაცების სინქრონული ცურვის სამოყვარულო ჯგუფში ერთვება. იქ კი ისეთივე აუტსაიდერებს ხვდება, როგორიც თავადაა.

ჯგუფის წევრებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცხოვრება აქვთ, თუმცა ერთი რამ აერთიანებთ - მათ სურთ, ერთად ივარჯიშონ და ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღონ.

ეს არის ფილმი ადამიანებზე, რომლებმაც შეიძლება ცხოვრებაში ბევრი რამ ვერ მიიღეს, მაგრამ საბოლოოდ ერთმანეთის გვერდით ყოფნით ახალი მიზანი იპოვეს.

8. „ხუთშაბათის მკვლელობის კლუბი“ (The Thursday Murder Club, 2025)



რა უნდა გააკეთონ შეძლებულმა პენსიონერებმა, როცა ბევრი თავისუფალი დრო აქვთ? ამ ფილმის გმირებს პასუხი აქვთ - შექმნან მკვლელობების გამოძიების კლუბი.

იბრაჰიმი ფსიქიატრია, ელიზაბეთი სპეცსამსახურებში მუშაობდა, რონი კი ახალგაზრდობაში პროფკავშირის ლიდერი იყო. ისინი წარსულის რეალურ სისხლის სამართლის საქმეებს იკვლევენ.

მაგრამ მალე მათ გვერდით ნამდვილი მკვლელობა ხდება და მოყვარული დეტექტივები პირველად იღებენ შესაძლებლობას, რეალური დანაშაული გახსნან.

კრის კოლამბუსის ფილმში ჰელენ მირენი, პირს ბროსნანი და ბენ კინგსლი მონაწილეობენ.

9. In Love, All's Fair in Mahjong, 2026



რონისთვის ცხოვრება რთულ ეტაპზეა: ქალიშვილი კოლეჯში მიდის, ყოფილი ქმარი სახლის გაყიდვას აპირებს, სამსახურში კი მისი დატვირთვა შემცირდა.

თუმცა მას ერთი რამ აქვს, რაც ყოველდღიურ პრობლემებზე ყურადღების გადატანაში ეხმარება - მაჯონგი.

რონი გადაწყვეტს, საკუთარი ჰობი პატარა შემოსავლის წყაროდ აქციოს და მაჯონგის გაკვეთილების ორგანიზებას იწყებს. სწორედ ეს ახალი საქმიანობა აძლევს შესაძლებლობას, ახალი ადამიანები გაიცნოს - მათ შორის მშენებელი ბენი.

ფილმი იმაზეა, როგორ შეიძლება საყვარელი საქმე რთულ პერიოდში ცხოვრების თავიდან აწყობის დასაწყისად იქცეს.

10. „დიდებული მარტი“ (Marty Supreme, 2025)



მარტი მაუზერი ფეხსაცმლის მაღაზიაში მუშაობს, მაგრამ მისი ნამდვილი გატაცება მაგიდის ჩოგბურთია. იმდენად, რომ შეჯიბრებისთვის მზადებისას მზად არის, საკუთარი ცხოვრების თითქმის ყველა სხვა სფერო გვერდზე გადადოს.

მას მიზანი აქვს და არაფრის დანახვა არ სურს ამ მიზნის გარდა. ზოგჯერ ეს მას საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭებამდე, პრობლემებსა და სარისკო გადაწყვეტილებებამდე მიჰყავს.

ტიმოთი შალამეს მონაწილეობით გადაღებული ორსაათნახევრიანი ფილმი ერთდროულად გიტაცებთ და გაღიზიანებთ - მაგრამ აუცილებლად დაგიტოვებთ საფიქრალს.

ზოგჯერ ჰობი უბრალოდ ჰობი არ არის. ის შეიძლება გახდეს საქმე, რომელიც რთულ დროს გადაგვატანინებს, ახალი ადამიანები გვაპოვნინებს ან საერთოდ გვაჩვენებს, რა გვინდა ცხოვრებისგან.