LIFE

თანამედროვე ურთიერთობების უხილავი ტკივილი - რატომ გვიჭირს ადამიანების ნდობა?

თანამედროვე ურთიერთობების უხილავი ტკივილი - რატომ გვიჭირს ადამიანების ნდობა?

ურთიერთობა, რომელსაც სახელი არ აქვს, შეტყობინება, რომელსაც პასუხი აღარ მოჰყვა, და ადამიანი, რომელიც თანდათან უჩინარდება ისე, რომ არაფერს ხსნის - ეს ყველაფერი თანამედროვე გაცნობის კულტურის ნაწილია.

ერთი შეხედვით, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ ასეთი გამოცდილება ზოგჯერ ადამიანს იმდენად სტკენს გულს, რომ მომავალში სხვების ნდობა უჭირს.

ფსიქოლოგები ამ მოვლენას ე.წ. მიკროტრავმებს უკავშირებს - მცირე, მაგრამ განმეორებად ემოციურ ტკივილს, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება.

ურთიერთობა, რომელსაც სახელი არ აქვს

ყველაფერი შეიძლება სასიამოვნო გაცნობით დაიწყოს. ორი ადამიანი ერთად ატარებს დროს, ერთმანეთს პირად ამბებს უზიარებს, ხვდება, თუმცა არ საუბრობს იმაზე, თუ რა ურთიერთობა აკავშირებს.

ამ დროს შეიძლება იყოს ემოციური და ფიზიკური სიახლოვე, მაგრამ არ არსებობდეს მკაფიო შეთანხმება, ვალდებულებები ან საერთო სამომავლო გეგმები.

პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ერთ ადამიანს უფრო სერიოზული ურთიერთობა სურს, მეორე კი გაურკვევლობას არაფერს უპირისპირებს. შედეგად, ერთი მუდმივად ფიქრობს: „მართლა ვხვდებით ერთმანეთს თუ უბრალოდ დროს ვატარებთ?“ ან „დაკავებულია თუ აღარ ვაინტერესებ?“

როდესაც ყურადღება ხან არის, ხან კი სრულიად ქრება, ადამიანი მოლოდინსა და იმედგაცრუებას შორის რჩება. ყოველი ახალი შეტყობინება სიხარულს იწვევს, დუმილი კი - შფოთვას.

როდესაც ადამიანი ნელ-ნელა ქრება

ზოგჯერ ურთიერთობა პირდაპირი საუბრით არ სრულდება. ადამიანი თანდათან ნაკლებად გწერთ, შეხვედრებს გადადებს, ინიციატივას აღარ იჩენს და დისტანციას ზრდის. ამ პროცესს „სლოუ-ფეიდს“ უწოდებენ.

ყველაზე რთული ისაა, რომ გაურკვევლობაში დარჩენილი ადამიანი მიზეზების ძებნას იწყებს: იქნებ რაღაც არასწორად ვთქვი? იქნებ აღარ მოვწონვარ? იქნებ კიდევ მომწერს?

როდესაც ურთიერთობა მკაფიოდ არ სრულდება, ადამიანს უჭირს იმის მიღება, რომ ყველაფერი დასრულდა. პასუხების ნაცვლად კი ეჭვები და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა რჩება.

კიდევ უფრო მტკივნეული შეიძლება იყოს როდესაც ადამიანი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წყვეტს ურთიერთობას და აღარ გპასუხობთ. ასეთ დროს მხოლოდ თავად ადამიანის დაკარგვა კი არ გტკივათ, არამედ ისიც, რომ ვერ გაიგეთ, რატომ წავიდა.

რატომ მოქმედებს ეს ყველაფერი ჩვენზე?

თითოეული ასეთი შემთხვევა შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ განმეორებითმა იმედგაცრუებამ შესაძლოა ადამიანების მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს.

ფსიქოლოგის განმარტებით, ამას რამდენიმე გამოვლინება აქვს:

  • შეტყობინებების მუდმივი შემოწმება - ადამიანი ხშირად ამოწმებს ტელეფონს, კითხულობს ძველ მიმოწერას და ცდილობს, პასუხის დაგვიანებაში რაიმე მინიშნება დაინახოს.

  • ურთიერთობისგან თავის არიდება - იმის შიშით, რომ კვლავ მიატოვებენ, ადამიანი თავად წყვეტს ურთიერთობას მანამდე, სანამ მეორე მხარე ამას გააკეთებს.

  • მოთხოვნების შემცირება - შესაძლოა, ადამიანს ისეთი დაბალი მოლოდინები ჩამოუყალიბდეს, რომ უბრალო პასუხიც კი განსაკუთრებულ ყურადღებად მიიჩნიოს.

  • შფოთვა და ფიზიკური დისკომფორტი - მუდმივმა გაურკვევლობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ძილზე, განწყობასა და თვითშეფასებაზე. ზოგჯერ თავს იჩენს თავის ტკივილი ან საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემებიც.

ასეთი გამოცდილების შემდეგ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ ახლო ურთიერთობა ყოველთვის ტკივილის რისკს უკავშირდება და ნამდვილი, სტაბილური კავშირის დამყარება რთულია.

როგორ დავიცვათ თავი ემოციური ტკივილისგან?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, საკუთარ გრძნობებს მნიშვნელობა არ დავუკარგოთ. ის, რომ ურთიერთობას ოფიციალური სტატუსი არ ჰქონია, არ ნიშნავს, რომ განცდები არ იყო ნამდვილი. იმედგაცრუება და სევდა ბუნებრივი რეაქციებია.

თუ გაურკვევლობა გაწუხებთ, უმჯობესია, პარტნიორს პირდაპირ ჰკითხოთ, როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობას და სურს თუ არა მისი გაგრძელება. პასუხი შესაძლოა მტკივნეული იყოს, მაგრამ სიცხადე დაგეხმარებათ, გადაწყვეტილება მიიღოთ და უსასრულო მოლოდინში აღარ დარჩეთ.

თუ ადამიანი ახსნის გარეშე წავიდა, ყოველთვის ვერ მიიღებთ პასუხს კითხვაზე, რატომ მოიქცა ასე. ასეთ დროს მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სხვისი დუმილი თქვენს ღირებულებას არ განსაზღვრავს.

და ბოლოს, თუ გაცნობის აპლიკაციები და მუდმივი ახალი ურთიერთობების ძიება ემოციურად გღლით, შესვენების აღება სრულიად ნორმალურია. არ ხართ ვალდებული, ყოველთვის ვინმეს ეძებდეთ ან ახალი ურთიერთობისთვის მზად იყოთ.

ზოგჯერ საკუთარ თავთან დაბრუნება და ემოციური ძალების აღდგენა საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ მომავალში ადამიანებს კვლავ ნდობით შეხედოთ.